რუსეთი იაპონიას კურილის კუნძულების ნაწილს უბრუნებს?

რუსეთი იაპონიას კურილის კუნძულების ნაწილს უბრუნებს?

„თეორიულად, კუნძულების გადაცემის შანსი არსებოს, ეს სრულიად შესაძლებელია და, პირიქით, რუსეთს აქვს ამის ვალდებულება აღებული 1956 წელს. მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ხელშეკრულებების შესრულება რეალური პოლიტიკის საკითხია, დღეს კი რეალური პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკოსთა გარკვეულ ნაწილს ამგვარი ვაჭრობის აუცილებლობას კარნახობს," - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი რუსეთსა და იაპონიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას და სადავო კურილის კუნძულების მომავალს ეხება.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ 22 იანვარს მოსკოვში ისტორიული შეხვედრა გამართეს, სადაც სამი საათის განმავლობაში საუბრობდნენ ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისა და კურილის კუნძულების მომავალზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებს კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებიათ, მაგრამ დააანონსეს საგარეო საქმეთრა მინისტრების შეხვედრა თებერვალში და თავად მათი შემდეგი შეხვედრა, რომელიც ივნისში გაიმართება. აღინიშნა, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია საერთო შეთანხმების მიღწევაში.

„რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ თეორიულად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაუთმოს იაპონიას კურილის კუნძულების ნაწილი, მაგრამ ეს რაიმე მნიშვნელოვან პრეცენდენტს მსოფლიოსთვის არ შექმნის.

რაც შეეხება საქართველოს, მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ კურილის რამდენიმე კუნძულსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებს შორის პარალელის გავლება არასწორი იქნება, რადგან ეს ორი საკითხი პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისგან.

რუსეთსა და იაპონიას შორის დავა მიდის კურილიის არქიპელაგის 3 კუნძულზე - იტურუპი, კუნაშირი და სიკოტანი და ასევე ჰაბომაის ჯგუფში შემავალ მცირე კუნძულების ჯგუფზე. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ეს ტერიტორიები სსრკ-მ დაიკავა, თუმცა, 1956 წელს სსრკ-სა და იაპონიას შორის გაფორმდა დეკლარაცია ამ ტერიტორიების ნაწილის იაპონიისათვის დაბრუნების შესახებ.

უფრო კონკრეტულად კი, 1956 წლის 8 დეკემბერს ხელმოწერილ დეკლარაციაში წერია, რომ სსრკ „კეთილი ნების ნიშნად" იაპონიას გადასცემს შიკოტანსა და ჰაბომაის ჯგუფის კუნძულებს იმ პირობით, რომ მათზე იაპონიის სუვერენიტეტის პრაქტიკული განხორციელება ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაიწყება.

თუმცა, სსრკ-მ ამ საკითხზე თავისი პოზიცია 1960 წელს შეცვალა, როდესაც აშშ-სა და იაპონიას შორის გაფორმდა სამხედრო შეთანხმება, რომლის ძალითაც ამერიკელებს იაპონიის მთელს ტერიტორიაზე თავისი შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგების უფლება მიეცათ. ამით უკმაყოფილო სსრკ-მ შიკოტანსა და ჰამობაიზე 1956 წლის დეკლარაციით აღებული ვალდებულებები გააუქმა.

დღეს მოსკოვსა და ტოკიოს შორის სწორედ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და იაპონიის ხელისუფლება პირობას დებს, რომ ამ კუნძულებზე, მათი დაბრუნების შემთხვევაში, ამერიკული ბაზების განლაგებას არ დაუშვებს.

შიკოტანისა და ჰამობაის იაპონიისათვის დაბრუნება ორივე ქვეყანაში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს. რუსული საზოგადოება ამას „ტეროტორიების დაკარგვად" აღიქვა,ს, იაპონელთა უკმაყოფილება კი იმას უკავშირდება, რომ მხოლოდ შიკოტანისა და ჰამობაის დაბრუნებაზე დათანხმებით ოფიციალური ტოკიო დარჩენილ 2 კუნძულზე დავის გაგრძელების სამართლებრივ უფლებას კარგავს. იაპონიაში გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება იმ წინაპირობით უნდა მოხდეს, რომ მომავალში მხარეები იტურუპსა და კუნაშირზე მოლაპარაკების დაწყებაზე თანახმა იქნებიან.

იაპონიის ხელისუფლების მთელი მონდომება რუსეთთან მოლაპარაკებისას სწორედ ამის მიღწევისკენაა მიმართული.

აქვე აღსანიშნავია, რომ იტურუპი და კუნაშირი კურილიის არქიპელაგის უდიდესი კუნძულებია და ისინი სადაო ტერიტორიის 93%-ს შეადგენენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთი იაპონიას სადაო ტერიტორიის მხოლოდ 7%-ს უბრუნებს.

ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, შესაძლოა, რომ პუტინმა მართლაც დაუთმოს აბეს ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ აქ სხვა პრობლმა იჩენს თავს - რუსეთის ხელისუფლებისა და საზპგადოების ნაწილი ამ პირობის სასტიკი წინააღმდეგია:

„რუსეთის პოლიტიკური წრეების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილის ეს მიუღებელ დათმობად მიაჩნია იაპონიის მიმართ. რუსეთის ინტერნეტსივრცეში ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი მწვავე შეფასება გაისმა პრეზიდენტ პუტინის მიმართაც კი.

„გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ლავროვმა ამგვარი კომპრომისი პრაქტიკულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბრის დაწყებამდე იაპონიამ უნდა აღიაროს, რომ ეს კუნძულები ულაპარაკოდ რუსეთის საკუთრებაა. ფაქტობრივად, მისი ეს განცხადება გამორიცხავს რაიმე შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს პუტინის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისთვის „ფასის აწევას" და კომპრომისის შედეგად იაპონიის მხრიდან უფრო სერიოზული დათმობების მიღებასაც ემსახურებოდეს.

„თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა იაპონიასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იმ საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა თავისი აგრესიული მოქმედების გამო, ეს სერიოზული გარღვევა იქნებოდა", - ამბობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.