მთავრობა იძულებული გახდა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვა დაეწესებინა

მთავრობა იძულებული გახდა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვა დაეწესებინა

ქვეყნიდან საქონლის გაყვანა ნაწილობრივ შეიზღუდა. რამდენადაც ბოლო პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა საგანგაშო ხასიათი მიიღო, მთავრობა იძულებული გახდა შეზღუდვა დაეწესებინა. ბაზარზე უკვე ხორცის დეფიციტია, ხოლო ფასი მუდმივად მაღლა მიცოცავს.

მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან არანაკლებ 140 კილოგრამი ცოცხალი მასის მქონე მსქვილფეხა რქოსანი პირუტყვის (მოზარდის) ექსპორტი აიკრძალა. ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ბოლო წლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყანაში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა მცირდება, მათ შორის ფურების რაოდენობაც. იკლებს რძის წარმოებაც.

სამაგიეროდ, ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტმა, შეინიშნება მოზარდი ცხოველების (სამი თვემდე ასაკის ხბოების) მასობრივი გაყვანა და რაც ყველაზე საგანგაშოა, ექსპორტზე გადის საჯიშე ფურებიც.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილ აცხადებს, აკრძალვის მიზანი ისაა, რომ ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლის ზრდის შედეგად, მეტი დამატებული ღირებულება შეიქმნას. მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ ბოლო წლებში პირუტყვის ექსპორტზე გაყვანა გააქტიურდა, თუმცა ქვეყნიდან ძირითადად 70-80 კილოგრამის წონის საქონელი გადიოდა.

„მთლიანი დამატებული ღირებულება, რაც უნდა მოიტანოს საქონლის გაზრდამ, მიდიოდა სხვა ქვეყნებში. ამიტომ, იმისთვის რომ ფერმერებმა და საქართველოს ეკონომიკამ ისარგებლოს, დადგინდა ის ზღვრული წონა, რომელიც საშუალებას იძლევა აქ გაიზარდოს საქონელი. ეს ის ოპტიმალური ზღვარია, რომელიც იცავს, როგორც მწარმოებლის, ისე ექსპორტიორის ინტერესს, მაგრამ გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიც, რათა მეტი დამატებული ღირებულება დარჩეს ჩვენს ეკონომიკაში“, - განუცხადა „ბიემს“ ხანიშვილმა.

პირუტყვის ექსპორტის ზრდა უდავოდ დადებითი მოვლენაა, მაგრამ ის წამგებიანი არ უნდა იყოს ქვეყნისთვის. „არსებული ვითარება, ჩვენთვის წამგებიანი იყო, იმპორტიორი ქვეყნებისთვის კი, მომგებიანი“, - დასძინა ხანიშვილმა.

ადგილობრივ ბაზარზე ვითარება მართლაც საგანგაშოა. სახორცე ჯიშის პირუტყვის ნაკლებობა უკვე მწვავე დეფიციტად გადაიქცა. ამან ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 1 კგ საქონლის ხორცი 15-18 ლარი ღირს, რაც ბოლო წლების პიკური მაჩვენებელია. ხალხს დასაკლავი პირუტყვი აღარ შერჩა და ბაზარზე ახალი ხორცის დეფიციტი გაჩნდა. ასე თუ გაგრძელდა, მალე ხორცის ფასი კიდევ გაიზრდება და ისედაც ხელმოკლე მომხმარებელი მის ყიდვას საერთოდ ვეღარ მოახერხებს.

ამიტომ ფერმერი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე დაწესებული წონის ზღვარი 140-დან 200 კილოგრამამდე მაინც უნდა გაიზარდოს, რადგან მოქმედი აკრძალვა უშედეგო იქნება.

„140-კილოგრამიან ზღვარს ეფექტი არ ექნება. აკრძალვების მომხრე არ ვარ, მაგრამ ქვეყნის ინტერესებს დღეს ასე სჭირდება. მე ხორცის მწარმოებელი ვარ, რაც უფრო ძვირი ეღირება ხორცი, ჩემთვის უკეთესია, მაგრამ ვიცი, რომ დარგი მალე ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება, ხვალ ეს ქვეყანას პრობლემად იქცევა. ხორცის ფასი აიწევს“, - განაცხადა გონაშვილმა.

ფასი ახლაც მომატებულია, რაც იმან განაპირობა, რომ მოთხოვნა არის, მაგრამ არაა მიწოდება.

„წელიწადში 100 ათასამდე სული ცოცხალი პირუტყვი გადის, ძირითადად ერაყის მიმართულებით. იქ ჩაჰყავთ პატარა წონის საქონელი, ადგილზე ასუქებენ და კლავენ. მოთხოვნა სწორედ პატარა წონის საქონელზეა, ასე დიდი მოგებას ნახულობენ“, - განაცხადა გონაშვილმა და დასძინა, რომ არც ერთი ევროპული ქვეყნიდან პატარა წონის საქონლის გატანა არ ხდება.

Levani Wonis zgvari ratqma unda gasazrdelia magram meore mxriv iqneb mtavrobam izrunos permebis gaketebaze(tundac koleqtivi daarqvan isev) da parnikebis momravlebaze(somxebi da turqebi ratom unda gvachmevdnen stapilos da sxva bostneuls)
5 წლის უკან