კალაძე თავისებური „შავი სიის“ შედგენას ითხოვს

კალაძე თავისებური „შავი სიის“ შედგენას ითხოვს

დედაქალაქის მერის ტენდერებში გამარჯვებული უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ გამოდის და ერთგვარი „შავი სიის“ შედგენის ინიციატივასაც აყენებს. კახა კალაძის თქმით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ისეთი კომპანიები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ასეთი კონკრეტული მაგალითები საკმაოდ იყო.

ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული შემთხვევაა ვარკეთილის ხიდის 50 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც 7 თვე გრძელდებოდა.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ისეთი კომპანიები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ჩვენც გვქონდა ასეთი კონკრეტული მაგალითები. მაგალითად, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვის განმავლობაში გაგრძელდა. 50 მეტრის სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია 7 თვე გრძელდებოდა, რაც კატასტროფაა, უპასუხისმგებლობაა. ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და ასეთი კომპანიები ჩვენს გვერდით არ უნდა ხვდებოდნენ“, - აღნიშნა მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ და მოითხოვა ამგვარი კომპანიების წინააღმდეგ განსაკუთრებული ზომები იქნეს მიღებული.

ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაციას კონტრაქტორი კომპანია

„კაემპე“ ახორციელებდა. როგორც მისი აღმასრულებელი დირექტორი ნოდარ ბულბულაშვილ აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართონ.

„კონტრაქტი შეგვიწყვიტეს, რის გამოც 160 ათასი ლარის საჯარიმო სანქციები დაგვეკისრა. ამხელა ფული კომპანიამ უნდა იზარალოს, რისი მიზეზით? მერიას უკვე მივმართეთ და ავუხსენით გარემოებები. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, იძულებული გავხდებით სასამართლოს მივმართოთ, რომ თანხა დავიბრუნოთ. არ მგონია, კახი კალაძე ყველაფრის საქმის კურსში იყოს, მიწოდებული აქვს რაღაც არასწორი ინფორმაცია, რომელსაც 6 თვის მანძილზე ამეორებინებენ“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ბულბულაშვილი ამტკიცებს, რომ 1 თვისა და 20 დღის განმავლობაში სამუშაოების იძულებით შეჩერება მოუწია. „ხიდის მიმდებარე დამხმარე გზა დაკეტილი იყო, წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ეს ჩვენს სამუშაოებთან კავშირში არ ყოფილა, მაგრამ ამის გამო ხიდის დემონტაჟი ვერ დავიწყეთ. ვიყავით გაჩერებულები და ველოდებოდით. მიუხედავად ამისა, პროექტი მაინც დროულად დავასრულეთ.

ხიდები არა 50 მეტრი, როგორც კალაძემ განაცხადა, არამედ ჯამში, 200 მეტრი სიგრძისაა. სამუშაოებისთვის კი, სატენდერო პირობებით, 200 დღე გვქონდა, რაც თითქმის 7 თვეა და მიუხედავად იძულებითი შეჩერებისა, მაინც ჩავეტიეთ დროში“, - განუცხადა „ბიზნესმედიას“ ბულბულაშვილმა.

მისი ინფორმაციით, დარჩენილია მცირე მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რისი საშუალებაც მერიამ მათ აღარ მისცა და კონტრაქტი შეუწყვიტა.

თბილისის მერი კი ერთი კონკრეტული მაგალითით შემოფარგვლას არ აპირებს. იგი დედაქალაქის მთავრობის წევრებს მიმართავს ყველაფერი გააკეთონ, რომ მსგავსმა კომპანიებმა ტენდერებში მონაწილეობა არ მიიღონ. ამ კუთხით, კომპანიების ერთგვარი „შავი სიის“ შედგენაც შესაძლებელია.

„ეს აფერხებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და შემდეგ პრეტენზია მოდის მუნიციპალიტეტზე და არავინ არ უყურებს იმას, რომ კომპანია უპასუხიმგებლოდ მოიქცა. ჩვენ გვაქვს ამაზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა კალაძემ.