ათეული წლების წინ, სტუდენტებს (ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში) კონკურსი მოუწყვიათ თემაზე _ ვინ მოიგონებს ყველაზე საშინელ წამებას? რა თქმა უნდა, ეს კონკურსი სახუმარო იყო და სამოციანელები ღიმილით ჰყვებოდნენ, თუ რა «ტვინისჭყლეტაში» იყვნენ, რაღაც ორიგინალური რომ მოეგონებინათ. «მწამებლების» კონკურსში პირველი საპატიო ადგილი, თურმე, ჯვალოს ქსოვილით თვალის გაპრიალებას აუღია, რაც ასე «ხდება»: ადამიანს, ანუ მსხვერპლს ბოძზე მიაკრავ, თვალებში ასანთის ღერებს «ჩაუდგავ», რომ არ დახუჭოს და ჯვალოს უხეში ქსოვილით ნაზად, ნელა უპრიალებ და უპრიალებ. როცა ეს ისტორია მიამბეს, ვიკითხე, რატომ ნაზად და ნელა-მეთქი. მიპასუხეს, იმიტომ, რომ წამებით ისიამოვნოო. მას შემდეგ, თუ ვინმე გამაბრაზებს, ვემუქრები, თვალებს გაგიპრიალებ, თანაც ჯვალოს ქსოვილით, ნაზად და ნელა-მეთქი. ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, ახლა კი, მთავარზე...
ქართული ციხის ჯალათები
როცა გლდანის ციხის პატიმართა წამების ცნობილი კადრები იხილა, სრულიად საქართველო შეძრწუნდა, თუმცა ეს სიტყვა სრულად არ გამოხატავს იმას, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობდა: სულში ჩაგვაფურთხეს, ფურთხის ღირსი ხარ, საქართველოვ! ყველაფერი ჩვენ როგორ უნდა დაგვემართოს, რა ერი ვყოფილვართ, მთელი მსოფლიოს წინაშე თავი მოგვეჭრა!... თუმცა, ასეთი რაღაცები წმინდა ქართული მოვლენა არაა, ავადმყოფი ერი ნამდვილად არ ვართ და ამ მხრივ მშვიდად შგვიძლია ვიყოთ, სხვა დანარჩენი კი, განსჯისა და გონივრული გადაწყვეტილების საგანია.
ციხის ბადრაგის სადიზმი გაუპატიურებითურთ, პატივაყრილი ქურდები და «რაინდი ბედუკაძე» _ ბოლო ერთი კვირა, ამ თემით სუნთქავს, საზრდოობს საზოგადოება და ისევ პათეტიკური შეკითხვა: რა გვეშველება?! _ არაფერი, ქურდები და მანიაკები იყვნენ, არიან და იქნებიან, მათი არც მკურნალობაა შესაძლებელი და, მით უმეტეს, არც _ გამოსწორება. უბრალოდ, შეძლებისდაგვარად, საზოგადოებისაგან იზოლირებულები უნდა იყვნენ, მაგრამ... «ცოცხების სერიალის მარაზმმა» ყველა მოლოდინს გადააჭარბა... ციხის ჯალათების ჯერ ფსიქოლოგიური შეფასება გავაკეთოთ, შემდეგ კი, _ სამედიცინო.
მაშ ასე, ფსიქოლოგიის ენაზე იმას, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, სექსუალური პერვერსიები ჰქვია. პერვერსიები გადაგვარებას ნიშნავს და მძიმე ფსიქიკური დაავადებაა. თავის ცნობილ თხზულებაში _ «სამი ნარკვევი სექსუალურობის თეორიაზე» ფსიქოანალიზის მამამ, ზიგმუნდ ფროიდმა პერვერსიების შემდეგი ფორმები ჩამოთვალა, რომლებიც ღრმა ინსტინქტებში აქვს ადამიანს, ესენია: «თვალთვალი სექსუალური ქმედებების (ნეტარების ინსტინქტი), ჩვენება სიშიშვლის (სიამოვნება ექსბიციონიზმით, ანუ სასქესო ორგანოების ჩვენება), მოხმარება ინტიმური ნივთების და ამით სასურველი ადამიანის შეცვლა (ფეტიშიზმი), შესვლა საპირისპირო სქესის მდგომარეობაში და მისი სამოსის ჩაცმა (ტრანსვესტიზმი), გაცნობიერება იმისა, რომ საპირისპირო სქესს წარმოადგენ (ტრანსსექსუალიზმი), წამება და დამცირება ფიზიკურად და სულიერად (სადიზმი), აწვალებინებ თავს სხვას (მაზოხიზმი).» პერვერსიებს მიეკუთვნება ყველაფერი, რაც ნორმიდან გადახვევას ახასიათებს, თუმცა ზემოჩამოთვლილი ფორმები მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს ახასიათებს და, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ (ძნელია, არ დაეთანხმო), ინსტინქტების დონეზე აქვს. ამიტომაც იღებენ პორნოგრაფიას _ ადამიანის ემოციების ბაზარზე ამის მოთხოვნილებაა. იგივე შეიძლება ითქვას, ეროტიკულ ფილმებზე, სისხლიან ბოევიკებსა და, რა თქმა უნდა, ციხის ცხოვრების ფილმებზე.
საერთოდ, სექსუალური პერვერსიების ზემოჩამოთვლილი ფორმები და, განსაკუთრებით, სადო-მაზოხიზმი ფსიქიკური აშლილობის მძიმე ფორმაა და ბავშვობაში გადატანილი ტრავმების შედეგია, _ ასე თვლიან ფსიქოლოგები და ამ თემის ძირფესვიანი ანალიზი ძალიან შორს წაგვიყვანს. როგორც წესი, ასეთი ფსიქიკური აშლილობა სადისტ-მანიაკ მკვლელებს ახასიათებთ და ისინი საზოგადოებისაგან იზოლირებულები უნდა იყვნენ, თუმცა მათი ფაქტზე დაჭერა ძალიან ძნელია, რადგან შესანიშნავად ინიღბებიან და საზოგადოებაში კეთილმოსურნე, მზრუნველ და გალანტურ ადამიანებად აჩვენებენ თავს.
ასე რომ, ის ადამიანები, რომლებიც ასეთი სადიზმით აწამებდნენ პატიმრებს გლდანის ციხეში, შესაძლოა, კარგი მეუღლეები და მამები იყვნენ, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: როგორც წესი, მანიაკი მკვლელები მარტო ასრულებენ თავიანთ ბინძურ საქმეს. გასაჯაროებული კადრებიდან გამოჩნდა, რომ გლდანის ციხეში მანიაკი ჯალათების ბრიგადები მუშაობდნენ, რომლებიც პატიმარ მამაკაცებს აუპატიურებდნენ. თუ საქართველოს ყველა ციხეში ასეთი ბრიგადებია, მაშინ მარტივი გათვლებით, საქართველოს ზრდასრული მამაკაცების 20% მაინც მანიაკი ჯალათი ყოფილა და ეს უკვე აშკარად მიუთითებს, რომ გადასაშენებელი ერი ვყოფილვართ...
არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ყოველდღე საპატიმროში გაუპატიურებული პატიმრების, მიაქციეთ ყურადღება, გაუპატიურებული მამაკაცების ცრემლიან წერილებს კითხულობენ! ხალხო, მინდა გითხრათ, უმრავლესობა უყურებს გაუპატიურების კადრებს და კითხულობს წერილებს (ტელევიზიით ისმენს) და ცრემლს ღვრის. ხალხო, ესეც სექსუალური პერვერსიაა და გამოდის, მართლაც, გადავგვარდით, ან გადაგვარების გზაზე ვართ!
მათ, ვინც ამას უყურებს და უსმენს, წამების ყველაზე კრეატიული ფორმით _ უხეში ჯვალოს ნაჭრით ნაზად და ნელა გავუპრიალებდი თვალებს და ძალიან ვისიამოვნებდი, _ ესეც პერვერსიაა, რა თქმა უნდა, მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ!