მსხვილ კომპანიებსა და უმსხვილეს სავაჭრო ქსელებს შორის დაპირისპირება თანდათან მწვავე ფორმას იღებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მწარმოებლები და დისტრიბუტორები ზოგირეთ ჰიპერმარკეტს პროდუქტს აღარ აწვდიან დავალინებისა თუ ხელშეკრულების კაბალური პირობების გამო. ამიტომ ამა თუ იმ სავაჭრო ქსელში უკვე აღარ მოიპოვება საკმაოდ ბევრი დასახელების ნაწარმი, რომელსაც მომხმარებელი ამაოდ დაეძებს.
„კარფურში“ კარგა ხანია „კოკა-კოლა“ აღარ იყიდება. დეფიციტს ჰიპერმარკეტების ქსელში მომწოდებელთან ხელშეკრულების გაჭიანურებით ხსნიან. „კოკა-კოლას“ ადგილობრივი მწარმოებელი კი, მიზეზად დამკვეთის მსხვილ დავალიანებას ასახელებს.
ჰიპერმარკეტების ქსელის 9 მაღაზიაში, მათ შორის, ბათუმშიც, გაზიანი სასმელის დისტრიბუცია რამდენიმე დღეა შეჩერებულია. შარშანდელი მარაგებიდან კი, მხოლოდ „კოკა-კოლას“ ბრენდის ყავის რამდენიმე ქილაა შემორჩენილი.
„კარფურის მენეჯმენტი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების გაჭიანურების მიზეზს, ფასზე ვაჭრობენ თუ მოცულობებზე. „ჯიბისის“ ცნობით, ყველაზე მსხვილი მომხმარებელი, „კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიას“ სხვა კლიენტების მსგავსად, კონსიგნაციით მუშაობს, ანუ ჯერ ყიდის და შემდეგ უხდის.
საქართველოში „კარფურის“ წლიური შემოსავალი 400 მლნ ლარამდეა. ბრენდის ფრანჩაიზას მფლობელი „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიაა“.
დაახლოებით ამგვარი პრობლემები აქვთ პურის მწარმოებლებს, რომლებსაც შეიძლება თანხას კი უხდიან, მაგრამ ე.წ. „ქეშ-ბექს“ სთხოვენ. პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე მათ შორის ქსელური მარკეტების როლს გამოყოფს, რაც, მისი თქმით, პურის ფასს 15-20 თეთრით აძვირებს.
„ქსელური მარკეტები ითხოვენ ე.წ. „ქეშ-ბექს“, ანუ პური რომ გაგაყიდინონ ითხოვენ გარკვეულ პროცენტებს. ადრე ეს იყო 5% პურის ღირებულების, ახლა კი გაზარდეს და 12%-ია. ესაა ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც ძალიან მძიმეა, მაგრამ გეუბნებიან, რომ პურის ნავაჭრიდან 12% მათ უნდა წაიღონ. ასე ვთქვათ, გადაწყვიტეს, პურზე გააკეთონ ფული და ეს დააწვა პურის ღირებულებას, ესაა მთელი უბედურება. არის კიდევ სავაჭრო აქტივობის კომპონენტი, საიდანაც 3-4 პროცენტი მიაქვთ“, - აღნიშნავს დოლიძე.
დისტრიბუტორთა ასოციაციშიც ადასტურებენ, რომ მათ საქმიანობას სავაჭრო ქსელების მხრიდან სერიოზული დაბრკოლება ხვდება და ეს მდგომარეობა თანდათან აუტანელია. ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, რომ პრობლემა უკვე ყოველდღიურია და რაც უფრო იკლებს მცირე მაღაზიების რაოდენობა და მატულობს ქსელური მარკეტების წილი, მით უფრო გაუსაძლისი ხდება ყოფა.
„განსაკუთრებით ამ მხრივ სადისტრიბუციო კომპანიებს გვიჭირს. სრული განუკითხაობაა ბაზარზე. დიდი ქსელები ითხოვენ კაბალური პირობებით თანამშრომლობას, ნებისმიერ სადისტრიბუციო კომპანიას სხვადასხვა პირობას სთავაზობენ. ყოველწლიურად პროგრესულად იზრდება „ქეშ-ბექის“ მოცულობა. რამდენადაც ფართოვდება ამა თუ იმ სუპერმარკეტის ქსელი, მით მეტად ეხსნებათ მადა. ერთადერთი გამოსავალია, რომ მათი პირობების დაკმაყოფილება პროდუქტის გაძვირების ხარჯზე მოხდეს“, - აცხადებს ჭყონია და არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეში კონკურენციის სააგენტოს ჩარევა გახდეს საჭირო, რადგან პრობლემა უკვე ნებისმიერი დასახელების პროდუქტთან მიმართებით არსებობს.