სასულიერო პირები ეპარქიებს ტოვებენ

სასულიერო პირები ეპარქიებს ტოვებენ

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 24 სექტემბერს ჭყონდიდის ეპარქია შავმა ბერებმა დატოვეს და ყაზბეგში გადავიდნენ, მეორე დღეს კი მარტვილის რაიონი დატოვეს მამაოებმაც. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი მოძღვარი ადასტურებს, რომლის ვინაობას, შეგნებულად არ ვასახელებთ:

_ ჯერ საბოლოო სახე არ აქვს მიღებული. ამის შესახებ პატრიარქთანაც იყო საუბარი და უწმინდესობამ ჯერჯერობით მოლაპარაკებაზე და მშვიდობისკენ მოუწოდა. ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.

_ რატომ გადაწყვიტეს მოძღვრებმა ეპარქიის დატოვება?

_ ეს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხება და აქედან გამომდინარე, რაღაცნაირი დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა მოხდა.

_ როგორც გვითხრეს, ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე პეტრე, სანდრა რულოვსის მოძღვარია და სწორედ ამის გამო მიიღეს მამაოებმა ეპარქიის დატოვების გადაწყვეტილება, რადგან გამიჯნოდნენ პოლიტიკურ პროცესებს...

_ დიახ. თქვენც ხვდებით, რომ ეკლესია უნდა იყოს ნეიტრალური და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს, რომელიმე მხარეს არ უნდა წარმოადგენდეს. ამას ინარჩუნებს ძირითადი სამღვდელოება და სწორედ ამის გამო მოხდა აზრთა სხვადასხვაობა მეუფესა და მოძღვრებს შორის.

_ მეუფე მითითებებს იძლევა, რომ მოძღვრებმა მხარი ხელისუფლებას დაუჭიროს?

_ არაპირდაპირს.

ამ საკითხზე ჯერჯერობით საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, გარდა აღნიშნული ეპარქიისა, მოძღვრების ნაწილი იმერეთის ეპარქიიდანაც აპირებს წამოსვლას.