"პოლიტიკა ბინძური საქმეა" - ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ და საქართველოს პოლიტიკურ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ამაში ადვილად დავრწმუნდებით.
ვინ ქმნის ბინძურ პოლიტიკას? - რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.
წარსულზე საუბარი შორს წაგვიყვანს, არადა, სალაპარაკო ბევრია. სალაპარაკო ბევრია ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდზე და მანამდეც...
1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარლამენტი კი ქუთაისში გადაიტანეს, ასე გადაწყვიტა ხელისუფლებამ. ბოლო წლებში განვითარებული მძიმე მოვლენების და იმ უამრავი აქციის შემდეგ, რომელიც პარლამენტის წინ პერმანენტულად იმართებოდა სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ, ალბათ საოცარი არაფერია, რომ პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ხალხი ისევ გამოდის, იკრიბება და მთავარია პროტესტი, თორემ ადგილის მოძებნა, სადაც შეკრებას მოახერხებენ, რთული არ არის. სულ არ სჭირდებათ ამისათვის სამარშრუტო ტაქსების დაქირავება და ქუთაისში ჩასვლა.
ერთი თვის წინ პარტიებმა ეტაპობრივად გამოაქვეყნეს საარჩევნო სიები, მაგრამ რაც მთავარია, ამაყად წარმოგვიდგინეს ათეულები, ოცეულები და ასორმოცადაათეულებიც. თითოეული პარტიის ლიდერს რომ ჰკითხოთ, მათი კანდიდატებიდან ყველა წმინდანია, ფრთები არ აქვთ, თორემ იმ მიწასაც არ დააკარებდნენ ფეხს, რომელზეც ჩვენ, რიგითი მოკვდავები დავდივართ. თუმცა წმინდანობის რა მოგახსენოთ და განსაკუთრებულად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც პატიმრების წამებისა და გაუპატიურების საზარელი ფაქტები გამოქვეყნდა, საინტერესოა, რას ფიქრობენ ნაციონალური გუნდის წარმომადგენლები, რომელთაგანაც არაერთი უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესებში და ზოგიერთი მათგანი ამ საზარელ მოვლენებს დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.
ქართულ პრესას და ინტერნეტს თვალს თუ გადავავლებთ, არაერთი კანდიდატის "საგმირო" საქმეებს აღმოვაჩენთ. ნარკომანობიდან დაწყებული, იმ ქალბატონებით დამთავრებული, რომელთაც პოლიტიკაში მოხვედრამდე და ხალხისთვის ჭკუის სწავლებამდე "მაღალთა ამა ქვეყნისათა" ლოგინები მოიარეს. პოლიტიკაში რომ ბევრ ფულს შოულობენ და ჯიპებიდან აღარ ჩამოდიან, ესეც არახალია. მათი მივლინებების თანხებს და პრემიებსაც ბევრჯერ ჩავუგდივართ შოკში.
არცთუ დიდი ხნის წინ, კადრების გადახალისების მიზნით, მთავრობამ კიდევ ერთი საინტერესო იდეა შემოგთავაზა და პოლიტიკაში მინისტრებად ახალგაზრდა ქალბატონები დანიშნა. სააკაშვილს კანადაში ვერა ქობალიას გამომცხვარი პური ისე მოეწონა, რომ "მიხვდა", მხოლოდ ის დააყენებდა ქართულ ეკონომიკას ფეხზე და სასწრაფოდ თვითმფრინავის ბილეთი შეუძინა. სამინისტროს ერთი სიტყვა, მდგრადიც დაუმატეს, ფეხზე დაყენებული ეკონომიკა რომ მალე არ ჩამოშლილიყო. სანამ ხელისუფლება ახალი მინისტრის პიარით იყო დაკავებული, ინტერნეტში ქობალიას პიკანტური ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც მეგობრებთან ერთად ბარში ერთობოდა.
მეორე ქალბატონი მინისტრი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ხათუნა კალმახელიძე გახლდათ. სასჯელაღსრულების სისტემის, საბედნიეროდ, ის უკვე ექსმინისტრია და ჯერ კიდევ 2011 წელს ეძებდა აკაკი წერეთლის საფლავს სოფელ სხვიტორში, რომ მისთვის მირთმეული ყვავილები მგოსნის საფლავზე დაეწყო.
ნეტავ მხოლოდ აკაკის საფლავის ადგილსამყოფელი არ სცოდნოდა და საკუთარი საქმე ნორმალურად ეკეთებინა. აკაკის საფლავის არცოდნას ნამდვილად ავიტანდით, მაგრამ ბოლო პერიოდში ციხეში დატრიალებული სისასტიკის კადრების ატანა საზოგადოებას ძალიან გაუჭირდა. იმავე ღამეს კალმახელიძე გაზეპირებული ფრაზებით გვესაუბრა "რუსთავი 2"-ის ეთერიდან. ეტყობოდა, რომ არსად აპირებდა წასვლას, მაგრამ მეორე დღეს განცხადება მაინც დაწერა და გადადგა. საზოგადოებას კი სამახსოვროდ პატიმართა ამაზრზენი წამების კადრები და საკუთარი სკანდალური ფოტოები შემოუნახა, სადაც ვიღაც მამაკაცის მუხლებზე მოკალათებული ამაყად პოზირებს.
ნაციონალური მოძრაობა კი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს და მისი სიაც "ღირსეულად" გამოიყურება.
სიის პირველ ნომრად დავით ბაქრაძე აირჩიეს. ადამიანი, რომლის მიმართაც საზოგადოებას არანაირი ემოცია არ გააჩნია. ის არც ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა და არც ქარიზმატული პოლიტიკოსია. ბაქრაძის ხსენებისას მხოლოდ აგვისტოს ომს თუ გავიხსენებთ, როცა ღია ეთერში მოგვიწოდა, დანა-ჩანგლით დაგვეცვა თავი მტრისგან.
მეორე ნომერი პეტრე ცისკარიშვილი გახლავთ. მან სერიოზული პოლიტიკური კარიერა პანკისში გატაცების შემდეგ გაიკეთა. ამ თემაზეც უამრავი დაიწერა და როგორც ამბობენ, ცისკარიშვილის გატაცების რეალური მიზეზი შეძენილი ნარკოტიკების ვალი გახლდათ.
მეექვსე ნომრად ჩიორა თაქთაქიშვილია, რომელიც ახალ საარჩევნო მარათონში პრესსპიკერად დანიშნეს და ყველა თემაზე მხოლოდ ერთს ჭიკჭიკებს - "მეტი სარგებელი ხალხს". რას მოიაზრებენ ამ სარგებელში, ამაში არაერთხელ დაგვარწმუნეს.
მეშვიდე ნომერი - მიხეილ მაჭავარიანი, პარლამენტის ისეთივე ატრიბუტად იქცა, როგორც მიკროფონები ან თუნდაც ტრიბუნა.
"ნაციონალთა" ათეულს 21 წლის მარიამ საჯაია ასრულებს, რომელიც ყოფილი პარლამენტარის ნაზი არონიას ქალიშვილი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მათ ოჯახში პარლამენტარობა მემკვიდრეობით გადადის, ოღონდ ქალების ხაზით გრძელდება.
გიორგი კარბელაშვილი, რომელიც ვაკეში იყრის კენჭს, პრეზიდენმა მეკობრეებთან მებრძოლ გმირად მაშინ გამოაცხადა, როდესაც დიდი ხნის ტყვეობის შემდეგ ქართველები სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან დაიხსნეს. ბევრი ამ ფაქტს წინასაარჩევნო პიარსაც მიაწერდა, მაგრამ ფაქტია, რომ ორ დღეში კარბელაშვილის გმირობა საავადმყოფოში გაგრძელდა, სადაც, როგორც მაშინ გაგვიცხადეს, ბრძოლის დროს სავარაუდოდ ბუზმა ცეცემ უკბინა. თუმცა, თუ ხალხში ფართოდ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ეს ბუზის ნაკბენი კი არა, ნარკოტიკების "ლომკა" უფრო იყო. კარბელაშვილისა და ნარკოტიკების "მეგობრობას" წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელებული "პლაკატებიც" უსვამს ხაზს. ეს გმირული ისტორია კარბელაშვილმა მომავალ თაობას კომიქსის სახით შემოუნახა და წინასააარჩევნო პიარად იყენებს. ახლა კი გმირობით არ დაკმაყოფილდა, წამებულის მანტია მოირგო და განაცხადა, რომ ციხის სკანდალური ვიდეოების გამოძიების დასრულებამდე თავად ჩაჯდება ციხეში და ამ პერიოდს პატიმრებთან ერთად გაატარებს. საინტერესოა, იმას თუ ფიქრობს, რა ხასიათზე დადგებიან პატიმრები მისი დანახვისას.
სიას არ ტოვებენ მარადმწვანე პალიკო კუბლაშვილი, ეკა ხერხეულიძე, აკაკი ბობოხიძე, ხათუნა ოჩიაური და სხვები….
თუმცა ნაციონალების სიას რომ გადავხედე, ბევრი აქამდე უცნობი, მაგრამ პოლიტიკოსობის მსურველიც აღმოვაჩინე. გამორიცხული არ არის, მომავალ პარლამენტში მოხვდნენ მურადიანი გენრიხი, მამულაშვილი სოკრატე, შავლოხაშვილი რევაზი, ჩიკვილაძე პროკოფი და ჯანაშია ნაული.
ქრისტიან-დემოკრატები პოლიტიკაში მეორე წრეზე მოდიან. ვინც მათი წინასაარჩევნო კლიპი იხილა, ყველას გაუკვირდა, რატომ აყვირდა გიორგი თარგამაძე ტრიბუნიდან ისე, როგორც პრეზიდენტი უკვე თითქმის ათი წელია გვიყვირის. რა არ ქნეს ქრისტიანებმა და თან დემოკრატებმა, მხარდამჭერებთან ერთად გურჯაანში მწვადი შეწვეს და იქეიფეს. ახლა კი "ნიკოლშოუსთან" და ნინი ქარსელაძესთან ერთად კონცერტებსაც ატარებენ. გია ნიკოლაძესთან ერთად სცენაზე ხელიხელგადახვეული თარგამაძე რომ დავინახე, ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი და იმავე მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და უცნობი გამახსენდა.
მათი ყველაზე ხმაურიანი სახე ამ არჩევნებზე ინგა გრიგოლია უნდა ყოფილიყო. მას ფეხდაფეხ მისდევდა ჩოხიანი ზაზა გაბუნია, რომელიც თავისი აქტიურობით ცნობილ პოლიტიკოსებსაც არ ჩამოუვარდება, მაგრამ კაცი ბჭობდაო და ფერია ანთიას "პოპულარობამ" ყველა ქრისტიან-დემოკრატი დაჩრდილა. მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ქალბატონის შესახებ საზოგადოება დიდხანს არკვევდა, რომელი იყო სახელი და რომელი გვარი. საბოლოოდ "მძიმე მისია", რომ ჩვენთვის ქალბატონი ფერია ახლოს გაეცნო, შალვა რამიშვილმა თავის გადაცემაში იკისრა. ფერია შალვას კითხვებზე აენთო და ვერც დენის ტარიფი გაიხსენა, რომლის დაწევასაც ამომრჩეველს ჰპირდებოდა და ვერც ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო პროგრამა. მათი მაჟორიტარებიდან ზოგი მღერის, მაგალითად ზურა ხაჩიძე, ზოგიც კი წინასაარჩევნო პლაკატებზე კიმონოთი და აწეული ფეხით პოზირებს. ეს აღმოჩენა შემთხვევით გავაკეთე, როდესაც სამარშრუტო ტაქსიდან პლაკატი დავინახე და მასზე ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატად კარატე-დოს პრეზიდენტი კახა ბასილია ამოვიკითხე. აი, ფერია კი მხოლოდ ანთია...
ლეიბორისტებს არასოდეს არაფერი ეზარებათ. მათ ყველაზე ხმაურიანი ლიდერი ჰყავთ, რომლის ამერიკული პროტესტიც დიდი ხანია იქცა საზოგადოების განხილვის თემად. "დაუნ ვი დიქტეიტეს" შემდეგ არსენას გზა აირჩიეს. ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მდიდარს წაართმევენ და ღარიბს დაუბრუნებენ და, რაც მთავარია, იწყებენ... ლეიბორისტული პარტიის პირველ ოცეულში მოხვდნენ მთავარი ლეიბორისტები: შალვა ნათელაშვილი, სოსო შატბერაშვილი, გიორგი გუგავა, კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე. სიაში ასევე იხილავთ მსახიობ ასმათ ტყაბლაძეს და ვაჟა რაზიკაშვილს, რომელიც ვაჟა-ფშაველას მუზეუმის ახალდანიშნული დირექტორის ძმაა. სხვათა შორის, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ერთი თვის წინ, ძველ დირექტორ ლელა რაზიკაშვილს მუზეუმში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს.
საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება "ქართული ოცნების" საარჩევნო სია, მასში ბევრ სტაჟიან პოლიტიკოსთან ერთად, უამრავ ცნობილ სახესაც ნახავთ. სიას სათავეში ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე უდგას, მას მოჰყვებიან მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე... სიაში შეგიძლიათ ამოიკითხოთ უამრავი ახლად გაპოლიტიკოსებული ცნობილი სახის სახელი და გვარიც: ზურაბ ზვიადაური, ზაზა პაპუაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, რეჟისორი ნუკრი ქანთარია, მომღერალი თემურ ჭკუასელი და იური მეჩითოვი, რომელიც ადრე საკუთარ თავს შიშველ ფოტოებს უღებდა, ახლა კი პოლიტიკური გაშიშვლება გადაწყვიტა...
ყველა პარტია გამარჯვებისთვის იბრძვის, წინასაარჩევნოდ კი სიტუაცია სულ უფრო იძაბება. ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ კომპრომატების ომი დაიწყო, თუმცა არჩევანს ხალხი 1 ოქტომბერს გააკეთებს.