მობილურ ქსელების მომსახურება ძვირდება. სამიდან ორი ყველაზე დიდი ოპერატორი გაზაფხულამდე ტარიფებს გაზრდის. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მარეგულირებელი კომისია „სილქნეტისა“ და „მაგთის“ გადაწყვეტილებაზე თვალს დახუჭავს. პირველი რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან კომისია კატეგორიულად ეწინააღმდეგება მომსახურების გაძვირებას.
კომპანია „სილქნეტი“ სატარიფო ცვლილებებს 1-ლი მარტიდან გეგმავს. „ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“, - წერია კომპანიის ვებ-გვერდზე. კერძოდ, „ჯეოსელის“ 5-ლარიანი პაკეტი - 7 ლარი, 10-ლარიანი - 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება.
ტარიფის გაზრდას გეგმავს „მაგთიც“. 18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება, ასევე წესდება ნომრის მომსახურების საფასური, რაც „ჯეოსელის“ შემთხვევაში ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს. „მაგთის“ აბონენტებისთვის კი 180 დღის განმავლობაში 1 ლარი.
ახალ სატარიფო პოლიტიკას უკვე პროტესტი მოჰყვა სოციალურ ქსელში. კომპანიები ამ გაძვირებას გაუმჯობესებული ხარისხით ხსნიან.
მობილური ოპერატორების მიერ ტარიფების მოსალოდნელ გაძვირებას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „მოულოდნელს“ უწოდებს და „არაკანონზომიერ“ გადაწყვეტილებად აფასებს. მარეგულირებელი საკითხის შესწავლას გეგმავს.
„პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მყისიერად დაიწყო საკითხის შესწავლა. კომისია დადგენს, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.
ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯერჯერობით ძველი სატარიფო გეგმის ერგულია კომპანია „ბილაინი“. ფიჭური კომუნიკაციების მესამე გიგნატი ადგილობრივ ბაზარზე სააბონენტო ტარიფების გადახედვას არ აპირებს.
„აბონენტებისათვის საცალო ტარიფების ცვლილებას არ ვაპირებთ, ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი დაგეგმილი არ გვაქვს. ერთადერთი შესაძლოა, ახალი პაკეტები შევთავაზოთ, თუმცა არსებული პაკეტები არ შეიცვლება“, - განუცხადა „ბიემს“ კომპანიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი ესართიამ განუცხადა.
კომპანიის წარმომადგენელმა მათი კონკურენტების - „მაგთის“ და „სილქნეტის“ გადაწყვეტილებაზე, კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მოგვიანებით ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილებას პირადად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაურიც გამოეხმაურა. მისი აზრით, კომპანიების ამგვარი გადაწყვეტილებას წინაპირობა და საფუძველი არ ჰქონდა. ბექაური მოითხოვს, მათ არ გადადგან ნაბიჯი კომისიასთან კონსულტაციების გარეშე, თუმცა კომპანიებმა აბონენტები უკვე გააფრთხილეს.