მთელი ქვეყნის მასშტაბით ტექდათვალიერების ცენტრებთან უზარმაზარი რიგებია. რეფორმა რომ ცუდად იყო მომზადებული, ეს თავიდანვე ჩანდა, მაგრამ თუ ასეთი გაუსაძლისი ვითარება შეიქმნებოდა, ძნელად თუ ვინმეს წარმოედგინა.
შესამოწმებელი მანქანების რაოდენობა, თითქმის, 5-ჯერ მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში მძღოლები „ჭკვიანი კამერების“ საშუალებითაც დაჯარიმდებიან.
ტექდათვალიერების ცენტერბთან რიგები გასაკვირი არ არის თბილისში, რადგან ავტოპარკის უდიდესი ნაწილი იქ არის თავმოყრილი, მაგრამ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა რეგიონებში. ხალხს ღამეების გათენებაც კი უწევთ, რომ შესაბამისი მომსახურება მიიღონ.
მაგალითად, ზუგდიდში შპს „ავტოსერვისთან“ ასობით მანქანის რიგი დგას. მძღოლებს, რომლებიც მანქანის ტექდათვალიერებას გადიან, რიგში დგომა რამდენიმე დღე უწევთ, ისინი გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.
მოქალაქეების თქმით, 180 000 მოსახლეზე ერთი პუნქტი არასაკმარისია.
საქართველოში პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შსს-ის მომსახურების სააგენტოებთან ასობით მანქანის რიგი დგას. ამ დროს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დროისთვის ტექნიკური ინსპექტირების 26 ცენტრი ფუნქციობს.
იგივე ვითარებაა სხვაგანაც. ახალციხეში მოქალაქე ლევან თარხნიშვილი ავტომობილის სავალდებულო ტექდათვალიერების გასავლელად ადიგენიდან 16 იანვარს ჩავიდა და სამი დღეა ელოდებოდა თავის რიგს. ასეთივე დღეში არიან ახალქალაქსა და ნინოწმინდიდან ჩამოსული მძღოლებიც: „ახალქალაქიდან ჩამოვედით, უკან წასვლას აზრი არ აქვს, ცოცხალი რიგია, სხვა გზა არ გვაქვს, ამიტომ ველოდებით“, - ამბობენ ისინი.
სამცხე–ჯავახეთში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის დირექტორი ნუგზარ აღდგომელაძე ამბობს, რომ ცენტრი მთელი დატვირთვით 09:00–დან 19:00 საათამდე მუშაობს, მაგრამ ექვს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ეს ერთი ცენტრია, მძღოლებს რიგში დგომა უწევთ.
„კამერები დილით ავტომატურად ირთვება და 19:00 საათზე ითიშება. ამის შემდეგ, მუშაობის გაგრძელების უფლება არ გვაქვს. ერთი მანქანის შემოწმებას 10–15 წუთი სჭირდება. დღეში დაახლოებით 60 მანქანის შემოწმება ხდება. ამბობენ, აპრილიდან მსგავსი ცენტრი ახალქალაქში გაიხსნებაო, ამის შემდეგ ასეთი რიგები აღარ იქნება“, – განმარტავს ნუგზარ აღდგომელაძე.
კიდევ ერთი მიზეზი, რაც ტექდათვალიერების ცენტრებთან რიგს ქმნის ისაა, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 22 დღის წინ ამოქმედდა, ზედმეტად მკაცრია. შესაბამისად, ყოველი მეორე მანქანა ხარვეზდება და ისინი მალევე ხელახლა აკითხავენ ცენტრებს. დახარვეზების მიზეზი ხშირად ისეთი დაზიანებაა, რომელიც გავლენას არ ახდენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. საქარე მინაზე არსებული 5 მილიმეტრის ზომის ერთი ან რამდენიმე მცირე დაზიანება ავტომობილის დახარვეზების მიზეზი აღარ გახდება. ამასთან, ინსპექტირების ცენტრებში ავტომობილები ტექდათვალიერების წარმატებით გავლას გვერდითი მინების დამუქების შემთხვევაშიც შეძლებენ. ინსპექტირების დროს ყურადღება აღარც ავტომანქანის შეფერილობაზე გამახვილდება.
ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილის თქმით, ცვლილებებს ჯერ მხოლოდ პროექტის სახე აქვს და ის მთავრობის სხდომაზე დადებითი შეფასების შემთხვევაში ამოქმედდება.