ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის ბედი ამ დრომდე უცნობია. დავით რაზმაძის ოჯახს, მათი ინფორმაციით, ეგვიპტის საკონსულომ უცნობი ცხედრის ფოტოები გადმოუგზავნა ამოსაცნობად. დაკარგული მეზღვაურის ოჯახი „რეზონანსთან“ საუბარში გამორიცხავს, რომ ფოტოებზე ასახული გვამი დავით რაზმაძის იყოს, რადგანაც მას ხელზე ჯვრის გამოსახულების ტატუ აქვს. ამ გვამს კი სხეულზე მსგავსი დამახასიათებელი ნიშნები არ გააჩნია.
მათი თქმით, ის რაზმაძეს აღნაგობითაც არ ჰგავს და დადასტურებულად შეუძლიათ თქვან, რომ ეს მათი ნათესავი არ არის.
ასევე ფოტოზე აღნიშნულ მამაკაცს ეტყობა, რომ უფრო დიდი ხნის გარდაცვლილია, ვიდრე რაზმაძეა გაუჩინარებული.
23 წლის ქართველი მეზღვაურის ბებია და ბიცოლა, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, ამბობენ, რომ მათთან კონტაქტი რაზმაძემ 2 კვირის წინ შეწყვიტა. დაკარგული მეზღვაურის ბიცოლა ნინო ლაბაძე „რეზონანსთან“ ყვება, რომ დავით რაზმაძე 7 იანვარს გემიდან მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ის თავის სამუშაოს ასრულებდა. დაკარგვის დღეს ის მორიგე იყო და გემის დაბლა კაიუტაში მონიტორებს აკვირდებოდა.
ლაბაძის თქმით, მისი მორიგეობა ღამის 12 საათიდან 4 საათამდე იყო და ის შემდეგ სხვა თანამშრომელს უნდა შეეცვალა. სწორედ მისი მორიგეობის დასრულების შემდეგ, მასთან ჩასულმა თურქმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ ის კაიუტაში არ იყო. სწორედ ამის შემდეგ გემის კაპიტანმა და მეზღვაურებმა მისი ძებნა დაიწყეს. ბიცოლა ყვება, რომ ერთკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ კაპიტანმა ოჯახს მისი დაკარგვის შესახებ აცნობა.
ნინო ლაბაძე ამბობს, რომ გემზე სხვა ქართველი მეზღვაურებიც არიან, რომლებიც რაზმაძის მხრიდან ვინმესთან გემზე კონფლიქტს გამორიცხავენ. ასევე ქართველები თვითმკვლელობის ვერსიასაც კატეგორიულად გამორიცხავენ. რაც შეეხება უბედურ შემთხვევას, ზღვაში მისი გადავარდნის ვერსიას ოჯახი გამორიცხავს, რადგანაც ის გენბანზე არ ყოფილა და თანაც გემი პორტთან გაჩერებული იყო.
„დავითის დედას გარდაცვლილი მამაკაცის ფოტოები აჩვენეს, თუმცა მან მაშინვე თქვა, რომ ეს მისი შვილი არ არის. მას ხელზე ტატუ აქვს და გვამს მსგავსი დამახასიათებელი ნიშანი არ აქვს. გარდა ამისა, ეს მამაკაცი უფრო დიდი ხნის გარდაცვლილი უნდა იყოს, ვიდრე დავითი დაიკარგა.
„ის ჩვენს ბიჭს აღნაგობითაც არ ჰგავს. ამიტომ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დავითი არ არის.
„დავითის დედა თურქეთშია გათხოვილი და მას მამინაცვალიც ეძებს, რომელმაც ადვოკატიც დაიქირავა და ყველა ვერსიაზე მუშაობენ. გემზე ქართველებიც არიან, რომლებიც გვიყვებიან როგორ დაიკარგა. ამბობენ, რომ ის ბოლოს 7 იანვარს ღამის 12 საათზე ნახეს. მისი მორიგეობა იწყებოდა და სამუშაოს შესასრულებლად გემის ქვედა სართულზე მონიტორების ოთახში წავიდა.
„ის ღამის 4 საათზე სხვა თანამშრომელს უნდა შეეცვალა. როდესაც მასთან ჩავიდა, ნახა, რომ ის ადგილზე არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ მისი ძებნა ჯერ გემზე დაიწყეს. ნახეს, რომ მისი ნივთები, ტელეფონი, ტანსაცმელი და ყველაფერი ოთახში ჰქონდა დატოვებული. გემზე რომ ვერ იპოვეს, მაშინვე კაპიტანმა პოლიცია გამოიძახა. ამის შემდეგ გემის ახლო- მახლოს ძებნა დაიწყეს.
„მოგეხსენებათ ლიბიაში რა მდგომარეობაა. ამიტომაც სხვადასხვა ვერსიები გვაქვს. ქართველები გამორიცხავენ, რომ მას თავი მოეკლა. გემზე კონფლიქტი არავისთან ჰქონია. კაპიტანთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. უფრო იმ ვერსიის გვჯერა, რომ გარეთ ქალაქში გამოვიდა და დააპატიმრეს.
„როგორც ვიცით ლიბიაში საკმაოდ ცუდი სიტუაციაა. თუმცა უცნაურია, რომ მან მორიგეობის დროს, როდესაც სამუშაოს ასრულებდა, გემი მიატოვა და სადღაც წავიდა. ასეთი უპასუხისმგებლო ბიჭი არ არის და გამორიცხულია, რომ მორიგეობის დროს ადგილი მიეტოვებინა. არც იმ ვერსიას გამოვრიცხავთ, რომ მან ისეთი რამ დაინახა, რაც არ უნდა ენახა“, - აცხადებს ლაბაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ქართული მხარე მუდმივად ოჯახთან კონტაქტში იმყოფება და იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ახალგაზრდის ადგილმდებარეობას დაადგენს.
დავით რაზმაძის მამის ძმა და მისი მეუღლე 2008 წლის ომის დროს, გორის ვერხვების დასახლების დაბომბვისას დაიღუპნენ. დავით რაზმაძის მამის, ზაზა რაზმაძის ფოტომ, სადაც იგი დაღუპული ძმის ცხედარს დასტირის, მთელი მსოფლიო შეძრა. თავად ზაზა რაზმაძე კი 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.
მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიიდან ამ დრომდე ელის. უწყებაში ამბობენ, რომ თურქული ხომალდის ადვოკატი ლიბიაში იმყოფება და ცდილობს, ვითარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაარკვიოს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 23 წლის მეზღვაური დაპატიმრებულია, თუმცა ამას ოფიციალური წყაროები ლიბიიდან არ ადასტურებენ.
საქმეში ჩართულია ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, რომელიც ფარავს ლიბიას და ასევე, სტამბოლოს საკონსულო, ვინაიდან გემი იყო თურქული კომპანიის მფლობელობაში.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი იმედოვნებს, რომ დღის განმავლობაში კაიროდან დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.
„გემთმფლობელი კომპანიის ადვოკატი იმყოფება ლიბიაში და ცდილობს იქ დეტალების გარკვევას. გამოძიებას აწარმოებს ლიბიური მხარე. ცნობილია ის, რომ 7 იანვარს ჩვენი მეზღვაური, რომელიც მორიგეობდა გემბანზე, მეორე დღეს შემცვლელმა ვეღარ ნახა, ანუ ფაქტიურად მოხდა მისი გაუჩინარება და დღემდე რაიმე დეტალი აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის უცნობია.
„ჩვენი საელჩო არის კონტაქტზე ზოგადად ლიბიურ მხარესთან, ანუ საელჩოს მეშვეობით კაიროში და დღის განმავლობაში ჩვენ ველოდებით დამატებით ინფორმაციას, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც სიახლე მივიღოთ. ამ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს იყოს ნაკლებად სავარაუდო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მაშინ გემის დანარჩენი წევრები შესაბამის ჩვენებას ინფორმაციას გაავრცელებდნენ. თუმცა ვერცერთი ვერსიის გამორიცხვა ამ ეტაპზე ვერ მოხდება, სანამ გამოძიება უფრო დეტალურ ინფორმაციას არ მოგვაწვდის,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.