"გაერთანებული ოპოზიცია გრძნობს, რომ ინიციატივას კარგავს და როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ახალ ვირტუალურ მოძრაობას ქმნის ნაციონალურ მოძრაობა 3-ს" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მიხეილ სააკაშვილის მიერ 10 თებერვალს, ბელგიაში საქართველოში ემიგრანტებთან ერთად დაბრუნების კონკრეტული თარიღის დაანონსებას.
"სააკაშვილი ემიგრანტებთან ერთად ჩამოვიდეს და პოლიტიკური სიტუაცია შეცვალოს, არასერიოზული და გადაჭარბებელია, რადგან თანამედროვე ქართული ემიგრაციის დღის წესრიგში ნამდვილად არ არის გამოჰყვეს სააკაშვილს და საქართველოში რევოლუცია მოახდინოს. სააკაშვილი ცდილობს იაფასიანი შოუები მოწყოს, როგორც მოაწყო უკრაინაში, რომელიც არ გამოუვიდა. საქართველოში კი მხარდაჭერას თავისი პარტიიდანაც ვერ მიიღებს, რადგან მათ თავისი დღის წესრიგი აქვთ და სააკაშვილს თავისი, ანუ სახეზეა დაპირისპირება მასთან და როგორც ჩანს სააკაშვილი ახალ ვირტუალურ მოძარაობას ქმნის "ნაციონალურ მოძრაობა 3".
"რეზონანსი": გაერთიანებული ოპოზიციის დღის წესრიგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია და ამ მოთხოვნით იწყებს ბრძოლას.
ვახტანგ მაისაია: გაერთიანებულ ოპოზიციას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სერიოზული კრიზისის წინაშე დგას, სააკაშვილის კრეატიული იდეებიც მოაკლდათ და "ნაციონალური მოძრაობა" მარტივმა მრავლებად იშლება. მათი მხრიდან ეს განცხადებები მორიგი პიარია. ინიციატივა სულ რომ არ დაკარგონ, ამიტომ წამოაყენეს ვადამდელი საპალამენტო არჩევნების თემა. ანუ სააკაშვილი თავისას უბერავს, ემიგრანტებთან ერთად ბრუნდება რევოლუციის მოსაწყობად, გაერთიანული ოპოზიცია თავისას, ვადამდელი არჩევნებისთვის იბრძვის. რამდენად გამოუვა ერთს ან მეორეს თავისი ჩანაფიქრი ეს სხვა თემაა.
"რ": ორ დღეში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. მართალია "ოცნებაში" აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ, მაგრამ ექსპერტთა ვარაუდით, ივანიშვილი პარტიაში ცვლილებებს იწყებს...
ვ.მ: ამ პროცესების პროგნოზირება რთულია, მაგრამ შიდა პროცესების გაანალიზება ალბათ მაინც მოხდება, რადგან თვალნათლივ ვიხილეთ პარლამენტში შიდაფრაქციული დაპირისპირება. სავარაუდოდ ივანიშვილი შეეცდება შიდაფრაქციული ბრძოლა დაასრულოს, პარტიას კი ახალი დღის წესრგი შესთავაზოს, რომელიც ახალი პრინციპების შემოღებას გულისხმობს. არ არის გამორიცხული, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა 2020 წლისთვის მზადებას იწყებს.
"რ": ანუ ამ შეხვედრაზე, ფიქრობთ, დასრულდება შიდაფრაქციული ბრძოლა? რის ხარჯზე ბესელიას პარტიიდან გარიცხვის თუ მისი პარტიის დატოვებით?
ვ.მ: არა მგონია, რომ ბესელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი დადგეს, ამის მომხრე თავად მოწინააღმდეგე მხარეც არ იქნება, რადგან იციან, რომ ბესელიას და მისი გუნდის წასვლა სერიოზულად დააზიანებს "ოცნებას". არ ვფიქრობ, რომ რაიმე რადიკალური ნაბიჯების გადაგმას აპირებს თავად ბესელია.
"რ": სამთავრობო ცვლილებებზე თუ იქნება საუბარი?
ვ.მ: შეიძლება ერთ-ერთი საკითხი სამთავრობო ცვლილებებიც იყოს. მე ამ ცვლილებებს ნამდვილად ველი, რადგან მთავრობის კაბინეტის მუშაობა არაეფექტურია და მინისტრების დიდი რაოდენობა შესაცვლელი. არ არის გამორიცხული რომ საუბარი იყოს პრემიერის შეცვლაზეც.