მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის ტანის უკანა ნაწილი ეწვით, - ამის შესახებ გოგა ხაინდარავამ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
"ეს იმიტომ, რომ იციან, სასამართლო სკამზე დაჯდებიან იმ ფაშიზმის, კანიბალიზმის, რაც მთავარია კაცობრიობის წინააღმდეგ, ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამ კვალიფიკაციას ესადაგება და ჩვენ მალე ვნახავთ სააკაშვილის, მერაბიშვილის და ადეიშვილის პასუხისგებას", -განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, პასუხები უნდა გაეცეს იმ შეკითხვებს, როდესაც 2007 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
"მე მაშინ დამადანაშაულეს ქვეყნის ღალატში, ჯაშუშობის და გადატრიალების მცდელობაში. არა მგონია ამაზე უარესი დანაშაული არსებობდეს ადამიანისთვის, ქურდებთან მეგობრობა ამასთან რა მოსატანია", - განაცხადა ხაინდარავამ.
მისივე განმარტებით, მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არაა გაცემული.
ამასთან, ხაინდარავამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ველს 2008 წლის არჩევნების შემდეგ გაემიჯნა და დღევანდელი მისი აქტიურობა არის მისი კერძო პოზიცია, როგორც საქართველოს მოქალაქის.
ტელეკომპანია "მაესტროდან" გამოსვლისთანავე გოგა ხაინდრავას დაკითხვაზე დაბარების უწყება ჩააბარეს. ხაინდრავამ შს სამინისტროს წარმომადგენელს უწყება გამოართვა , თუმცა, მას დოკუმენტის ჩაბარების შესახებ ხელი არ მოუწერა.
რაც შეეხება უშუალოდ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, ხაინდრავა ჟურნალისტებთან საუბარში ხელისუფლების მიერ კანონიერ ქურდად მოხსენიებულ რევაზ ლორთქიფანიძესთან შეხვედრას ადასტურებს. თუმცა, აცხადებს, რომ ის მისი ბავშვობის მეგობარია და მოინახულა იმიტომ, რომ ავად იყო.
"რეზო ლორთქიფანიძე ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, იქნება და არის, ერთ სახლში გავიზარდეთ, ფაქტობრივად დედამისმა გამზარდა. როგორი ძმაკაციც იყო ჩემი, ისევ ისეთივე დარჩება. ის 7 წელი იჯდა გლდანის ჯურღმულში. როგორ აღმოჩნდა საფრანგეთში, ვანო მერაბიშვილს ჰკითხეთ. ის ძალიან ცუდად იყო და კარგა ხნის განმავლობაში საფრანგეთის საავადმყოფოში იწვა, მე ჩავაკითხე როგორც მეგობარს და მოვინახულე როგორც მეგობარი. სახლში შესვლა-გამოსვლის კადრებიც სწორედ მაშინაა გადაღებული, ამას არ უარვყოფ", - განუცხადა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, დანარჩენ შეკითხვებთან დაკავშირებით ის პასუხს მხოლოდ ფრანგულ ჟანდარმერიას გასცემს, თუკი მათ ასეთი შეკითხვები გაუჩნდებათ. რაც შეეხება ქართულ სამართალადამცავ უწყებებს, მათთან თანამშრომლობას ხაინდრავა არ აპირებს და ამის მიზეზად აცხადებს, რომ მის სათავეში სახელმწიფო დამნაშავეები დგანან.
"ეს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რაც ყველა მათგანს დაუმტკიცდება", - დასძინა ხაინდრავამ. ამასთან ის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ელჩს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ოფიციალურად დაადასტუროს ან უარყონ, მართლა მოხდა თუ არა აღნიშნული ვიდეომასალის ქართული მხარისთვის უშუალოდ საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ გადაცემა.