"კახი გამოქანებულის" "იუმორი" და მგლოვიარე საქართველო

ქვეყანაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების პარალელურად ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასერიოზულ განცხადებებს აკეთებენ. ერთ-ერთი სკანდალური თემა თბილისის მერის კახი კალაძის “გამოქანების“ მოწოდება გახდა.

კალაძემ  ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიიდან, “ნაციონალურ მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილსა და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს შალვა ნათელაშვილს კი მთაწმინდიდან გამოქანება ურჩია.  

"თქვენ ალბათ, მთაწმინდა იცით. სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ იქ და გამოექანონ... ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ მას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ამ განცხადებებს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და კალაძეს იუმორის გრძნობა მოუწონა.

"კახას სიტყვებია არაეთიკური? იმის თქმა გსურთ, რომ კახას სიტყვებია არაეთიკური? - ეს კითხვაც კი თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად, რაც ჩვენ გვქონდა უკანასკნელ არჩევნებში, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. სამწუხაროდ, ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, ესეც საზოგადოებამ კარგად იცის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის,  იყო და იქნება, ის, რომ სიძულვილის ენა არის მიუღებელი. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილი განაგრძობს იმავე ენაზე საუბარს. არსებობს იუმორი და იუმორი ყოველთვის არის ძალიან კარგი“, - განაცხადა ბახტაძემ.

კახა კალაძის განცხადება მოწოდების ერთ-ერთ ადრესატს “ლეიბორისტული  პარტიის” ლიდერს შალვა ნათელაშვილს არ გაჰკვირვებია. მერის ამგვარ  განცხადებას ნათელაშვილი მის  დაბალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს უკავშირებს.

"პატივი მქონდა მომესმინა კალაძის განცხადება. კალაძის მიმართ და მისი ზრდილობის ასპექტში არც ადრე ვიყავი განსაკუთრებულად მაღალი აზრის და ახლაც რამე ახალი ჩემთვის არ მომხდარა. რა ინტელექტი და გაქანებაც აქვს, იმით გადის იოლად, მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ  დედაქალაქის მერია. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეთიკის, კულტურის და მეცნიერების ცნობილი ქალაქის მერია და ის იყენებს ამ ფრაზეოლოგიას ოპონენტებთან საუბარში, რის გამოც მე ვუხდი თბილისელებს ბოდიშს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილს, იგი თბილისის მერს მოუწოდებს,  ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.

ხაბეიშვილი ვერანაირ იუმორს ვერ ხედავს კალაძის განცხადებაში, რომ ოპოზიცია მთაწმინდიდან, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიიდან "გამოექანოს“.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ქალაქის არჩეული მერი დიდ დიღომში აფეთქებიდან და 4 ადამიანის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მსგავს განცხადებებს აკეთებს.

“ოღონდ მას რამე არ დაბრალდეს, ოღონდ მასზე ვინმემ რამე ცუდი არ თქვას და მზად არის სხვას შეაწმინდოს ხელი. გაიხსენოს ყოფილი მთავრობა და 2009 წელს მიღებული კანონი. გადააბრალოს წინა ხელისუფლებას, მათ შორის, საკუთარ ხელისუფლებას და ა.შ. კალაძის მთავარი ამოცანაა, ვინც მასზე რაიმე კრიტიკულს იტყვის,  გალანძღოს და აგინოს. რა დროს იუმორია, რა დროს დაცინვაა და რა დროს მთაწმინდიდან გამოქანებაა, მგლოვიარეა სრულიად ერი და ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოება პასუხისმგებლიანი მერის პასუხს ისმენდეს, იმას ისმენს, რაც ყველამ მოვისმინეთ. ვწუხვარ, ასეთი უტიფარი, გაუნათლებელი, გაურკვეველი ინტელექტისა და წარმომავლობის მერის გამო, რომელსაც პასუხიმგებლობა არ გააჩნია და ნებისმიერ საკითხზე შეუძლია ასე იღლიცინოს”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დედაქალაქის მერის მოწოდებამ არამარტო პოლიტიკურ სპექტრში გამოწვია ვნებათაღელვა, არამედ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც გააერთიანა.

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დარწმუნებულია, რომ მალე თბილისის მერს კახა კალაძე ციხეში აღმოჩნდება.

გვარამიას თქმით, კალაძემ დღეს ციხისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

"დილიდან სიგიჟის სპირალისებური განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ამას ცალი ფეხი ციხეში აქვს, ქვია. კაცს სოფლიდან გამოიყვან, მაგრამ სოფელს კაციდან - ვერ“, - წერს გვარამია.

პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა კი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს კახი “გამოქანებული უწოდა”.

"ქაჯობამ გვაჯობა. ჯანსუღ ჩარკვიანი მართალია, ქაჯობა არ ”იკურნება”. ქაჯი ან ხარ ან არა - ეს რა მართლა ”გამოქანებული” მერი გვყავს! კახი "გამოქანებული”, - წერს ჩარკვიანი.

როგორც ჩანს, დედაქალაქის მერის ინიციატივას ქომაგებიც გამოუჩდნენ.

“ქართული მარშის” ერთ-ერთი  ყოფილი ლიდერი გია კორკოტაშვილი  კახა კალაძეს “გამოქანების“ ინიციატივას უწონებს. 

“კახა, შე მაგაროო!!! გულწრფელად მიხარია, რომ დაიძლია ბოლობოლო ენის მოჩლექით ლაპარაკი ტირანებთან! მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა”! - წერს კორკოტაშვილი.

ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს კალაძის მოწოდების ყველაზე მთავარი ფიგურანტი ყოფილი პრეზიდენტი.  მიხეილ სააკაშვილი არც მედიის და არც სოციალური ქსელების საშუალებით კალაძის ინიციატივას არ გამოხმაურებია.

სააკაშვილის დუმილის პარალელურად სოციალური ქსელი ამ თემაზე შექმნილი კარიკატურებით აჭრელდა.

"ფეისბუქის“ მომხმარებლებმა არაერთი გაშარჟებული ფოტო შექმნეს, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოექანებიან  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთაწმინდიდან.

თბილისის მერის მიერ ოპოზიციის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების და არაეთიკურობის პირველი შემთხვევა არ არის, ერთი თვის წინ კალაძემ ოპოზიციას საკუთარ საწოლებში გადატრიალებები "ურჩია".

"სასაცილოა მათი განცხადებები, გაკოტრებული პოლიტიკური პარტიაა. ჩვენმა მოსახლეობამ ისინი გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მთელი არჩევნების განმავლობაში ცდილობდნენ დესტაბილიზაციის შეტანას. ჯერ იმ ხელისუფლების და სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს.  თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, - განაცხადა მაშინ კალაძემ.

დედაქალაქის მერი სავარაუდოდ, არც ამის მერე გაჩერდება და მის მორიგ "შედევრს" საზოგადოება მალე მოისმენს ან იხილავს.