გლდანის სასჯელარღსრულების მერვე საპყრობილესთან კვირაზე მეტია, მღელვარება არ ცხრება... 3 600 პატიმრის ახლობელი დაუყოვნებლივ ითხოვდა თავისი ტუსაღის რიგგარეშე მონახულებას. პაემნები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და როცა მნახველთა მღელვარებამ პიკს მიაღწია, ციხის ეზოში სასჯელაღსრულების ახლადდანიშნული მინისტრი, ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, რომელიც, სხვათა შორის, თურმე, გიგა ბოკერიას ენათესავება, გამოჩნდა და ხალხს დაჰპირდა, საპყრობილეში რეორგანიზაციას აუცილებლად ჩავატარებო. ისე, იმაზე, რაც ციხეში წლების განმავლობაში ხდებოდა, ანუ პატიმართა წამება-გაუპატიურებაზე ვიღაცები პასუხისმგებლობას ტუღუშსაც აკისრებენ და ამბობენ, ექსომბუდსმენი დასავლეთში გაყალბებულ ანგარიშებს აგზავნიდაო...
პატიმართა მშობლები და ნათესავები დღე და ღამე ციხის ეზოში არიან, ზოგი საბნითაცაა მოსული... ისიც კი, ვინც თავისი პატიმარი უკვე მოინახულა, აქაურობას ვერ თმობს... ჟურნალისტებთან ყველა არ ურთიერთობს...
მარიამ ჭანტურიძე, პატიმრის და: _ რაც ეს ამბები დატრიალდა, მას მერე აქ ვარ, სახლში არ წავსულვარ. ჩემი ძმაა პატიმარი... მამა არა გვყავს, დედა საზღვარგარეთაა. ჩემმა ძმამ ამას წინათ დამირეკა, ცუდად ვარ, თაფლი გამომიგზავნეო. ივნისში პაემანი მეკუთვნოდა, მაგრამ ისეთი ნაცემი იყო, პაემანი გადაგვიდეს. 7 სექტემბერს ვნახე, კარგად იყო... მამაომ მითხრა, პატრიარქმა მოგვიწოდა, დაიშალეთო, მაგრამ შინ როგორ წავიდე, ვიდრე არ გავიგებ, სადმე გადაიყვანეს თუ ისევ აქ არის? დილის 4 საათზე მეკუთვნის შესვლა... უნდა დაველოდო...
ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: _ ჩემი ქმარია პატიმარი, ერთი შვილი მყავს, უმუშევარი დავრჩი, სოციალურად დაუცველთა სიაში შემიყვანეს და იმით ვარსებობ... ცოცხი რომ დამეჭირა ხელში და ქუჩა დამეგავა, ამის საშუალებაც არ მომცეს. რატომ უნდა დავინდო ეს მთავრობა? ვინც «ხუთიანს» შემოხაზავს, მიწა გაუსკდეს, ნორმალურად, საღად მოაზროვნე ადამიანი ამ მთავრობას ხმას არ მისცემს!.. ორი თვის წინ ვნახე ჩემი ქმარი. უარს მეუბნებოდნენ პაემანზე, ეჭვი შემეპარა და კატეგორიულად მოვითხოვე, შემახვედრეთ-მეთქი. ისეთი ჩალურჯებული მოიყვანეს პაემანზე, რომ არ მეყვირა, კბილს კბილზე ვაჭერდი. ახლა კარგი მომენტია, ვუშველოთ ჩვენს ვაჟკაცებს. ასე მითხრა, ორი ღამეა, რაც სუნთქვა დავიწყეთ, აქამდე ერთმანეთს ყურში ვეჩურჩულებოდით, როცა რამე გვჭირდებოდაო...
პატიმრის დედა: _ ვნახე ჩემი შვილი, მაგრამ თვალებით მანიშნა, არაფერი მკითხო აქაურობაზე, მხოლოდ ოჯახზე მელაპარაკეო... ჩემი შვილი სხვანაირია _ როგორც უნდა გაუჭირდეს, გაუძლებს, თუმცა მითხრა, სტრესისგან ენა მივარდება, ეპილეფსია დამემართაო. ხულიგნობის ბრალდებით იჯდა, მაგრამ ვიბრძოლეთ მე და ჩემმა ადვოკატმა და გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, თუმცა გირაო მაინც გადავიხადეთ და პირობითი მისცეს... იმ დღეს პრობაციის განყოფილების წინ იჯდა, ჩაეძინა და მძინარეს მობილური ჩაუდეს, ვითომ მოიპარა და 25-ლარიანი ტელეფონის გამო, 7-დან 9 წლამდე მუხლი მიუყენეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი გვაქვს. ბინა, სხვადასხვა გარემოების გამო, დავკარგეთ და სკოლის შენობაში ვცხოვრობთ. ჩემსავით გამწარებული რამდენიმე მეზობელია _ საქმე ისაა, რომ კორპუსში ერთი ადამიანი გვყავს, რომელიც «სათანადო ორგანოების» თანამშრომელია, ათასნაირ პროვოკაციას აწყობს და სწორედ მისი დამსახურებაა ჩვენი გამწარება.
პატიმრის მეუღლე: _ ჩემი ქმარი 36 წლისაა. ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ დაიჭირეს. პირველად ვიღაცამ უთხრა, მიტოვებულ სახლში ცოტა ჯართი იშოვებაო. გაბრიყვდა, სოციალურად დაუცველი ოჯახი გვაქვს _ უმუშევრები ვართ, ორი შვილი გვყავს და, როგორც კი იმ ჯართს ხელი მოჰკიდა, მაშინვე პოლიცია დაადგა. გაასამართლეს, 6 წელი მისცეს. გაიგეს, რომ თბილისში ბინა გვქონდა. დავაგირავე ბინა და ისე გადავიხადე გირაოს თანხა. ჩვენი უბედურება ამით არ დასრულებულა. პრობაციის განყოფილებასთან ხელისმოსაწერად მისული ისევ «აიყვანეს» და ბრალი მეზობლის სახლიდან «შლანგის» მოპარვაში დასდეს. დაკითხვის დროს წყალი მოითხოვა და «პლასტმასის» ბოთლით მიაწოდეს, მერე, ის ბოთლი გაქურდულ სახლში აღმოჩნდა ჩემი ქმრის თითის ანაბეჭდით. მეორედ 7 წელი მიუსაჯეს და იმის გამო, რომ ორი შვილი გვყავს და სოციალურად დაუცველი ოჯახი გვაქვს, ორი წელი მოაკლეს. ორი კვირის წინ გასამართლდა და ათი წლით დააპატიმრეს. ვთხოვ, გავყიდოთ სახლი და გადავიხადოთ, რასაც მოგვთხოვენ-მეთქი, მაგრამ უარზეა, როცა მართალი ვარ, შვილები უსახლკაროდ რატომ დავტოვოო.
პატიმრის დედა: _ ჩემი შვილი ერთი თვის წინ პაემანზე არ მოიყვანეს, ასე მითხრეს, დასჯილია, რადგან ლაპარაკობდაო. პატიმრებს ხმამაღლა ლაპარაკის ნება არა აქვთ. ამიტომ მითხრა ჩემმა შვილმა, როცა გარეთ გამოვალ, 7 წელი რომ ვილაპარაკო, ალბათ, ვერ გავძღებიო. ახლა ციხის ადმინისტრაცია შეშინებულია _ ადრე პატიმარი პაემანზე გინებ-გინებით, ხელებშეკრული შემოჰყავდა, დღეს კი, თავისუფლად შემოდიან, ხელებდაშვებულნი. შეხვედრის დრო ამოიწურებოდა და უხეში გინებით გაჰყავდათ, ახლა კი, ბადრაგი თავაზიანად იქცევა, თუმცა კბილებში სცრიან, წავლენ ესენი და ნახავთ, რა მოგივათო. პატიმრები იმასაც ამბობენ, ცოცხების გარდა, ყველაფერი ისევ ისეაო.
ლალი ბიწოშვილი, ადვოკატი: _ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვინახულე, ადრე ეტყობოდა ცემის და წამების კვალი, ახლა ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ 2 თვეა, უძილობა სჭირს. გლდანის ციხეში ადრესატი არაა, ვისაც ავადმყოფმა პატიმარმა შეიძლება, განცხადებით მიმართოს.. სხვათა შორის, პატიმართა წამების კადრებზე აღბეჭდილი ხუთი პიროვნება სამსახურში ისევ გამოცხადდა, მართალია, ფიზიკურ შეურაცხყოფას ვეღარ ბედავენ, მაგრამ სიტყვიერზე გადავიდნენ, იცინიან, ლაზღანდარობენ. მათ მიმართ, როგორც ჩანს, ზომები არ მიუღიათ...
ზაზა ხატიაშვილი, «ადვოკატთა ასოციაციის» თავმჯდომარე: _Mმალხაზ არქანიას ისტორია ბევრმა იცის, რომელიც რუხის ხიდზე დააკავეს, ნარკოტიკები ჩაუდეს და აწამეს, რომ 2008-2010 წლებში, დასავლეთ საქართველოში მომხდარი ტერაქტები «მიეწერათ»... იცით, როგორ იქცევიან? _ თუ ჩვენება არ მოეწონათ, ამ ჩვენებას აჭმევენ პატიმარს, შემდეგ, სარდაფში ჩაჰყავთ და აჩვენებენ, თუ როგორ აუპატიურებენ სხვა პატიმარს, მერე, შარვალს ხდიან და ძალადობენ. ვინც დანაშაული არ აღიარა, ყველა ასეთ დღეში ჩააგდეს. მე და არქანიას და, ნინო არქანია ევროკავშირის წარმომადგენლობასაც მივადექით და, როცა დიდი ბრძოლის შემდეგ, სახალხო დამცველმა რეაგირება ოფიციალურად მოითხოვა, კალმახელიძემ მისწერა, არქანია კარგადაა და საფრთხე არ ემუქრებაო... ორი კვირა ვიბრძოდით, რომ არქანიასთან ადვოკატი შესულიყო, თუმცა ადვოკატ ლექსო არქანიას, რომელიც მალხაზის ბიძაშვილია, სამხარეო სამმართველოს გამომძიებელმა, ლაშა ყოლბაიამ და ამ ციხის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მუხაძემ აცილება მისცეს და პატიმარს ძალის გამოყენებით დააწერინეს, რომ უარს ამბობს ლექსო არქანიას ადვოკატობაზე.
ნინო არქანია, პატიმარ მალხაზ არქანიას და: _ ბევრი ვიბრძოლე და ახლაც მზად ვარ, თავი შევაკლა ჩემი ძმის საქმეს. დევივით ვაჟკაცი იყო და სულ ჩამოდნა ამდენი ტანჯვა-წამებით...
ედიშერ ქარჩავა, ადვოკატი: _ მოგმართავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ჩიხლაძის სახელით, რომელმაც მთხოვა, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გამეხადა. იგი დათა ახალაიას პირადი პატიმარია. 2011 წლის 30 ივნისს დააპატიმრეს და დათა ახალაიას კაბინეტში პირადად დათამ აწამა. წამების დროს ახალაიამ გამოიყენა უახლესი ტიპის ქიმიური პრეპარატი, რომელმაც ორგანიზმის ტკივილებისგან გათიშვა გამოიწვია, მაგრამ პატიმარი საღ გონებაზე იყო. ახალაია ასე მიმართავდა გიორგი ჩიხლაძეს: ხომ კარგად მიცნობ, ვინც ვარ, ერთ დროს თანამებრძოლები, მეგობრები ვიყავით და როგორ გაბედე ჩემს წინააღმდეგ წასვლა? ხომ კარგად იცი, რისი გამკეთებელი ვარ? როგორც დავგეგემე და პირადად მოვკალი შარაძე, ისე გაგასაღებ, შე საწყალოო! ამის შემდეგ, დათამ სცემა გიორგი ჩიხლაძეს... ყველაზე შემაძრწუნებელი კი ის იყო, რომ ცემის დასრულების შემდეგ, ყელზე ჩამოკიდებული ღვთისმშობლის ხატი ამოიღო და ეამბორა, თან დაჰპირდა, ეს რა არის, წინ კიდევ ბევრი რამ გელისო... დღეს გიორგი ჩიხლაძე გლდანის მერვე საპყრობილეში, მეორე კორპუსის 52-ე საკანში ზის. ის ყოფილი პოლიციელი, ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლი, მეგობარი და ნათლულია. ბრალად შეიარაღებული ჯგუფის მეთაურობა ედება...
22 სექტემბერს გლდანის საპყრობილესთან მოქალაქეები უწმინდესის მოლოდინში იყვნენ. სამწუხაროდ, ილია II, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მობრძანდა და საპატრიარქოდან წარმომადგენლები _ დეკანოზი შალვა კეკელია, მამა რევაზი, მამა გაბრიელი, ვლადიმერ ვახტანგაძე (მღვდელი) მოვიდნენ. ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, სასულიერო პირებთან ერთად, ციხეში ჟურნალისტებიც შეეშვა... ფანჯრებს მომწყდარი პატიმრების ხმა ექოსავით ისმის ციხის ტერიტორიაზე:
_ გვიშველეთ, არ მიგვატოვოთ, სანამ თქვენ აქ ხართ, მშვიდად ვართ!
_ გლდანის ციხე მხოლოდ გარედან არის შეღებილი, მოდით, ნახეთ, შიგნით რა ტრიალებს
_ მე მღვდელი ლევან კოკორაშვილი ვარ, ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, დამეხმარეთ!
_ გადაეცით, უფლებამცველები შემოვიდნენ, ყველაფერს ვიტყვით!
_ წადით, მესამე კორპუსი ნახეთ, იქ ჩვენზე მეტად უჭირთ!
_ გამოაცხადონ ამნისტია!
_ გვემუქრებიან, რომ როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, წამებას ისევ გააგრძელებენ!
დეკანოზი მამა შალვა ტუსაღებს პატრიარქის დანაბარებს გადასცემს და მათთან ერთად ღვთისმშობლის ლოცვას კითხულობს...
თითქმის ყველა კორპუსი მოვიარეთ... ზედამხედველებს თავი მშვიდად და თავაზიანად უჭირავთ, მაგრამ ამდენი ჟურნალისტის დანახვაზე ფარული დაძაბულობა მაინც ეტყობათ... «კარმუშკიდან» თავგამოყოფილი პატიმრები თავიანთ ისტორიებს გვიყვებიან:
_ გარედან ყველაფერი ლამაზად ჩანს, მაგრამ აქაურობა ფაშისტური გერმანიის კონცლაგერს ჰგავს. 5 თვეა, რადიო არა გვაქვს და რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო შორს ვართ ინფორმაციისგან.
ბექა გიგილაური, 21 წლის, პატიმარი: _ ციხეში ტუბერკულოზის მსუბუქი ფორმით შემოვედი, ასეთი ავადმყოფი საკანში ოთხნი ვართ, გვერდით კიდევ ორი კაცია ჩვენს დღეში. რაღაც ორწლიან მკურნალობის კურსს გავდივართ. ჩვენნაირ ავადმყოფს სჭირდება სუფთა ჰაერი, კვება... მსუბუქი ფორმა ქრონიკულად გადაგვექცა _ ხმარებიდან ამოღებულ რაღაც წამლებს გვასმევენ, ტაბლეტებს, ფხვნილებს... ნემსებს გვიკეთებენ. ეს პრეპარატები გვთიშავს და გვადუნებს. არც ვიტამინები გვაქვს, არც _ კვება. ორი დღეა, ვშიმშილობთ, გუშინ 10 კაცი გადაიყვანეს ვითომ სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ დღესაც არ ვიცით, სად წაიყვანეს. სწორედ გაგა მკურნალიძეს არ უნდოდა, რომ წავსულიყავით სამკურნალოდ «ტუბზონაში»... გვხოცავენ, როგორც ტყვეებს. ოთხი წელი შვიდად გამიხადეს, ქურდულ მენტალიტეტს «აწვები» და ქურდულ იდეებს ავრცელებო. ოჯახში დაგვარეკინეს, გვათქმევინეს, რომ გადავყავართ ტუბზონაში. ვშიმშილობთ და მოვითხოვთ, რომ გადაგვიყვანონ. 21 წლის ვარ, 6 წელია, აქ ვარ, დასკარგავი არაფერი მაქვს... ზოგი ისე სცემეს, ეტლით წაიყვანეს აქედან.
გლდანის ციხის მესამე კორპუსი 3 500 პატიმარს იტევს. ნაწილი განსასჯელია, ნაწილი კი, _ მსჯავრდებული. ამბობენ, რომ ეს კორპუსი უამრავ დანაშაულს მალავს...
გია ვასაძე: _ პოლიტპატიმრებზე ზეწოლა ყოველთვის იყო.. 26 მაისის ცნობილი მოვლენების ღამეს დამაკავეს და რვა წელი მომისაჯეს... ზეწოლა განსაკუთრებით პროკურატურის მხრიდან იყო, სათითაოდ მოდიოდნენ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მაღალჩინოსნები და არარსებული დანაშაულის აღიარებას მთხოვდნენ. პროკურორი ჭანკვეტაძე კი, საპროცესო გარიგებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოჯახის განადგურებით მემუქრებოდა. ყოველ კვირას მესამე კორპუსიდან ხუთი კატაფალკა გადის. უფლებადამცველები, ოფიცრებთან ერთად, ვითომ ჩვენს სანახავად შემოდიან... ერთხელ, ერთმა ასეთმა სტუმარმა მკითხა, წყალი დიდი ხანია არ მოდისო? ვუპასუხე, დღეს შეწყდა-მეთქი. რას მეუბნები, ხუთი დღეა, წყალი არ არისო. მოკლედ, უჩვენოდაც მშვენივრად იციან, რაც აქ ხდება.
ერთ-ერთ საკანში სასჯელს ბანგლადეშის 14 მოქალაქე იხდის და, როგორც ამბობენ, ოჯახებმა მათ შესახებ არაფერი იციან. ბანგლადეშელები, რომელთაც ბრალი საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში ედებათ და ჯერ არ გასამართლებულან, ექსტრადიციას ექვემდებარებიან...
ერთ-ერთი პატიმარი: _ განსაკუთრებული სისასტიკით გვეპყრობიან ლევან ბეშქენაძე, მეტსახელად ,,შიბლო» და მალხაზ ღვინიაშვილი. გოგა ბუთლიაშვილი პატიმრებს აშარდავდა, აწამებდა. ყველა კორპუსში უნდა შემოვიდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობოები და ნახონ ჩვენი პირობები. ასჯერ მაინც გვაქვს გაგზავნილი წერილი სახალხო დამცველთან, მაგრამ არასოდეს პასუხი არ მიგვიღია... 2-3 დღეა, «შეგვეშვენ», ისე, მაგარი ნაცემები ვიყავით. ჩვენი ჯალათი ზაზა ახლაც ოფიცერია და აქ მუშაობს. სხვებიც, ვინც თქვენ ტელევიზიით იხილეთ, აქ არიან და ცდილობენ ჩუმად იყვნენ... აქამდე ტუალეტში ვეწეოდით სიგარეტს, ახლა ნება დაგვრთეს, საკანში მოვწიოთ... ცემა-წამებაც შეწყდა, არადა, კარანტინი რომ «იშლებოდა», აქ სისხლის გუბეები იდგა, უფრო 20 წლის ბიჭებს სცემდნენ.
ამირან წიკლაური, პატიმარი: _ ორი დღეა, ვშიმშილობთ იმ საშინელი პირობების გამო, რაც აქ ტრიალებს. გურამ ღვინიაშვილმა პირი ამოიკერა პროტესტის ნიშნად. რამდენიმე დღეა, პირობები გაგვიუმჯობესდა, მაგრამ იმედი არ გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება... მთელი დღე ფეხზე ვიდექით, დაჯდომისა და დაძინების ნება არ გვქონდა, თუ დაგინახავდნენ, «კარცერში» გიკრავდნენ თავს. აბანო მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობს და შიგ სამი წუთით გვიშვებენ, გასაპნულიც რომ ვიყოთ, გარეთ გვაგდებენ, საკანში ცივი წყლით დაიბანეთო. წამლებს არ გვაძლევენ, განსაკუთრებით სტომატოლოგი გვიჭირს, თვეობით ვდგავართ რიგში, რომ ვიმკურნალოთ.
ციხის ეზოში ე.წ. მუშა პატიმრები შემოგვესივნენ, ყველა ცდილობს, რაღაცა გვითხრას. ერთმა წერილი გადმომცა, სადაც წამებაში დახელოვნებული ციხის თანამშრომლების გვარებია მითითებული:
«ამ წერილს ვწერ იმიტომ, რომ არ ვიცი, რა მომივა ხვალ, მაგრამ დასაკარგი აღარაფერი მაქვს. უნდა გაიგოს ხალხმა აქ დარჩენილი ჯალათების სახელები და გვარები, რათა სახალხოდ გამოცხადდეს ტელევიზიაში, რომ ვეღარ გაბედონ ხალხის წამება და მუქარა. ყველაფერი ჩაწყნარდება და მერე ნახეთ წამება და ცემაო. აქედან რამდენიმე კადრებშიც არის დაფიქსირებული, მხოლოდ ზურგით და პროფილით, მაგრამ ჩვენ, პატიმრების თვალს არცერთი ამოუცნობი არ დარჩენია. ესენი არიან: ბესო მელაძე, რუსლან ჭითანავა, ლაშა ტყემალაძე, ზაზა ძიძიგური, მალხაზ ღვინიაშვილი.»
გიორგი მეტრეველი, პატიმარი: _ დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, საღამოს ცემა გამოწერილი გვაქვს. ამ საქმეს მიზეზი არ სჭირდება. უსაფრთხოების თანამშრომელი ბესო მელაძე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა _ ხალხს ტუალეტებში ამწყვდევდა, «შპონების» ქვეშ გვაძინებდა, გვაიძულებდა ერთმანეთი დაგვესმინა, თუ ამაზე უარს ვიტყოდით, გვცემდა... ჩუმად ვცდილობთ ერთმანეთს მივეხმაროთ, მაგრამ თუ შეამჩნევდა, მელაძე სასტიკად გვსჯიდა, გვცემდა სკამის ჯოხით. ორი დღის წინ, კაცი ცუდად გახდა, საშინლად სტკიოდა ბეჭები და სამუშაოდ წასვლა არ შეეძლო, ბადრაგმა უშვერი სიტყვებით აგინა, სულ ფეხებზე მკიდიხართო.
პატიმრები ერთმანეთს ასწრებენ საშინელი ამბების მოყოლას: 25 დღის წინ მარნეულელი ნამიკ გოძაევი სცემეს სასტიკად, ერთი კვირის წინ ლაშა ტყემალაძემ თელაველი გოგა ძამუკაშვილი აწამა, გიორგი ლომიძეს კი, ყური დაუზიანა ცემისგან.
ერთი საგულისხმო დეტალი: პატიმრებს დაავალეს, ოჯახის წევრებს პირადობის მოწმობები მიატანინონ სახლიდან. ზოგმა უკვე მიიტანა, ზოგისას _ ელოდებიან. ვისაც არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, სურათი გადაუღეს და თვითონ დაუმზადეს...