პარლამენტის წევრისა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, შოთა ხაბარელის ცნობით, ქართველი ძიუდოისტები რომელთა შორისაც იაპონიაში, ოსაკას გრან სლემზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შერიგდნენ. ხაბარელი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ფაქტის ირგვლივ სიტუაცია გარკვეულია და „პატარა გაუგებრობა“ იყო, რაც ბიჭების შერიგებით დასრულდა.
ყოფილი პარლამენტარი და ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური ადასტურებს ინფორმაციას, რომ დაპირისპირებული ძიუდოისტები „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, მისი ცნობით, შეხვედრა სულ სხვა საკითხებს ეხებოდა და ივანიშვილთან ნაჩხუბარი ძიუდოისტების შერიგება არ მომხდარა.
სიტუაცია კი ასეთია - იაპონიაში, შეჯიბრის დროს ქართველმა ძიუდოისტემა ერთმანეთი სცემეს. ის ძიუდოისტები, რომლებიც ფედერაციიის ექს-პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს უპირისპირდებოდნენ, ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ადამ ოქრუაშვილმა და მათმა მომხრე სხვა ძიუდოისტებმა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციები გამართეს. საბოლოოდ, ქევხიშვილი გადადგა, თუმცა ფედერაციაში დაძაბულობა ჯერ კიდევ არ განელებულა.
მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ძიუდოისტები და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები შუშის სასახლეში დაიბარა და ნოემბერში მომხდარი ჩხუბის გამო სასტიკად გაკიცხა.
შეხვედა ივანიშვილთან ახალი წლის წინა დღეებში მოხდა. ივანიშვილის მხრიდან ძიუდოისტებთან შეხვედრის მიზეზი ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს უკავშირდებოდა, რადგან ძიუდოისტები ორ ნაწილად არიან გაყოფილი და ვითარება ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის ძალიან გართულებულია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ურჩ ძიუდოისტებს გახარიათი დაემუქრა. შეხვედრას კი ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ყოფილი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური, ასევე ყოფილი ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ.
„რეზონანსი“ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ზურაბ ზვიადაურთან შეეცადა. ზვიადაურმა აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა და განაცხადა, რომ ის და სხვა დანარჩენი სპორტსმენები ივანიშვილს ახალ წლამდე ნამდვილად შეხვდნენ. თუმცა მან უარყო, რომ მათი შეხვედრის მიზეზი სპორტსმენების იაპონიაში მომხდარი ჩხუბი და ძიუდოს ფედერაციაში არსებული დაპირისპირება იყო.
ზვიადაური ამბობს, რომ ივანიშვილთან მათ საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ. ოლიმპირი ჩემპიონი „რეზონანსთან“ იმასაც ადასტურებს, რომ მან შესთავაზა დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებულიყვნენ და ის მათ შორის შუამავლი იქნებოდა. თუმცა მოჭიდავეებმა უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით თავად გაერკვევოდნენ. ზვიდაური ამბობს, რომ ნაჩხუბარი მოჭიდავეები ჯერაც არ შერიგებულან.
„რაღაც ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა დეტალები არ ვიცი - რატომ და რის გამო იჩხუბეს. მე უბრალოდ გამოვხატე სურვილი, რომ მათ შორის შერიგება მომხდარიყო.
ამათი შეხვედარ ჯერაც არ მომხდარა. თავად ბიჭებმა გამოხატეს სურვილი, რომ ერთმანეთში გაერკვეოდნენ და სხვების ჩარევა არ სურდათ. თუმცა ვიცი, რომ ჯერ არ უსაუბრიათ.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, ნამდვილად დაგიდასტურებთ და გეტყვით, რომ მას ახალ წლამდე ნამდვილად ვესტუმრეთ. თუმცა, ჩვენი შეხვედრა ამ ჩხუბის გამო არ მომხდარა.
„იქ არანაირი მკაცრი საუბარი არ ყოფილა, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია. შამპანურიც კი დავლიეთ და ივანიშვილმა დამდეგი შობა-ახალი წელი მოგვილოცა. აქ საუბრი იყო, თუ ივანიშვილი ძიუდოს განვითარებას როგორ დახმარებოდა.
„გავრცელდა ჭორი, რომ ვითომ გახარიათი დაგვემუქრა და ასე შემდეგ. მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს იყო სუფთა საქმიანი შეხვედრა. ის ბიჭებიც მოგვარდებიან, ახლა ზედმეტი ჩარევა საჭირო აღარ მგონია“, - აცხადებს ზვიადაური „რეზონანსთან“.