რატომ დაეცა მუხლებზე ირანის შაჰი სტალინის დანახვისას

რატომ დაეცა მუხლებზე ირანის შაჰი სტალინის დანახვისას

ცნობილმა კინორეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა შექმნა ისეთი არაჩვეულებრივი მხატვრული ფილმები, როგორიცაა: „არსენა“, „დიადი განთიადი“, „გიორგი სააკაძე“, „ფიცი“, „ბერლინის დაცემა“, „დაუვიწყარი 1919 წელი“ და სხვები. საერთოდ, ჭიაურელის ფილმები გამოირჩეოდა მაღალი გამომსახველობითი კულტურით, ეროვნული ლიტერატურისა და მხატვრობის რეალისტური ტრადიციებით.

რუბრიკაში საუბარი გვექნება, თუ როგორ იქმნებოდა ფილმი „გიორგი სააკაძე“. უპირველესად, როგორც წესი, სტალინი გაეცნო ორ სცენარს – ერთი იყო გიორგი ლეონიძის, ხოლო მეორე – ანტონოვსკაიასა და ჩორნის. სტალინის აზრით, ლეონიძის სცენარი წარმატებული იყო, მაგრამ მხატვრული დონით – ღარიბი, ხოლო ისტორიული მასალების შერჩევისა და მათი გამოყენების თვალსაზრისით პრიმიტიულიც კი ჩანდა. სტალინმა აღნიშნა, რომ ანტონოვსკაიასა და ჩორნის სცენარი თავისუფალია ამგვარი ნაკლოვანებებისგან, მაგრამ მას აქვს სხვა ხარვეზი – სცენარი მთავრდება სააკაძის პოლიტიკისა და მისი გამარჯვებით. ასეთი ფინალი არ შეეფერება ისტორიულ სინამდვილეს და ქმნის ყალბ წარმოდგენას საქართველოს წარსულზეო. სინამდვილეში, როგორც ისტორია მოგვითხრობს, სააკაძის პოლიტიკამ, თუმცა პროგრესულმა საქართველოს მომავალი პერსპექტივის თვალსაზრისით, მარცხი განიცადა, ხოლო თვით სააკაძე დაიღუპა.

სტალინი მიიჩნევდა, რომ სააკაძის დროინდელი საქართველო ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული ასეთი პოლიტიკისთვის, ანუ მისი გაერთიანებისთვის ერთ სახელმწიფოდ, სამეფო აბსოლუტიზმის განმტკიცებისა და თავადთა ხელისუფლების ლიკვიდაციის გზით. მთავარი მიზეზი ნათლად ჩანდა, რომ თავადები და ფეოდალები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ, ხოლო მეფე და აზნაურები – უფრო სუსტნი, ვიდრე სააკაძე ფიქრობდა. მას უნდოდა, ასეთი ვითარება გადაელახა და ეს უცხო ძალის, სახელდობრ, თურქეთის ჩარევით გაეკეთებინა, მაგრამ, საგარეო ფაქტორის ძალას არ შეეძლო ქვეყნის შინაგანი სისუსტის კომპენსირება. სტალინის რჩევით, ანტონოვსკაიასა და ჩორნის სცენარში დადგენილი იქნა ისტორიული სიმართლე და სამართლიანობა.

ასე რომ, სტალინმა მისთვის დამახასიათებელი სიღრმით განიხილა და სრულიად დარწმუნებულად, მკაფიოდ და ნათლად გადაწყვიტა გიორგი სააკაძის ფენომენის შექმნის საკითხი. ასე და ამგვარად იქცა კინოფილმი „გიორგი სააკაძე“ კინემატოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.

სტალინი განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა დაზუსტებული სცენარით კინოფილმის გადაღების საკითხს. ცნობილია, რომ 1941 წლის ნოემბრის დასაწყისში სტალინმა თბილისიდან გამოუძახა ჭიაურელს და დაავალა, სასწრაფოდ დაეწყო ფილმის გადაღება. ეს ამბავი იმ დროს ხდება, როდესაც გერმანელ ფაშისტთა ჯარები კრემლის თაღებიდან მხოლოდ 40 კილომეტრის დაშორებით იდგნენ. სტალინი ფილმის გადაღებას მოითხოვდა დაუყოვნებლივ, ექვს თვეში, რადგან ჯარისკაცთა სამხედრო, პოლიტიკური და პატრიოტული სულისკვეთების საგრძნობლად ამაღლების საქმეში მას დიდი როლი უნდა ეთამაშა. ჭიაურელი გაცილებით მეტ დროს ითხოვდა. არადა, სტალინმა ჭიაურელს აღუთქვა ყოველგვარი დახმარების უზრუნველყოფა, რაც კი საჭირო იქნებოდა ფილმის დროულად და მაღალმხატვრულ დონეზე გადაღებისთვის.

მართლაც, ფილმი „გიორგი სააკაძე“ რეკორდულ დროში შეიქმნა, რომელსაც საკმაოდ დიდი სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. იმ დროს ამ ფილმით ხალხს ჩაუსახეს რწმენისა და მტერზე გამარჯვების იმედი.

ფილმს, რომელიც ორ სერიად გადაიღეს, პირველი ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭა.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კინოფილმში „გიორგი სააკაძე“ მთავარ როლებს ასრულებდნენ თეატრის ისეთი კორიფეები, როგორებიც იყვნენ: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე...

1943 წლის 28 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე ირანის დედაქალაქ, თეირანში მოლაპარაკება მიმდინარეობდა სტალინს, რუზველტსა და ჩერჩილს შორის. სტალინმა კონფერენციის მსვლელობისას გამონახა დრო და საბჭოთა საელჩოს დარბაზში აჩვენეს ფილმი „გიორგი სააკაძე“. ჩვენებას ესწრებოდნენ რუზველტი, ჩერჩილი, ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი და სტალინი. ფილმი ყველას მოსწონებია, განსაკუთრებით კი, ირანელებს აღფრთოვანება გამოუხატავთ შაჰ-აბასის როლის შემსრულებლის, აკაკი ვასაძის მიმართ, თან გაიძახდნენ – „შაჰი სწორედ ასეთი უნდა იყოსო“.

გვახსენდება ერთი ფრაგმენტი აკაკი ვასაძის მოგონებიდან – „სტუმრად სტალინთან“. სტალინსა და ვასაძეს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: „გურულო, რამე რომ იყოს, ხომ არ წახვიდოდი ირანში შაჰად?“, ხუმრობით ეკითხება სტალინი. აკაკი ვასაძე პასუხობს: „არა, ამხანაგო სტალინ, რა მინდა ირანში, როცა საკუთარ სახლში შაჰიცა ვარ და შახინშაჰიც“ „მეც ეგრე ვუთხარი, ვასაძე თქვენს შაჰობას არ დათანხმდება-მეთქი“, – სიცილით უთხრა სტალინმა. სხვათა შორის, საუბარი გაიმართა 1946 წლის ოქტომბერში, სოჭში დასასვენებლად მყოფ სტალინთან.

სტუმარ-მასპინძლის ადათ-წესებიდან გამომდინარე, სტალინმა გადაწყვიტა, შაჰს სტუმრად სწვეოდა მისსავე სასახლეში. სტალინის გამოჩენისთანავე შაჰი ისე დაიბნა, რომ მუხლებზე დაეცა და სტალინს მხსნელი უწოდა, თანაც ჩექმებზე ჰკოცნიდა. სტალინმა იგი ფეხზე წამოაყენა და დიდხანს ესაუბრა. სწორედ მაშინ უთხრა სტალინმა თავის თანმხლებ პირებს ქართულად: „სად არის გიორგი სააკაძე, მუხლმოდრეკილ შაჰს ხედავდეს“...

ალბათ, საინტერესო იქნება, მოვიყვანოთ ცნობილი ჟურნალისტის, ჰენრიხ ბოროვიკის მიერ გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში“ (5, 2007 წელი) გამოქვეყნებული ნარკვევის მოკლე შინაარსი, სადაც მოთხრობილია სტალინისა და ჭიაურელის ურთიერთობაზე. ბოროვიკი გაზეთის მკითხველებს უამბობს, თუ როგორ შექმნა ჭიაურელმა ისეთი არაჩვეულებრივი მხატვრული ფილმები: „უკანასკნელი მასკარადი“, „გიორგი სააკაძე“, ხოლო ომის შემდეგ „ფიცი“ და „ბერლინის დაცემა“. ორ უკანასკნელ ფილმზე ბოროვიკი სარკაზმით ამბობს, რომ იქ მთავარ გმირად გამოყვანილია „ყველა ხალხის ბელადი“ სტალინი, რომლის როლს განუმეორებელი მიხეილ გელოვანი თამაშობდა.

ბოროვიკის აზრით, სტალინის გარდაცვალებისა და მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვის გამოსვლის შემდეგ, ჩვენმა მუდამ მოწინავე ინტელიგენციამ, უნდოდა, რა, ეპოვა პასუხი კითხვაზე – „ვინ არის დამნაშავე?“ დაიწყო მიხეილ ჭიაურელის განსჯა რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი დამნაშავე პიროვნების კულტის აღზევებისა, რომ მან მიიღო მრავალი ჯილდო და ის სტალინის დროს კარგად ცხოვრობდა. არადა, მან ძალზე ნათელი კვალი დატოვა საბჭოთა კინემატოგრაფიაში. იყო რა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მას ექვსჯერ ჰქონდა სტალინური პრემიის ლაურეატის წოდება მინიჭებული.

ბოროვიკი არ აზუსტებს, ვინ რა წვლილი შეიტანა პიროვნების კულტის ჩამოყალიბების საკითხში და ტენდენციურად ამბობს, რომ ჭიაურელი მძიმედ განიცდიდა შევიწროებას და თავს ვერ იცავდა. ბოროვიკი განაგრძობს თავის ბოდვით ლაყბობას და გვამცნობს, რომ თურმე, ერთხელ საკმაოდ გვიან, თითქმის შუაღამისას, სტალინმა სტუმრად მიიწვია კინორეჟისორი და წინადადება მისცა სხვადასხვა საკითხზე ესაუბრათ, თან ჭადრაკიც ეთამაშათ. ბოროვიკი თან გვაფრთხილებს, რომ სტალინი ჭადრაკს არცთუ ისე კარგად თამაშობდაო. ჭიაურელი ღელავდა, მთელი ღამე ნერვიულობაში გაუტარებია და საერთოდ არ უძინია, დილით ადრე კი ჩაუცვამს და სტალინთან გამომშვიდობების გარეშე წასულა. იმ ღამის განცდების შესახებ მან მეგობრებს უამბო და მწარე ღიმილით დაამატა: „ისინი კი ამბობენ, რომ სტალინის დროს მე მშვიდად ვცხოვრობდი!“ ბოროვიკი თავის პასკვილში გვიყვება ჭიაურელის „საშინელ“ განცდებზე, მის შიშსა და ფსიქოლოგიურ შოკზე და აღნიშნავს, რომ სტალინმა ყველაფერი გააკეთა მის შესაშინებლად და დასათრგუნადო.

აქ დასკვნა ერთნიშნაა, ყველაფერი თითიდან გამოწოვილ მონაგონს უფრო ჰგავს, ვიდრე ჭეშმარიტებას. ასეთი ცრუ მონაჩმახი მიმართულია საზოგადოების თვალში სტალინის დისკრედიტაციის, მისი ავტორიტეტის დაკნინებისა და შებღალვის მიზნით.

ჰენრიხ ბოროვი კი თავის პასკვილს პათეტიკურად ამთავრებს: „რა თქმა უნდა, იმის მცდელობა, რომ გაირკვეს, ვინ აქცია ჭაბუკი იოსებ ჯუღაშვილიდან ის „დიდ მესაჭედ“, „ყველა დროის უდიდეს ბელადად“, „ფიზკულტურელთა საუკეთესო მეგობრად“ და „ყველა ხალხის მამად“, მოითხოვს სერიოზულ კვლევათა მრავალ ტომს. უნდა გაირკვეს, თვითონ მან მიაღწია ყოველივე ამას თუ სხვისი დახმარებით? როგორი როლი ითამაშა ამაში მისმა გარემოცვამ – უახლოესმა თუ შორეულმა? ამ კითხვებზე კი პასუხი უნდა ვეძებოთ არა იმისთვის, რომ ჩვენი წარსულის ტრაგედიებში აუცილებლად მოვნახოთ დამნაშავეები და მათ დახვრეტა მივუსაჯოთ, თუმცა სიკვდილის შემდგომ – მარქსს, ენგელსს, ლენინს ანდა სტალინს; პასუხის მოძებნა საჭიროა იმისთვის, რომ არ დავუშვათ მსგავსი ტრაგედიები ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ ცხოვრებაში“.

საერთოდ, უკანასკნელ ხანს, განსაკუთრებით კი რუსეთში, ხალხი სტალინის მიმართ სინანულსა და ნოსტალგიას გამოხატავს, ხშირად იხსენებენ და იმეორებენ, რომ მან იხსნა არა მარტო რუსეთი, არამედ, მთელი მსოფლიო ფაშიზმის უღლისგან.