ივანიშვილის პაროდისტი, შიშველი კალაძე და 10

ივანიშვილის პაროდისტი, შიშველი კალაძე და 10 "ბოევიკი"

"ხელისუფლების მხრიდან "ქართული ოცნების" მიმართ გამოცხადებულ "კომპრომატების ომში" მესიჯი "რუსი მოდის" გუშინ საფრანგეთიდან მიღებული ვიდეოკადრების შემდეგ ახალი შინაარსით - "მხედრიონის აღდგენას აპირებენ" - ჩაენაცვლა. თუმცა, ამ კომპრომატების ომი ახლა რომ იწყება და მას გაგრძელება აუცილებლად ექნება, ამას თვით კოალიციის წევრებიც აანონსებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ივანიშვილის პაროდისტი, შიშველი კალაძე და 10 "ბოევიკი" / წინასაარჩევნო "კომპრომატების ომის" ახალი მიმართულებები.

"გაგრძელება იქნება და არა მარტო ფორმულით - "ქურდები" მოდიან. ნაციონალური არხები მორიგი პროვოკაციული აუდიომასალის გაშვებას აპირებენ, სადაც ბიძინა ივანიშვილი, ვითომ მის უწმინდესობას ლანძღავს. ამისთვის სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ხმის პაროდისტი აიყვანა", - ამის შესახებ სპეციალური განცხადება "ქართული ოცნების" თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მცხეთის სამხარეო სამმართველოს შენობის წინ გამართულ აქციაზე გააკეთა. მისი თქმით, ფაბრიკაცია ისე იქნება წარმოდგენილი, თითქოს ივანიშვილი სამების ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით ლანძღავს პატრიარქს. "ამას არც პატრიარქი და არც ქართველი ხალხი არ დაიჯერებს. ეს იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას ისე უჭირს, პაროდისტების დაქირავებაზე გადავიდა და ასე ცდილობს მიზნის მიღწევას", - განაცხადა ქუცნაშვილმა. გარდა პატრიარქის ლანძღვისა, შესაძლოა რუსული თემა კვლავ ამოტივტივდეს და როგორც "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, ამისათვის საქართველოში ათი "ბოევიკი" შემოიყვანეს", - ნიშნავს გამოცემა.

"საქართველოში ათი "ბოევიკი" შემოიყვანეს, რომლის წარმოჩენაც პოლიტიკური კოალიციის დანაშაულებრივ ჯგუფად სურთ. კოალიციას ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა და ამ წუთში ამაზე მეტს ვერაფერს იტყვის. არ ვიცით რა გეგმა შეიძლება ჰქონდეთ "ბოევიკებს". ერთი რამ ცხადია - ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ არეულობა "ქართული ოცნების" ინტერესში არ არის. ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდობიანად მივაღწიოთ გამარჯვებას. არეულობა და "ბოევიკები" იმას უნდა, ვისაც არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს", - განაცხადა ფანჯიკიძემ. "ხელისუფლებამ ნახა, რომ "რუსი მოდის" - ამ დაშინებამ დივიდენდები არ მოუტანა, ვერანაირად ვერ დაამტკიცეს, რომ "ქართული ოცნება" რუსის ჯარის შემოყვანას აპირებს. ახლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ "ქურდი მოდის", - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, პიარტექნოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის განმარტებით, ციხეში არსებული წამების ისტორიით ისეთი საშინელება მიიღეს, რომ "ქურდის", როგორც მტრის ხატის შექმნით ცდილობენ გაამართლონ ის საშინელება", - დასძენს გამოცემა.

"რაც არ უნდა მოიგონონ და რაც არ უნდა კომპრომატები გამოყარონ, სრულიად უაზროა. ფსიქოლოგიურად ისეთი სიტუაციაა, როდესაც თავად არიან კომპრომეტებულები და როცა ასეთი მხარე კომპრომატებს ყრის, დაუწერელი კანონი არსებობს, რომ ეს ბუმერანგივით უბრუნდება უკან. პატრიარქს ივანიშვილი ძალიან ხშირად ხვდება, თან ეს ადამიანი 50-მდე ეკლესიის აღმდგენია და პატრიარქს ლანძღავდეს, წარმოუდგენელია. საერთოდ ივანიშვილის პირიდან არანაირი სალანძღავი სიტყვა არ მსმენია", - ამბობს პიარტექნოლოგი და აღნიშნავს, რომ არაფორმალურ ლაპარაკშიც კი ივანიშვილი სრულიად კორექტულია და თუკი მსგავსი რამ გააჟღერეს, ეს ადამიანებში აგრესიას ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო გამოიწვევს"

"კომპრომატების ომი ხელისუფლებამ ორი დღის წინ დაიწყო, როდესაც შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობის ფაქტებია ნაჩვენები და კადრებში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, ემზარ ივანიშვილიც ფიგურირებს. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ სთავაზობს პოლიციელი ემზარ ივანიშვილს პოლიციელების მოსყიდვას, ასევე მოქალაქეებზე ძალადობას და ამ ყველაფრის ფირზე აღბეჭდვას. დიალოგიდან ჩანს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება ისეთი პირის პოვნა, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორებიან, მოსყიდულ პოლიციელს "ქართული ოცნების" აქტივისტს აცემინებენ და ამაში პოლიციელს 50 000 ლარს გადაუხდიან. ოფიცრის მიერ ჯარისკაცის ცემის კადრების გადაღებაში 50 000 დოლარის გადახდა მოხდება. გაცილებით ძვირია "მოსამართლის აღიარება" რომ პროკურატურის ზეწოლით უკანონო გადაწყვეტილებები გამოჰქონდა. მოსამართლის ფალსიფიცირებულ ჩვენებაში ივანიშვილი 100 000-სს იხდის, რომელშიც მოსამართლისთვის მისაცემი თანხა არ შედის. ვიდეოში გარკვევითაა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი", - წერს სტატიის ავტორი.

"კოალიციის ლიდერის ახლო ნათესავი საუბარში ამბობს, რომ ოპერაციის დეტალები ბიძინა ივანიშვილთან პირადად უნდა შეათანხმოს. შსს-მ აღნიშნულ საქმეზე ოთხი პირი, მათ შორის პოლიციელიც უკვე დააკავა და თანაც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, დაკავებისას პოლიციელს ამ საქმისთვის რამდენიმე დღის წინ ავანსად აღებული 7,5 ათასი ლარი რატომღაც ჯიბეში აღმოაჩნდა. ამას პლუს ისიც, რომ მთავარი "მომსყიდველი" ემზარ ივანიშვილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. კომპრომატების ომის გარდა ხელისუფლება სხვა ყველა ხერხს იყენებს ოპონენტი პოლიტიკური ძალის დამარცხებისთვის. მაგალითად, სამტრედიაში კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომრის საარჩევნო ბანერებზე მიზანმიმართულად კალაძის მოდელობისდროინდელ ნახევრადშიშველ ფოტოებს აკრავენ, იჭერენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს, ამ დროის მონაცემებით დაკავებულია 60-ზე მეტი აქტივისტი, ასევე საარჩევნო კომისიის წევრები, ძირითადად, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"კომპრომატის შემთხვევაშიც კი ფაქტთან ცოტა ახლოს უნდა იყოს ის მასალა, რასაც გვთავაზობ. უფრო კარგი წარმოდგენა მქონდა მათზე, მოლოდინი მქონდა, რომ მათი კადრები ცოტა უფრო ახლოს იქნებოდა რეალობასთან და ცოტათი დამაჯერებლობის ეფექტი მაინც ექნებოდა. თუმცა, წესიერ კაცზე რომ კომპრომატი მოიფიქრო, ეს მეცნიერებაა. არსებობს გერმანელი მეცნიერის წიგნი - "სიცრუის ტექნოლოგია" და სიცრუის დამაჯერებლად შეთხზვასაც განსაკუთრებული ნიჭი უნდა. ამათ კი შვილის მასწავლებელი მოწამლაო, ივანიშვილზე თავიდან ასეთი შავი პიარიც ააგორეს, თუმცა ამ ინფორმაციამ დამაჯერებლობის ეფექტზე მეტად აგრესია მოუტანა გამავრცელებლებს", - აცხადებს ზურაბ ბიგვავს, რომელიც დარწმუნებულიარომ "ახლაც ასევე იქნება და ლოგიკურად უფრო დიდ აგრესიას მიიღებენ", - დასძენს სტატიის ავტორი.