მორალური წყალგამყოფი და მოსახლეობის არჩევანი

მორალური წყალგამყოფი და მოსახლეობის არჩევანი

for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან ისაუბრა ფოთში მომხდარ ინციდენტზე. ბესელიას თქმით, ფოთში მის შტაბზე წუხელ ღამით თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც შტაბის შენობას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. დაპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფოთის ქუჩებში ღამის საათებში მოძრაობენ, იქცევიან ძალიან გამომწვევად, „ქართული ოცნების“ ოფისებთან სხვადასხვა ტიპის შეძახილებით ჩერდებიან და ცდილობენ, პროვოკაციები მოაწყონ.

ეკა ბესელია ამბობს, რომ დღეს დილით მისი შტაბის იურიდიულმა სამსახურმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელმაც დააფიქსირა მომხდარი და ნახა ისიც, რომ საარჩევნო შტაბზე გაკრული ეკა ბესელიას ბანერი არის დაზიანებული. ბესელიას თქმით, წუხელვე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატის, ეკა ბესელიას ერთადერთი ბილბორდი დააზიანეს. აქვე ბესელია შეეხო „ქართული ოცნების“ ფოთი საარჩევნო შტაბის წევრების გოდერძი შონიასა და გიზო ცაავას დაკავებას, რომლებსაც გუშინ სასამართლომ 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ბესელია ამბობს, რომ ამ ადამიანებს არაფერი დაუშავებიათ და პირიქით, პროვოკაციის მსხვერპლნი არიან.

„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ზუგდიდში მიმავალ ჩვენს მხარდამჭერებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გოდერძი შონია და გიზო ცაავა კი ამ სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ. სასამართლომ გუშინ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამ ორ ადამიანს 40-40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. უკანასკნელ დღეებში გამოიკვეთა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სააკაშვილი იწყებს მორიგ და ალბათ, უკვე მისთვის ბოლო პროვოკაციებს (რადგან ეს მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებია) და რეპრესიებს. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში 45-მდე ჩვენი აქტივისტია დაკავებული“, - აცხადებს ეკა ბესელია.

მისი თქმით, კოალიცია არც ერთ დაკავებულს, ან ხელისუფლების მიერ სხვაგვარად შევიწროვებულ ადამიანებს არ ტოვებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ამ რეპრესიებისა ქვეყანა როგორმე მშვიდად მივიდეს არჩევნებამდე. ეკა ბესელია ამბობს, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაუდგენელი პირები დადიან და რიცხვ 41-ს აწერენ სხვადასხვა შენობებზე, მათ შორის ახალგარემონტებულ ადმინისტრაციულ შენობებზეც. ბესელია „ქართული ოცნების“ სახელით აცხადებს, რომ ეს მათი გაკეთებული არ არის და ამ წარწერებთან კოალიციას არაფერი აქვს საერთო.

„ჩვენი მიზანია, მივიდეთ არჩევნებამდე და თითოეული ამომრჩევლის ხმა (დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მივა ამ არჩევნებზე) იყოს დაცული. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველა საარჩევნო უბანზე მობილიზებულები იყვნენ კარგად მომზადებული კომისიის წევრები, დამკვირვებლები, ასევე საერთაშორისო გრძელვადიანი და მოკლევადიანი მისიის წარმომადგენლები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს და თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული. ამ დარჩენილ დღეებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილს არ მივცეთ შესაძლებლობა, თავისი მორიგი ავანტიურისტული გეგმა განახორციელოს. მან იცის, რომ მისი ხელისუფლება სრულდება და ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ თავისი უგუნური ქმედებებით ამომრჩევლის აქტიურობა შეასუსტოს. მას ჰგონია, რომ ამ ქმედებებით, დაშინებებით, დაჭერებით, ფიზიკური ზეწოლით ამომრჩევლის აქტიურობას შეასუსტებს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით ხდება, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს პროტესტს და კიდევ უფრო კარგად დარაზმავს საზოგადოებას“, - ამბობს ეკა ბესელია.

იგი სოლიდარობას უცხადებს იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა დღეს საკუთარი განსაკუთრებული და შეუცვლელი როლი იგრძნონ. ბესელია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სტუდენტები დამოუკიდებლად მართავენ აქციებს, მაგრამ მთელი საქართველოს მოსახლეობა უერთდება მათ პროტესტს.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ფოთში, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს რეგიონებში, მოსახლეობის გასაოცარი აქტიურობა შეიმჩნევა.

„არასოდეს რეგიონებში მოსახლეობა ასეთი აქტიური არ ყოფილა, გასაოცარი განწყობაა ყველგან. მთელი ქალაქი (ფოთი) და მთელი რეგიონი ფეხზე დგას. ყველამ ვნახეთ, რომ მოსახლეობამ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმაც გააპროტესტეს ეს უკანონობა, ქალაქში რამდენიმე მსველობა მოეწყო, ზუგდიდში კი ამ დიდმა შეკრებამ საბოლოოდ დაასრულა მითი, რომ სამეგრელოში ახალაიების გავლენაა და, რომ სამეგრელო სააკაშვილის მხარდამჭერია. რამდენიც არ უნდა ეცადოს სააკაშვილი ყვითელი ავტობუსებით ხალხის მობილიზებას, ერთი რეგიონიდან მეორეში გადაყვანას და ამ ხელოვნურად დამონტაჟებული კადრების ჩვენებას, ყველამ იცის, რომ დასრულებულია შიშიც, დასრულებულია ის მითიც, რომ სააკაშვილს საქართველოში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მთელი საქართველო მზად არის გამარჯვებისთვის. 29 სექტემბერს ამ ყველაფრის დადასტურება იქნება, როდესაც დიდი შეკრება გაიმართება, თუმცა დარჩენილ დღეებში ჩვენ რეგიონებშიც აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შევხედრებს“, - აღნიშნავს ბესელია.

მან ცესკო-ს მიერ საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღებების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც შეაფასა. ბესელიას თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება და ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ სიტუაციაში ეს გადაყვწეტილება გაასაღოს, როგორც ყველაზე კომპრომისული და კარგი გამოსავალი. სინამდვილეში კი ამ გადაწყვეტილებაში იმალება ხელისუფლების მზაკვრული განზრახვა, - მედიას და დამკვირვებლებს საარჩევნო ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვების და დარღვევებზე მტკიცებულებების მოპოვება შეეზღუდოთ.

„რატომ ეშინია სააკაშვილს, რომ საარჩევნო უბნებზე იყოს ბევრი კამერა და ბევრი ადამიანი დააკვირდეს საარჩევნო პროცესს? იმიტომ ეშინია, რომ ის არ არის მზად, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. ამას მოწმობს ამგვარი შეზღუდვის დაწესება, მით უმეტეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებამ და მისთვის ხმის მიმცემა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა საბოლოოდ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრირება“, - ამბობს ბესელია.

იგი მიესალმება ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებას კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საერთოდ დღეს ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

„სირცხვილია დღეს ხუთნომრიანი მაისურით დადიოდე და მიმაჩნია, რომ საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მორალური წყალგამყოფი, როგორიც დღეს გაივლო. ამიტომ, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

აქვე მან განმარტება გააკეთა კახა კუკავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს პირადად კუკავაზე და „თავისუფალ საქართველოზე“ არასოდეს უთქვამს, რომ ეს ხელისუფლების სატელიტი პარტიაა. ამიტომ, ბესელიას მიაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით დაზუსტებები კიდევ გაკეთდება.

ბესელია შეეხო ავღანეთში ქართველ სამხედრო შენაერთში ჩატარებუოლ არჩევნებს და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ განმარტოს, რა აუცილებლობა იყო იმისა, რომ სამხედროებს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიეცათ ხმა. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს კიდევ მორიგი უკანონობაა და უკვე ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რატომ ჩაიდინა მან ასეთი ქმედება.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ გავრცელებუ ვიდეო-ჩანაწერებს, რომლითაც ის ოპოზიციის წარმომადგენლებს სხვადასხვა დანაშაულებში სდებს ბრალს, ეკა ბესელია ამბობს, რომ ეს არის აბსოლუტურად არაფრისმთქმელი ჩანაწერები და თუ ვინმეს ამგვარი მასალები დააზარალებს, ეს სწორედ ხელისუფლებაა, რადგან მისი დამონტაჟებული რაღაც ჩანაწერების უკვე აღარავის სჯერა.

„ქურდულ სამყაროსთან კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილს და ეს არაერთხელ გახმოვანებულა. დამნაშავეთა სამყაროსთან კავშირი კი მათ არ სჭირდებათ, რადგან დამნაშავეები თვითონ არიან. თუკი ამ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლებით ხელისუფლება იმ უმსგავსობის გადაფარვას აპირებს, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ (არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ), ძალიან შემცდარან. ქართულ საზოგადოებას, რომელსაც მაღალი პოლიტიკური კულტურა აქვს და კარგად არის ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შეცდომაში ვერ შეიყვანენ“, - აცხადებს ბესელია.

მისი თქმით, მისთვის ცნობილია კონკრეტული ფაქტების შესახებ, როდესაც ხელისუფლება ცდილობდა ადამიანების „დავერბოვკებას“ და მათგან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ რაღაც მასალების მიღებას. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ფოთიდან თბილისში ერთი პიროვნება ჩამოიყვანეს და მისგან სოდ-ისა და კუდ-ის თანამშრომლები ითხოვდნენ, კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენლებთან ჩაეწერა საუბარი, რომ თითქოს ისინი რაიმე სახის კავშირში არიან „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან. ეკა ბესელიას თქმით, ეს მოხდა სამი კვირის წინ, მაგრამ ამ ადამიანმა მოახერხა იქიდან გამოღწევა და ამგვარ თანამშრომლობაზე უარი თქვა.

„სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი - დანაშაულის პროვოცირება და ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ამ ქმედებას ეწევიან. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. რაც შეეხება იმ კადრებს, რომლებიც ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა, ამას უბრალოდ ღიმილით ვუყურებ, იმდენად უაზრობაა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ბესელიამ.

მისი თქმით, იმ ჩანაწერში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და სადაც ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილი ფიგურირებს, არანაირი დანაშაულის ნიშნები ემზარ ივანიშვილის ქმედებაში არ იკვეთება. პირიქით, მასთან მიგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც ფარული კამერა აქვს მიმაგრებული და ცდილობს, რომ ივანიშვილის ძმის შვილი პროვოკაციაზე წამოაგოს, რადგან თავად სთავაზობს რაღაც ინფორმაციების გადაცემას თანხის მიღების სანაცვლოდ.