ტექნიკური ხარვეზები ოპერატიულ მასალაში და საერთაშორისო სკანდალი

ტექნიკური ხარვეზები ოპერატიულ მასალაში და საერთაშორისო სკანდალი

ქართული საზოგადოება მიეჩვია, რომ როდესაც ხელისუფლებას მძიმე დღეები უდგას, იგი ფარული სატელეფონო და ვიდეო-ჩანაწერების გამოქვეყნებას იწყებს. ხელისუფლების პირველი „შემოქმედება“ 2007 წლის ნომებრის მოვლენების შემდეგ ვიხილეთ, როდესაც რბილ სავარძელში მოკალათებული მაშინდელი გენპროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია ოპოზიციის წარმომადგენლებზე საუბრობდა და რამდენიმესერიანი ფილმი მიეძღვნა იმას, რომ თითქოს, 2007 წლის ნოემბერში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და ამაში მაშინდელი საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ ფილმებში წარმოდგენილი „უტყუარი მტკიცებულებებისა“, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალეულობას ადასტურებდა, არავინ დაუჭერიათ და ყველაფერმა უმტკივნეულოდ ჩაიარა. ამას 2010 წელს მოჰყვა „ენვერიადა“, დოკუმენტური ფილმების მთელი სერიალი, რომელიც თითქოსდა რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას მიეძღვნა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ამ სპეც-ოპერაციის დროს დაკავებულთა დიდი ნაწილი ბიზნესმენები იყვნენ, რომლებსაც ხელისუფლებამ ბიზნესები ვერ წაართვა. ამიტომ, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ისინი და შემდეგ ასე გადაიფორმა მათი წილები.

დღეს ხელისუფლება ახალ სერიალს გვთავაზობს, რომელმაც „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული პირების საზოგადოების თვალში დისკრედიტაცია უნდა მოახდინოს. პირველი მასალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოგვთავაზა რეჟისორ გოგა ხაინდრავას ქურდული სამყაროს წევრებთან კავშირებს ეხებოდა.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.

„რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრაგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადმოეცა ეს მასალა“, - განაცხადა ზოდელავამ.

მისი თქმით, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და „მხედრიონის“ მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას ისახავს მიზნად.

ამ მასალის კომენტირებისას გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ მას არც დაუმალავს, რომ კანონიერ ქურდ რეზო ლორთქიფანიძესთან მეგობრობს (ეს სწორედ ის ადამიანია, ვინც შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს). რეჟისორი ამბობს, რომ ლორთქიფანიძეს შარშან შემოდგომაზე შეხვდა, როდესაც საფრანგეთში რეჟისორების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩასული.

თუმცა მთავარი ეს არ არის. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალა შესაძლოა საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს. კერძოდ, სამინისტროს მიერ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ საფრანგეთი გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ საგამოძიებო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მოადგილის ვენსან ფლორეანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გამოაქვეყნა.

„ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის. საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არავითარ შემთხვევაში არ გაუცია, რისი უფლებაც, სხვათა შორის, მას არ გააჩნია. წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს. საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიისგან კონფიდენციალობის მოთხოვნა არ ყოფილა.

„ჩვენ გაკვირებული ვართ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით. საქმე იმაშია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური სტრუქტურები სამართალდამცავთა შორის თანამშრომლობაში ჩართული არცერთ ეტაპზე არ ყოფილან“, - განაცხადა ბურჯალიანმა.

ასე გააოცეეს ერთმანეთი საფრანგეთის და საქართველოს ხელისუფლებებმა და ალბათ, არც თუ ისე ძნელი წარმოსადგენია, რა განწყობა აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ უფრო სერიოზული გაოცება ჯერ კიდევ წინ გველოდა.

დოკუმენტური ფილმის მეორე სერია შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დღეს შემოგვთავაზა. შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქ. თბილისში დაკავებული იქნა ქართველი კანონიერი ქურდი დათო ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას წარმოადგენდა, მის მიერ შექმნილი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია კოალიცია „ქართული ოცნებაა“.

ამავე ჩანაწერის მიხედვით, ვინმე ვოვა ერემიანი კრიმინალურ ავტორიტეტ ლევან რევიშვილთან საუბარში აცხადებს, რომ ის, რაც „ხიზანამ“ (დავით ხიზანიშვილმა) დაავალა, 5-იანზე შეასრულა და „300 არაგველებზე, მეტეხის ხიდთან, წურწუმიაზე მცხოვრები ხალხი ყველა „ოცნებას“ აძლევს ხმას“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერები, რომლითაც სამინისტროს მტკიცებით, ნათლად ვლინდება კახი კალაძის და რვა ქართველი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი. კიდევ ერთი ფარული სატელეფონო ჩანაწერი კი „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძეს ეხება და სამინისტროს ინფორმაციით, სანიკიძე უშიშროების ყოფილ მინისტრ ვალერი ხაბურძანიას (რომელიც რუსეთში ცხოვრობს) სთხოვს რუსეთში, ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის სანაცვლოდ მას ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას კახი კალაძემ განაცხადა - „ვადასტურებ, რომ შეხება მქონდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან. ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ა.შ. და ქართულ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რომ ამ ადამიანებთან შეხება მქონდა“.

გუბაზ სანიკიძემ კი აღნიშნა, რომ მართალია ვალერი ხაბურძანიასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაგრამ უკანასკნელი 4-5 თვის განმავლობაში მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, რადგან ქუთაისში წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. კალაძემაც და სანიკიძემაც ჩანაწერებს ფაბრიკაცია უწოდეს და აღნიშნეს, რომ დღევანდელი ტექნოლოგიები მსგავსი რაღაცეების გაკეთების საშუალებას იძლევა.

თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში კრიმინალურ ავტორიტეტად მოხსენიებული ლევან რევიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორია. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა.

როგორც რევიშვილის მეზობლები „მაესტროს“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობენ, მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ არაფერი იციან. მათივე თქმით, რევიშვილი დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობის“ კოორდინატორია და მოსახლეობის „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერებთან შეხვედრებს კოორდინაციას უწევს. სოციალურ ქსელებში ლევან რევიშვილის ფოტოებიც გავრცელდა, სადაც იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურით არის გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლევან რევიშვილი მათი კოორდინატორია. ამის შესახებ განცხადება „ნაცმოძრაობის“ პრეს-სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა. მან განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა მოტივით ცდილობდა რევიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორად თავის გასაღებას.

და ბოლოს, ამ ჩანაწერების გავრცელდებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი.

„ჩვენს მიერ, დღეს, გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გაიპარა ტექნიკური შეცდომა. ადამიანი, რომელიც საუბრობს დათო ხიზანიშვილთან არის არა გიორგი უგულავა, არამედ გივი ბლიაძე. გიგზავნით ბლიაძის ფოტოს და გთხოვთ შეასწოროთ თქვენს ინფორმაციებშიც აღნიშნული ხარვეზი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სოციალური ქსელების მომხმარებლები კი იუმორით აღნიშნავენ, რომ სამინისტრომ ეს გვარი და სახელი იმის შემდეგ ჩაასწორა, რაც ქართულ ფორუმებზე გიორგი უგულავასა და თბილისის მერის, გიგი უგულავას სახელების მსგავსებაზე დაიწყო საუბარი. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ასევე კომენტარები - „შინაგან საქმეთა სამინისტროს ვანო მერაბიშვილის ხელი მოაკლდაო“. ასეა თუ ისე, ან შსს-ში მართლაც ისეთი დაბნეულები არიან, რომ „ტექნიკური ხარვეზები“ უკვე ისეთ მნიშვნელოვან საქმეებში ეპარებათ, როგორიც არის დამნაშავეთა ჯგუფის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, ან ისეთი კვალიფიციური კონსულტანტები მოაკლდათ, როგორებიც ნიკა გვარამია და ვანო მერაბიშვილი არიან. ფაქტია, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ოთხი დღე რჩება, ამგვარი ლაფსუსები ხელისუფლების წისქვილზე აშკარად არ ასხამს წყალს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ანონსებს, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილიც აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დაიდებოდა ისეთი მასალები, რომლებიც ოპოზიციური ძალების დანაშაულებრივ კავშირებს გამოააშკარავებდა. ამაზე ისეთ ტონში საუბრობდნენ, რომ ნამდვილად არავის ეგონა, წარმოდგენილი მასალა ასეთი უსუსური თუ იქნებოდა, და მით უმეტეს, მასალაში „ტექნიკური ხარვეზებიც“ თუ გაიპარებოდა.