"თუ არჩევნების შემდეგ პრობლემები შეიქმნება, საქართველოში დავრჩებით"

"საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრაციაზე - ჩვენ ცესკოში ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია წარვადგინეთ. სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დოკუმენტებმა არ დააკმაყოფილა. მთავარი არგუმენტი და პრობლემა მათი მხრიდან ჩვენი ფინანსური დაფინანსების საკითხი იყო. ჩვენი ორგანიზაცია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით კერძო ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსდება არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირების მიერ. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ჩვენ აქ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მოწვევით ჩამოვედით", - აცხადებს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" კომუნიკაციების მართვის დირექტორი დალას ფრორიბი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ არჩევნების შემდეგ პრობლემები შეიქმნება, საქართველოში დავრჩებით" / `საქართველოს მედიასივრცე ღარიბია და "მასთ ქერი" არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს".

"ღია დემოკრატიის ინსტიტუტი" 6 ქვეყანაში მოღვაწეობს და 4 ქვეყანაში უკვე მიიღო აკრედიტაცია სადამკვირვებლო მისიის განსახორციელებლად. უკრაინაში სამჯერ განვახორციელეთ სადამკვირვებლო მისია და სამჯერვე მივიღეთ აკრედიტაცია, არადა, უკრაინასაც აქვს პრობლემები დემოკრატიასთან. ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციის სტრუქტურა, შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ცესკო საქმის ვითარებაში ვერ გაერკვა და რაღაც საშიშროება იგრძნო. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ორგანიზაციაში სადამკვირვებლო სფეროს პროფესიონალები არიან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ არჩევნების დაკვირვებისა, როგორც კავკასიაში, ისე მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში. საერთოდ, როცა თანხები, ფული ერთი დიდი ჯგუფისგან მოდის, ყოველთვის უნდა დაფიქრდე, შესაძლოა, ეს საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, ლაპარაკია სახელმწიფო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ამიტომ ჩვენ დაფინანსებისთვის სახელმწიფოსთვის არ მიგვიმართავს, ასობით კერძო შემომწირველი გვყავს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დალას ფრორიბი.

"საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვთხოვა გამოგვექვეყნებინა სია ყველა იმ პირისა, რომელთაც სახსრები შემოსწირეს ჩვენს ორგანიზაციას. მაგრამ საქმე ის არის, რომ ზოგიერთ ემიგრანტს, თავის ქვეყანაში, მაგალითად, უკრაინაში, საქართველოში თუ სხვაგან ოჯახის წევრები ჰყავს დატოვებული და შიშობენ, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნებით მათ საფრთხეს შეუქმნიდნენ. ამის გამო არ გამოქვეყნდა სრული სია იმ პიროვნებების, ვინც თანხა შემოგვწირეს. საქართველოს ცესკო უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჩვენი მისამართით, თუმცა მან სრულიად უპრობლემოდ მისცა აკრედიტაცია ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის ქვეყანაში არჩევნები გააყალბა, რის გამოც 28 ქვეყანაში ჩასვლა აეკრძალა", განაგრძობს რესპონდენტი.

"რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ყურადღება მიმართული იქნება არჩევნების დღეს ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესზე. არჩევნების შემდეგ მოხსენების გამოქვეყნებას ვაპირებთ, პოზიციას აუცილებლად გამოვხატავთ, ეს გზაღა დაგვიტოვეს. ჩვენი 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი მთელ საქართველოშია, თელავიდან დაწყებული, ბათუმით დამთავრებული: მათ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე დაიწყეს საარჩევნო პროცესზე დაკვირვება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. კარგად ვიცით, რომ არჩევნების დღეზე უფრო მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდი, ხშირად არჩევნების დღეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ... ამიტომ ვაკვირდებოდით ყველაფერს. ასევე დიდ პრობლემად მიგვაჩნია ამომრჩეველთა სიაში არსებული ხარვეზები. რააც შეეხება "მასთ ქერის" - ძალზე ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთა ამ საკითხზე კომენტარი და ჩვენ მათ თვალსაზრისს ვეთანხმებით. საქართველოს მედიასივრცე ღარიბი, მწირია და ვფიქრობთ, "მასთ ქერი" არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს", - ამბობს "ღია დემოკრატიის კომიტეტის" წარმომადგენელი.

"როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და მრავალი ქართველი, ქართულ ციხეებში გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ სრულიად შოკირებული და გაოგნებული ვართ. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ არაკანონიერ მოქმედებაში მონაწილეობდა, სათანადოდ დაისჯება", - დასძენს დალას ფრორიბი და შეკითხვას - "როგორ აფასებთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოადგილის თომას მელიას განცხადებას, რომ აშშ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეუთოს დასკვნის გაცნობის შემდეგ აღიარებს?", პასუხობს:

"თომას მელია კარგი პიროვნებაა. აშშ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა და არ არის გასაკვირი, რომ მხოლოდ ეუთო-ოდირის დასკვნის შემდეგ გამოხატავს საკუთარ პოზიციას.... რაც შეეხება ჩვენ ორგანიზაციას, თუ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, ერთი კვირის შემდეგ უკრაინაში წავალთ, სადაც ასევე საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო თუ პრობლემები შეიქმნება, საქართველოში დავრჩებით და მოვლენების შემდგომ განვითარებას დავაკვირდებით".