დიდთოვლობის გამო უკვე რამდენიმე კვირაა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ერთგვარ ბლოკადაში მოექცა და საკვები პროდუქტების დიდი დეფიციტია. ცხინვალსა და ახალგორში მაღაზიების დახლები ლამის მთლიანად დაცარიელდა. მალფუჭებადი პროდუქტები - ხორცი, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და მწვანილი დახლებიდან გაქრა. ადგილობრივების ნაწილი უკმაყოფილოა, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მათ გადაიტანეს ომი, ათწლეულის განმავლობაში ბლოკადით იტანჯებოდნენ და გაუძლეს, ამიტომაც ახლა ამ რამდენიმე დღიან გზის ჩაკეტვასაც გაუძლებენ.
საქმე ისაა, რომ დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი როკის გვირაბი იანვარში რამდენჯერმე დაიკეტა. გზის ამ გადაკეტვამ პიკს კი ახლა მიაღწია, როცა ერთი კვირის წინ „რესპუბლიკის" ავტომაგისტრალზე ზვავი ჩამოწვა და ერთი კვირაა მიმოსვლა შეწყვეტილია ვლადიკავკაზთან, საიდანაც ცხინვალში ხორცი და რძის პროდუქტები შედის.
ამას თან დაერთო მეორე პრობლემაც - დე ფაქტო ხელისუფლებამ ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მომიზეზებით ჩაკეტა ახალგორთან არსებული ე.წ. საზღვარი, რომელიც ახალგორს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებდა და ბოსტნეული და ხილი შედიოდა, ამიტომაც დახლებიდან ყველაფერი გაქრა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება, ვლადიკავკაზთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნება და პრობლემაც მოგვარდება. თუმცა წლევანდელი დიდთოვლობის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე იანვრის დიდი ნაწილი ამ მიმოსვლის გარეშე არიან და პირველი, რასაც ეს ბუნებრივი ბლოკადა ყველაზე მძიმედ დაეტყო, სასურსათო მაღაზიებია - „რესპუბლიკაში" მალფუჭებადი პროდუქციის შეტანა ვერ ხერხდება და ხორცისა და რძის პროდუქტების დიდი დეფიციტიც შეიქმნა.
ადგილობრივი მედიის თქმით, საგზაო მოძრაობის უპრეცედენტო შეფერხების გამო სურსათის მაღაზიებმა მხოლოდ 4-დან 12 იანვრამდე მოახერხეს პროდუქციის შეტანა ცხინვალში, სანამ „რესპუბლიკა" თოვლის ახალი ციკლონით დაიფარებოდა და პრობლემა ისევ დაბრუნდებოდა.
გზის დაკეტვის გამო პროდუქციის ნაკლებობამ პრობლემები შექმნა თუ არა, ამ კითხვით ადგილობრივებს „ეხო კავკაზამაც" მიმართა და პასუხებიც სხვადასხვაგვარი მიიღო.
ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ახალი წლის გამო მათ პროდუქტი ისედაც მომარაგებული ჰქონდათ, ერთადერთი მხოლოდ რძის პროდუქტების მცირე დეფიციტი იყო და ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ოსური ოჯახი, სადაც მარაგი არ აქვთ.
„მაღაზიებში პროდუქტების ნაკლებობა შესამჩნევია, ყველი და მალფუჭებადი პროდუქტები - რძე, ახალი მწვანილი და ახალი ხორცი არ არის და გზის ჩაკეტვამ პრობლემები შექმნა არა მარტო პროდუქტების თვალსაზისით, ადამიანები ვლადიკავკაზში ექიმთანაც ვერ მიდიან," - ამბობს ცხინვალის მკვიდრი ელენა.
„როდესაც გზა დაიხურა იანვრის დასაწყისში, დეფიციტი უფრო მძიმე იყო. ალბათ, საახალწლოდ ყველამ იყიდა პროდუქტი და მაღაზიებმა ახალი მარაგის შემოტანა ვერ მოასწრეს. ახლა კი დეფიციტი ასე მწვავედ არ იგრძნობა. ცხადია, ზოგ მაღაზიაში დეფიციტი ისევ არის. სამწუხაროდ, ზოგ მაღაზიაში ბევრი ვადაგასული საქონელიცაა და კარგი იქნება ეს თუ გაკონტროლდება.
„გზა მსხვერპლის თავიდან აცილების გამო გადაიკეტა, თუმცა ხალხი მოუთმენელი გახდა. ეს არაფერია, ჩვენ გადავიტანეთ ომი, ბლოკადის გამო ათწლეული ვიტანჯებოდით და რამოდენიმე დღიანი გზის ჩაკეტვასაც გავუძლებთ", - ამბობს მერი.
მიუხედავად იმისა, რომ 12 იანვრიდან უკვე ერთი კვირაა ცხინვალში ახალი პროდუქცია არსაიდან შესულა და ადგილობრივების ნაწილი სურსათის დეფიციტზე საუბრობს, ცხინვალის მედია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ არც პროდუქციის დეფიციტი იგრძნობა და არც რაიმე პრობლემა, მხოლოდ ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფი გამოხატავს უკმაყოფილებას, მაგალითად დედები, რომლებიც ჩვილი ბავშვებისთვის ყიდულობენ საკვებს და ამბობენ, რომ ბოლო დღეებია ეს დეფიციტი გახდა.
როგორც ცხინვალის მედია წერს, სურსათის დეფიციტი შეინიშნება მხოლოდ მცირე სასურსათო მაღაზიებში, სადაც შემორჩენილია რამდენიმე ყუთი შედედებული რძე, რომელსაც ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს და ნახევარფაბრიკატები ჰერმენტულ პაკეტებში, ხორცის მარაგი კი ამოწურულია. ცხინვალის მთავარ მოედანზე მდებარე პოპულარულ მაღაზიაში კი დეფიციტი არ იგრძნობა - თაროები ისევ სავსეა, როგორც წლის ყველაზე მშვიდ პერიოდში.
ასევე სავსეა რძის და ხორცის პროდუქტების განყოფილებებიც, თუმცა მაცივრები ნამცხვრებით ცარიელია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ მყიდველებს ტკბილეულის დეფიციტი არ ანერვიულებთ და მაინცდამაინც არ „სურსათის დეფიციტს" ამჩნევენ, რადგან თუ რაღაც ერთ მაღაზიაში არ არის, სხვაგან აუცილებლად იპოვნიან და ერთი კვირა არ არის იმდენად დიდი დრო, რომ პროდუქციის დეფიციტი პრობლემად იქცეს.