საფრანგეთის სენატის, საფრანგეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრ ერთ-ერთ სენატორ ქალბატონს საქართველოს ციხეში ქალი პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მიაწოდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაზეთ "ვერსიის" მთავარმა რედაქტორმა, მაია ფურცელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ინფორმაციის წყარო იუწყება, რომ წამების ამსახველ ვიდეოკადრებში, ქალი პატიმრების ჯგუფური გაუპატიურებაცაა ასახული.
"ჩვენ შევეცადეთ, რომ ამ ქალბატონს დავკავშირებოდით, მეორე დღეა ველოდებით, რომ კონტაქტი შედგება. წინასწარი ინფორმაციით კი, ეს ბევრად მძიმე კადრებია, ვიდრე აქამდე გავრცელდა", - განაცხადა მაია ფურცელაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაციის წყაროს ცნობით, ქალი პატიმრების წამების ამსახველი კადრები დღეს, პრეზიდენტის გაერო-ში გამოსვლის წინ უნდა გავრცელებულიყო.
"თუმცა ჯერჯერობით ვერ მოვიპოვე ინფორმაცია, რატომ გაჩერდა ამ კადრების გავრცელება. ჩვენ შევეცდებით, ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებას, რომელიც დაგვპირდა, რომ რაიმე ინფორმაციას მაინც მოგვაწვდის ამის შესახებ", - განაცხადა ფურცელაძემ.
მაია ფურცელაძემ აღნიშნული ინფორმაცია პირველად "ფეისბუქზე" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.