რა კავშირი აქვს ვერაზე მომხდარ თავდასხმას „გოგოჭურის დაჯგუფებასთან“?

რა კავშირი აქვს ვერაზე მომხდარ თავდასხმას „გოგოჭურის დაჯგუფებასთან“?

გუშინ ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება შესაძლოა თბილისში მოქმედ ორ დაჯგუფებას შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. საუბარია ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის გარემოცვაზე, რომელსაც შეიარაღებული თავდასხმა უკვე რამდენჯერმე მოუწყეს. ჩვენი ინფორმაციით, დაპირისპირების ერთ მხარეს დგას მინდია გოგოჭური, მეორე მხარეს კი დავით კაჭარავა. „პრაიმტაიმი" გაგაცნობთ კონფლიქტის მთავარი ფიგურანტების კრიმინალურ დოსიეს:

გიორგი ადუაშვილი

ამ დროისთვის, ამ ორივე დაჯგუფების არაერთი წარმომადგენელი დაპატიმრებულია, ერთ-ერთი ბოლო დაკავებული კი გახლავთ 30 წლის გიორგი ადუაშვილი, რომელიც ე.წ. „გოგოჭურის დაჯგუფებასთან" დაპირისპირებულ ბანაკს წარმოადგენს. ადუაშვილი ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაშია ბრალდებული, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236 მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია ადუაშვილის მეგობარი კოტე ჯორბენაძე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 15 იანვარს გიორგი ადუაშვილმა ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა 31 წლის ზურაბ კუჭავას, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, მინდია გოგოჭურის გარემოცვას წარმოადგენს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ირკვევა, რომ შემთხვევის დროს დაიჭრა თავად გიორგი ადუაშვილიც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობს, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მიაყენა ჭრილობა ადუაშვილს.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ადუაშვილი, ისევე, როგორც ზურაბ კუჭავა წარსულში სხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

30 წლის გიორგი ადუაშვილი, 2013 წელს მოკლული ბიზნესმენის, ანოტონ (ავთანდილ) ადუაშვილის ვაჟია. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ანტონ ადუაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში ზაზიაშვილის ქუჩაზე იპოვეს. ოჯახი მკვლელობის შეკვეთაში მომღერალ სოსო პავლიაშვილს ადანაშაულებდა, რომელთანაც ანტონ ადუაშვილს დიდი ხნის მეგობრობა და საერთო ბიზნეს ინტერესები აკავშირებდა. საბოლოოდ, ანტონ ადუაშვილის მკვლელობის ბრალდებით სამი პირი გაასამართლეს, მათ შორის სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელია.

გარდა ამისა, „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გიორგი ადუაშვილი მინდია გოგოჭურთან მწვავედ დაპირისპირებული დავით კაჭარავას ქვისლია. და ვინ არის დავით კაჭარავა?

დავით კაჭარავა

მინდია გოგოჭურის ყოფილი მეგობარი და ამჟამად მასთან დაპირისპირებული დავით კაჭარავა სამართალდამცავებმა ბოლოს 2018 წლის 19 დეკემბერს, ვაკეში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან აბაშიძის ქუჩაზე ორი პირის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა, თუმცა შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. კაჭარავას ბრალი ცეცლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარუდგინეს და ამჟამად სასამართლოს განაჩენს ელოდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, დავით კაჭარავას სახელი ფიგურირებს თბილისში მომხდარ კიდევ ორ შეიარაღებულ დაპირისპირებაში. პირველი 22 ნოემბერს რეტორან „მაიდანში" მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, რესტორნაში შეიარაღებული მინდია გოგოჭური შეიჭრა. რომლის სამიზნე სწორედ დავით კაჭარავა გახლდათ, თუმცა მომხდარის შედეგად რესტორნის ორი სტუმარი დაიჭრა. ითქვა, რომ ეს იყო მინდია გოგოჭურის შურისძიება ზაფხულში მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რაშიც გოგოჭური დავით კაჭარავას ადანაშაულებდა.

„მაიდანში" მომხდარი თავდასხმიდან ოთხ დღეში, ანუ 26 ნოემბერს თავს მინდია გოგოჭურს დაესხნენ, ამჯერად რესტორან „სტრადასთან". თავდასხმის ამსახველი კადრები „პრაიმტაიმმა" ექსკლუზიურად გაავრცელა. ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ისვრის დაუდგენელი პირი მინდია გოგოჭურის და მისი თანხმლები პირის მიმართულებით, რასაც ასევე საპასუხო სროლა მოჰყვა. მაშინ გოგოჭური დაჭრას ჯავშან-ჟილეტმა გადაარჩინა.

ამჟამად, დავით კაჭარავა ვაკეში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაპატიმრებული, თუმცა არ არის გამორიცხული მას ბრალი კიდევ დაუმძიმდეს.

თორნიკე კაჭარავა

არაერთ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებს დავით კაჭარავას ძმა, თორნიკე კაჭარავაც. ამჟამად ისიც პატიმრობაში იმყოფება, იარაღისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით.

თორნიკე კაჭარავას ბრალი ოფიციალურად ჰქონდა წარდგენილი 2011 წელს ახალგაზრდა მამაკაცის, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის ფაქტზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 24-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯა, თუმცა იმ მომენტში კაჭარავა უკვე მიმალვაში იმყოფებოდა. ის ქვეყანაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 2015 წელს უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა.

თორნიკე კაჭარავა ბოლოს მიმდინარე წლის ივლისში, ახვლედიანის ქუჩაზე დააპატიმრეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით არის დაკავებული, მანამდე კი ის გასულ წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებითაც გახლდათ პასუხისგებაში მიცემული და 15000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებული. ახლა ორივე ეს საქმე გაერთიანდა და არსებითად განიხილება საქალაქო სასამართლოში.

ბაჩო სირაძე

მინდია გოგოჭურთან დაპირისპირებულ ბანაკს წარმოადგენს ბაჩო სირაძეც, რომელიც 2013 წლის 15 აგვისტოს ღამით, ჭონქაძის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაჭრის საქმეში მინდია გოგოჭური ფიგურირებს, თუმცა ექს-პრეზიდენტის სიძე მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს და მალევე გაათავისუფლეს. საქმე დღესაც გაუხსნელია. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ მინდია გოგოჭურის მიმართ სხვადასხვა დროს სამი თავდასხმა განხორციელდა.

ამჟამად, ბაჩო სირაძეც პატიმრობაში იმყოფება. ის ჯერ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით წარუდგინეს.

მიხეილ თათრიშვილი

მინდია გოგოჭურის გარემოცვას წარმოადგენს მიხეილ თათრიშვილიც, რომელიც ასევე ექს-პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის ახლო მეგობარია. თათრიშვილი გასულ წელს, ასევე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა პირველად ის 2010 წელს იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლეს. მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საბოლოოდ კი ეს სასჯელიც პირობითით შეეცვალა. თათრიშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს 2016 წელს ვაკეში, გაბაშვილის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტზეც. სხვათა შორის, სასამართლო პროცესს, სადაც მიხეილ თათრიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, ესწრებოდა ექს-პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურიც, რომლის რეპლიკამაც დარბაზში მყოფთა ყურადღება მიიქცია.

„ნუ გეშინია, ახლავე გაგიშვებენ", - გასძახა განსასჯელის სკამზე მჯდომ მეგობარს მინდია გოგოჭურმა. მიხეილ თათრიშვილი წინასწარი პატიმრობიდან მართლაც დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა, როგორც ჩანს, თათრიშვილი პატიმრობას მაინც ვერ გადაურჩა და ამჟამად ის პასუხისგებაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით მისცეს.

გიორგი რაზმაძე

მინდია გოგოჭურის კიდევ ერთი მეგობარი გიორგი რაზმაძე 5 დეკემბერს ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. მასთან ერთად სამართალდამცავებმა ხელბორკილები დაადეს თავად მინდია გოგოჭურსაც.

რაზმაძის სახელი მანამდე რამდენიმე შეიარაღებულ დაპირისპირებაში ფიგურირებს, რის გამოც მასზე ოფიციალურად ძებნა იყო გამოცხადებული.

გიორგი რაზმაძე მინდია გოგოჭურთან ერთად თბილისში ხუთ დეკემბერს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. რაზმაძეს სამართალდამცავი უწყება სისხლის სამართლის ორ საქმესთან დაკავშირებით ეძებდა.

ერთ-ერთი საქმე ეხება 2018 წლის 26 მაისს, დადიანის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტს, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

მეორე საქმე კი, რისთვისაც რაზმაძე იძებნებოდა, მოხდა 2018 წლის თებერვალში, ასევე დადიანის ქუჩაზე, სადაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ახალგაზრდას. გამოძიება ამ საქმეზე 126-ე მუხლით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ კი მას 236-ე მუხლით ბრალი კიდევ დაუმძიმდა. გამოძიების ინფორმაციით, ამაშუკელის ქუჩაზე გიორგი რაზმაძე და მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას ინახავდნენ, ადგილზე სპეცოპერაციის დაწყების მომენტში კი მათ იარაღები ფანჯრებიდან გადაყარეს. ჩხრეკისას ბინიდან სხვადასხვა სახის იარაღთან ერთად ჯავშან-ჟილეტიც ამოიღეს.

მინდია გოგოჭური

მთელი ამ კრიმინალური სისხლიანი დაპირისპირებების მთავარი ფიგურანტი კი მაინც მინდია გოგოჭურია. ის ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. პირველად კრიმინალურ სკანდალში 2006 წელს გაეხვია. მაშინ გოგოჭური ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. ცხრა ძმის ქუჩაზე 23 წლის გიორგი ხელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ხელაშვილს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარეს და, საბედნიეროდ, გადარჩა. იმავე დღეს საპატრულო პოლიციამ ეჭვმიტანილის სახით დააკავა მინდია გოგოჭური, რომელიც არსებული დაზიანებებით იმავე საავადმყოფოს რენტგენოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებოდა. მკურნალობის გასაგრძელებლად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ის #1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორ დღეში, რა დროსაც მინდია გოგოჭური საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მეთვალყურეობის გარეშე გაუშვეს საპირფარეშოში, ის საავადმყოფოდან გაიპარა. ბრალდებულის გაქცევის ფაქტზე გამოძიება ცალკე, სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლით, დაიწყო, რაც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიუხედავად, მაშინ გოგოჭურის ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით მინდია გოგოჭურს 30 დღის განმავლობაში ბრალი არ წარდგენია. საბოლოოდ პროკურატურამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნაც შეწყვიტა. საქმე დღესაც გაუხსნელია.

მიმალვაში მყოფი მინდია გოგოჭური კი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში უკვე 2008 წელს ხვდება. ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით ის ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში 4-ჯერ მიეცა და ყველა ჯერზე ჯარიმითა და პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

იმავე წელს კი კვლავ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. საქმე ეხება 2008 წლის 30 ნოემბერს თბილისში კოჯრის ქუჩაზე მომხდარ ამბავს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, კუთვნილი „მერსედესის" მარკის ავტომობილში თავის, კისრისა და ფეხის არეში დაჭრეს 21 წლის გიორგი სიხარულიძე, ხოლო ბეჭის არეში დაჭრეს მისი მგზავრი, 22 წლის ბექა კვიტაიშვილი. მათთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ ელენე ჩხაიძე და თამაზ მეფისაშვილი. ეს უკანასკნელი რამდენიმე დღეში დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს, უშუალოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში კი მინდია გოგოჭური და კიდევ ორი მისი მეგობარი ამხილეს, თუმცა დაკავებულები მოულოდნელად გაათავისუფლეს. საქმე დღესაც გაუხსნელია.

სამართალდამცველებმა მხოლოდ 2010 წელს „აღმოაჩინეს", რომ მათ მიერ მრავალგზის დაკავებული და განთავისუფლებული მინდია გოგოჭური ჯერ კიდევ 2006 წლიდან იძებნებოდა, თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევის გამო. ამ საქმეზე გოგოჭური 2010 წლის 16 ივლისს დაიკითხა მოწმის სტატუსით. მან დაადასტურა, რომ 2006 წლის 8 ივლისს, გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობაში უკანონოდ იყო ცნობილი ეჭვმიტანილად, მას შეეშინდა პასუხისმგებლობის და საავადმყოფოდან შეგნებულად გაიპარა, რის გამოც ინანიებდა ჩადენილ ქმედებას. ამის შემდეგ კი პროკურატურამ ბრალდებულ მინდია გოგოჭურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რის თანახმადაც გოგოჭური ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითად ჩაეთვალა.

გოგოჭურის დაკავება-განთავისუფლებების ქრონიკა ამით არ დასრულებულა. ის 2013 წლის 30 ივნისს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მესაზღვრე-კონტროლიორისა და პატრულ-ინსპექტორების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არდამორჩილების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველების შეურაცხყოფა გოგოჭურს, სულ რაღაც, 400 ლარი დაუჯდა. სასამართლომ ის სწორედ ამ ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლა. იმავე წლის აგვისტოში მინდია გოგოჭური გამოძიებამ ბაჩო სირაძის დაჭრის ფაქტზე დაკითხა, თუმცა მხოლოდ მოწმის სტატუსით.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი... 2014 წლის 4 იანვარს ყაზბეგის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს გაურკვეველ კომაში მყოფი მინდია გოგოჭური დახვდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ძიება მალევე შეწყდა. ექსპერტიზამ „ბიოს" გადაჭარბებული მოხმარების ფაქტი დაადგინა.

ასევე, 2014 წლის 16 დეკემბერს მინდია გოგოჭურს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა დანა, რაზეც 12 იანვარს დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით, 200 ლარის ოდენობით.