„პუტინი დღეს შაჰ-აბასის ვარიანტშია, რომელმაც ერთხელ გული აიცრუა ქართლ-კახეთზე და ბოლომდე არ მოულბა“

„პუტინი დღეს შაჰ-აბასის ვარიანტშია, რომელმაც ერთხელ გული აიცრუა ქართლ-კახეთზე და ბოლომდე არ მოულბა“

NDI-ის დირექტორმა ლორა ტორნტონმა ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ ტრამპმა არც კი იცის, სად მდებარეობს საქართველო. მართალია, მოგვიანებით, ლორა ტორნტონმა თავისი სიტყვები უკან წაიღო, მაგრამ, თუკი ტრამპი ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც უფრო ამერიკის დაბალ ფენებზეა გათვლილი, მაშინ მის თვალსაწიერში საქართველოსნაირი ქვეყნის ადგილი სად არის? რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ჩვენი მეზობლებისგან?

ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.

ვახტანგ მაისაია: ის, რომ ამერიკელები გადიან აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან და ასეთ სტრატეგიულ რეგიონებს თმობენ, რა გასაკვირია, კავკასიიდანაც წავიდნენ. ჰიპოთეტურად ამის დაშვება შეიძლება. ეს ჩვენთვის ცუდი მომენტია, ზოგიერთები ფიქრობენ, იქნებ, ამერიკელები დარჩნენ, მაგრამ ამერიკელები სხვაგვარად ფიქრობენ. სხვათა შორის, ამერიკელები გადიან კავკასიიდანაც. ორი ამერიკული კორპორაცია გადის საუკუნის პროექტიდან, მათ შორის, „ბრიტიშ-პეტროლიუმი“,  ხოლო წილებს ვინ ყიდულობს, ეს არის საინტერესო. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანიც ამერიკასთან დაძაბულ ურთიერთობაშია. სომხეთში ვისი პოზიციის სიძლიერეა, ეს ყველამ კარგად იცის, ირანის ფაქტორიც იზრდება კავკასიაში და  უფრო მეტადაც იზრდება ეს ფაქტორი, ვიდრე ამერიკის. საქართველოს გარშემო სიტუაცია სახარბიელო არ არის, რადგან აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის დაძაბვა პირდაპირ კორელაციაშია კავკასიაში არსებულ მდგომარეობასთან. შესაძლოა, პესიმისტურ პროგნოზს ვაკეთებ და შეიძლება ამის გამო ზოგიერთები ფრანკენშტეინსაც მეძახიან, მაგრამ ფრანკენშტეინი არასოდეს გამხდარა ეჭვის საბაბი. ასე რომ, მირჩევნია, თუნდაც ეს სტატუსი მქონეს, ვიდრე წყალწყალა ექსპერტების სტატუსი, რომლებიც დღეს ერთს იძახიან, რეალობა კი სულ სხვაა.

ამას ემატება თურქული პოლიტიკა, რომლისმამებიცარ მალავენ კავკასიისადმი განსაკუთრებულ ინტერესს.

- ამ ყველაფერს თურქეთის პოლიტიკასაც თუ დავუმატებთ, ყველაფერი ერთ სისტემაში აღმოჩნდება. ფაქტობრივად, აქ აშკარაა სისტემური მიდგომა. კერძოდ, ირანი, თურქეთი და რუსეთი კავკასიაში უპირისპირდებიან ამერიკულ ინტერესებს.

რატომღაც იმედი გვქონდა, რომ რუსეთ-თურქეთის ისტორიული დაპირისპირებიდან გამომდინარე, ამჟამინდელი რუსეთ-თურქეთის ალიანსი ხანგრძლივი არ იქნებოდა. თუკი კავკასიაზე და, კერძოდ, საქართველოზე მიდგება საქმე, რუსეთი და თურქეთი ისევ ერთ ალიანსში იქნებიან?

- მე მგონი, ისინი ერთად იქნებიან მანამ, სანამ არსებობს საერთო მოწინააღმდეგე - ამერიკის შეერთებული შტატები. გაიხსენეთ 1921 წელი, როცა მაშინდელ ანატოლიის მთავრობასა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის პირდაპირი სტრატეგიული ალიანსი შედგა და მათ ორივემ ერთად შემოუტიეს საქართველოს. მარტო ბოლშევიკებს არ შემოუტევიათ მაშინ ჩვენთვის, მხოლოდ რუს ბოლშევიკებს  ნუ შევახოცავთ ხელებს. იმ პერიოდში პირველი ულტიმატუმი ბოლშევიკურმა რუსეთმა კი არა, ქემალისტურმა თურქეთმა წამოგვიყენა და ეს მოხდა 5 თებერვალს. თურქებმა საქართველოს მოსთხოვეს, გაეყვანა შეიარაღებული ძალები სამხრეთ რეგიონებიდან, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთიდან, აჭარიდან, ართვინიდან.

იმ დროს, როცა პირველი ომი გამოგვიცხადა ქემალისტურმა თურქეთმა, გამოუშვა კიდეც 30 ათასიანი საარმიო კორპუსი ქემალ-ფაშას მეთაურობით. ამის მერე შემოიჭრნენ რუსი ბოლშევიკები, როცა ლორეში მოაწყეს ე.წ. რევოლუციური ამბოხი, ანუ პროვოკაცია, თუ რაღაც სისულელე. ამიტომაც დაიკარგა თბილისი. ასე რომ, თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობები სანამ არსებობდა, ეს იყო ხანგრძლივი ალიანსი. ამ ურთიერთობამ გასტანა 1940 წლამდე, მაშინაც არსებობდა სტრატეგიული ხაზი, მაგრამ 40 წლის მერე თურქეთისა და საბჭოთა კავშირის ინტერესები უკვე გაიყო. დღეს რამდენ ხანს გაძლებს მათი ალიანსი, არავინ იცის, დღეს ისინი არიან სტრატეგიული დე ფაქტო  მოკავშირეები.

თუკი უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, ჯერ კიდევ 1914 წლისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ლეგიონი დააარსა, რაშიც ქართველებს ხელს უწყობდა გერმანია. ქართული ლეგიონის მიზანი რუსეთისგან ამიერკავკასიის ჩამოცილება იყო, გერმანიის დავალებით თურქები ეხმარებოდნენ ქართველებს, მაგრამ მალე ქართული ლეგიონი აითვალისწუნეს, რადგან თურქები .. სამუსლიმანო საქართველოს შეერთებას გეგმავდნენ და ქართული დამოუკიდებლობის კომიტეტის შტაბიც დაწვეს თურქეთის ტერიტორიაზე იმის შიშით, ქართველებმა ისტორიული ლაზეთი არ მიიერთონო

- ასეთი ფაქტები 1918 წლამდე ხდებოდა. სხვათა შორის, თურქული ექსპანსიის საფრთხისა და გერმანული ხიშტების მეშვეობით ხისთავიანმა სოცდეკებმა, რომლებსაც არ უნდოდათ გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა, რადგან რუსულ კარტს თამაშობდნენ ბოლომდე, ძალით გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა. უბრალოდ, გერმანელებმა ალყა შემოარტყეს ვორონცოვის სასახლეს და აიძულეს, სანამ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მანამდე ცოცხლებს არ გაგიშვებთო. სწორედ ასე მოაწერეს ხელი სოცდეკებმა დამოუკიდებლობის აქტს. თორემ მათ არ სურდათ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რადგან მათზე რუსული გავლენა ძალზე ძლიერი იყო. დამოუკიდებლობა მათ ჭირივით ეჯავრებოდათ. ბოლოს და ბოლოს, ისიც ცნობილია, რომ ნოე ჟორდანია ელოდებოდა საქართველოს კომუნისტური პარტიის მეთაურს, სერგო ქავთარაძეს, რათა ხელი მოეწერა ხელისუფლების გადასაცემად. ის ამბობდა, სჯობს გადავცე ხელისუფლება რიგით მეორე პოლიტიკურ გაერთიანებას, ანუ კომუნისტურ პარტიას (რომელიც ლეგალური პარტია იყო მაშინ დემოკრატიულ საქართველოში), ვიდრე რუს ბოლშევიკებსო. იმისთვის, რომ შეეჩერებინათ ბოლშევიკური აგრესია, ქართველმა კომუნისტებმა და ნოე ჟორდანიამ მოიფიქრეს ეს სქემა.

თურქულ ექსპანსიაზე როცა საუბრობენ, ხშირად იხსენებენ ერდოღანის, დავუთ-ოღლუს ხმამაღალ განცხადებებს აჭარის, კერძოდ, ბათუმის მიერთებისა და ოსმალთა იმპერიის საზღვრების აღდგენის თაობაზე. ამ მხრივ 2019 წელი დამშვიდების საბაბს მოგვცემს? მით უმეტეს, ამას წინათ აჭარლები საუბრობდნენ, აჭარაში თურქული ბიზნესი როგორ ხდის სულს ქართულ ბიზნესს და, ზოგადად, ქართველ დასაქმებულებს. რუსეთის მსგავსად, ბიზნესიც თურქეთის რბილი ძალაა?

- რატომაც არა. თუ რუსეთს აქვს რბილი ძალა, თურქეთს არ ექნება? რბილი ძალა ყველა ჰეგემონ ქვეყანას აქვს. როდესაც შავი ზღვის უნივერსიტეტზე ზეწოლა იყო, ეს იყო კლასიკური რბილი ძალა თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვავალდებულებდნენ, დაგვეხურა ნომერ პირველი უნივერსიტეტი, ანუ შავი ზღვის უნივერსიტეტი. თანაც, დაგვეხურა რის გამო? რომ მათ ხელში ჩაეგდოთ ეს უნივერსიტეტი. მე თურქეთის დღევანდელ რეჟიმზე მაქვს საუბარი, რომელიც ამ რბილს ძალას იყენებს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება, თორემ თურქეთში, ამ დიდ ქვეყანაში, არიან დემოკრატიული ძალებიც, იქაც არის ოპოზიცია, რომელიც ებრძვის ერდოღანის ავტოკრატიას. თუ ისინი მოვლენ თურქეთის სათავეში, გაცილებით გაუმჯობესდება მდგომარეობა და დაბრუნდება ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თურქეთთან იმ საფუძველზე, როგორც იყო ჩაფიქრებული თავიდან სულეიმან დემირელის დროს, აბდულა გიულის დროსაც.

რაც შეეხება რუსეთს, 2019 წელს  თუ შეიცვლება პუტინის რუსეთი? პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლეხ ვალენსა აცხადებს, რომ პუტინი ბრძენი ადამიანია. ვალენსა იმედოვნებს, წარმატებული მოლაპარაკებები შედგება პოლონეთ-რუსეთს შორის. თუკი ლეხ ვალენსას სიტყვებს ვირწმუნებთ, რომ პუტინი ბრძენი ადამიანია, ეს სიბრძნე შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ მან თვითაღიარებული .. რესპუბლიკები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დააბრუნოს თავის პირვანდელ მდგომარეობაში, ანუ დაუბრუნოს საქართველოს?

- პუტინი გახდა თვითკმაყოფილი, თვითდაჯერებული. პუტინმა იმდენად წაიწია წინ, ჰიპოთეტურადაც ჩვენს სასარგებლოდ რომ შემოტრიალდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, პუტინისთვის აღარ იქნება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ხელის გაწოდება. პუტინი დღეს შაჰ-აბასის ვარიანტშია, რომელმაც ერთხელ გული აიცრუა ქართლ-კახეთზე და ბოლომდე აიცრუა. სანამ შაჰ-აბასი იყო, ქართლ-კახეთს კარგი ბედი არ ეწერა. მაშინაც შაჰი სთავაზობდა ქართლ-კახეთს მისი გავლენის სფეროში გადასვლას, ქართლ-კახეთმა მაშინ გამოხატა დამოუკიდებლობის სურვილი, აუჯანყდა შაჰს, ამიტომ შაჰს სიცოცხლის ბოლომდე ქართველები სძულდა და ბოლომდე ატარებდა თავის პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ქართლ-კახეთის მეფეები თანახმა იყვნენ, ირანის ნებას დაჰყოლოდნენ. შემთხვევითი არ იყო, რომ ბახტრიონის აჯანყების მეთაურებიც იძულებულნი გახდნენ, თავისი ფეხით ჩასულიყვნენ ირანში. ეს იყო დამარცხების აღიარება. მართალია, ბახტრიონის აჯანყება ქართველების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ, საერთო ჯამში, ირანულმა გავლენამ მაინც გვძლია. შესაბამისად, აჯანყების მეთაურები, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, ბიძინა ჩოლოყაშვილი და კიდევ რამდენიმე სხვა ქართველი გაემგზავრა შაჰთან და ეს იყო კაპიტულაცია. ამის მიუხედავად, შაჰ-აბასი ურყევი დარჩა და ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მაინც მკაცრ პოლიტიკას ატარებდა.

იგივე სიტუაციაა ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა შეიძლება ჰიპოთეტურად შემოტრიალდეს, არა მგონია, პუტინს გული მოვულბოთ. თანაც, ეს ის პუტინი აღარ არის, რომელიც იყო 2004 და 2006 წლებში. იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილი პუტინთან ურთიერთობებს ალაგებდა, კიდევ შეიძლებოდა რამის მიღწევა. სააკაშვილს მაშინ კარგად ესმოდა, რომ პუტინთან ურთიერთობის დალაგება მისთვის დადებითი იქნებოდა, იმ დროს მან კარგად გამოიყენა ვანო მერაბიშვილი, რომელიც წარმატებით დადიოდა მინსკიდან მოსკოვში, ის იყო რუსული გავლენის ლობისტი საქართველოს მაშინდელ მთავრობაში და დარჩა კიდეც ასეთად. ანუ მერაბიშვილის ხელით სააკაშვილი ალაგებდა ურთიერთობას პუტინის დაჯგუფებასთან და წარმატებებს მიღწია ამ მიმართულებით, უბრალოდ, ბოლოს ვერ შეთანხმდნენ გარკვეულ დეტალებზე და ამერიკელებმა უფრო გადაიბირეს სააკაშვილი. მანაც არჩია დოლარის კურსზე დამჯდარიყო, ვიდრე რუსულ რუბლზე. მაშინ მივიღეთ, რაც მივიღეთ, თორემ სააკაშვილი თავიდან, ანუ 2006 წლამდე პრორუსულ კურსს ატარებდა. პირველი ვიზიტი სააკაშვილმა მოსკოვში განახორციელა. მართალია, მანამდე ჩავიდა ვაშინგტონში, მაგრამ პირველი სერიოზული ვიზიტი მოსკოვში ჰქონდა. სააკაშვილი უფრო მეტად დადიოდა დსთ-ის ლიდერების სამიტებზე, არაფორმალური შეხვედრებიც ჰქონდა პუტინთან, მის ხელქვეითებთან, მით უმეტეს, მერაბიშვილი პირდაპირ კავშირში იყო პუტინის კლანთან.

ის, რომ მერაბიშვილმა ჩააბარა კოდორი, ესეც ამის ნათელი დადასტურებაა. ლაფანყურის ოპერაციაშიც მერაბიშვილის პირდაპირი კავშირი იკვეთება რუსეთის სპეცსამსახურებთან, მერაბიშვილმა ჩაუშვა ის ჯგუფი და გაწირა. ასევე, გაწირა ქართველი მოქალაქეებიც.

საინტერესოა, 2006 წელს პუტინი და სააკაშვილი რაზე ვერ შეთანხმდნენ და იმ პერიოდში აფხაზეთის დაბრუნებას თუ ფიქრობდა სააკაშვილი?

- სააკაშვილმა პირდაპირ გააგებინა პუტინს, რომ მას სურდა ცხინვალის დაკავება, ცხინვალზე კონტროლის დაწესება, რაც მას პოპულისტური მიზნებისთვის სურდა. საუბარი მიმდინარეობდა იმაზე, პუტინი მისცემდა თუ არა სააკაშვილს ცხინვალს. ამიტომაც 2005 წელს სააკაშვილმა შექმნა დიმიტრი სანაკოევის მთავრობა. როგორც ჩანს, რუსეთი თავიდან თანახმა იყო, ცხინვალის რეგიონში ე.წ. კვიპროსიზაციის პროცესი დაწყებულიყო. სააკაშვილიც თანახმა იყო პრორუსულად დარჩენილიყო ზნაურის და ჯავის რაიონები. უბრალოდ, ცხინვალი, ახალგორი, ლიახვის ხეობის სოფლები, პლუს კიდევ ცხინვალის მიმდებარე რეგიონი  ყოფილიყო ქართული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ამით სააკაშვილი გამოაცხადებდა, რომ მან ტერიტორიები შემოიერთა და ეს იქნებოდა პოპულისტური ქმედება. აფხაზეთის მიმართულებით ის არც ფიქრობდა რაიმე გარღვევაზე წასულიყო, 2004 წლის ივლის-აგვისტოში სააკაშვილმა დემონსტრაციულად მოახდინა ჯარების გადაადგილება ცხინვალის მიმარულებით და გამოიწვია კონფლიქტი, რომელიც ზურაბ ჟვანიამ შეაჩერა.

ზურაბ ჟვანია რომ არა, ჩვენ გაცილებით უარეს სიტუაციას მივიღებდით. ეჭვი მაქვს, მაშინაც ხორციელდებოდა რუსული გეგმა და, როგორც ჩანს, რუსები მაშინ თანახმა იყვნენ, ცხინვალი აეღოთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მაშინ ჟვანიამ შეუშალა მათ ხელი. მოგვიანებით რადიკალურად შეიცვალა ვითარება და სააკაშვილმა აირჩია პროამერიკული მიმართულება, თუმცა სააკაშვილს შიგნით ჰყავდა პრორუსული ლობი ახალაიებისა და ვანო მერაბიშვილის სახით, ხოლო ბოკერია-უგულავა პროამერიკულ  ხაზს აწვებოდნენ. მერე დაიწყო რუსული პირდაპირი აგრესია, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და იმ პერიოდში რუსული აგრესია შეაჩერა სარკოზიმ, რომელიც სააკაშვილმა დღეს გამოაცხადა რუსეთის აგენტად. მაშინ არ იყო სარკოზი რუსეთის აგენტი, როცა სააკაშვილი გადაარჩინა და ლამის მუხლებში ჩაუვარდა მას სააკაშვილი? სარკოზიმ დაწერა კიდეც თავის მემუარებში, სააკაშვილი ფეხებში ჩამივარდაო. ეტყობა, ეს არ აპატია სააკაშვილმა სარკოზის.

აქედან გამომდინარე, პუტინთან მოლაპარაკების წამოწყება ღირს, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით?

- საქართველოს პრეზიდენტის ფუნქცია ძალიან ფორმალური და შეზღუდულია.

თუკი მთავრობა დაავალებს, სალომე ზურაბიშვილსაც შეუძლია საქართველოს სახელით მოლარაკება აწარმოოს რუსეთთან.

- ჯერ ერთი, პუტინი არ დაჯდება მასთან, რადგან პუტინისთვის სალომე ზურაბიშვილი დასავლური დიპლომატიის წარმომადგენელია და პუტინი არავითარ შემთხვევაში არ გადადგამს ამ ნაბიჯს. ეს მისთვის ერთგვარი უკანდახევა იქნება. არც სალომე ზურაბიშვილი დაჯდება პუტინთან მოსალაპარაკებლად, რადგან პუტინი იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის ოკუპაციასაც შეეწირა სალომე ზურაბიშვილის  წინაპრებისდროინდელი ემიგრაციული მთავრობა. ჩვენ ვნახეთ ლავროვისა და ზურაბიშვილის ძალიან ხისტი და ერთმანეთისთვის მიუღებელი მოლაპარაკებები, რაც დასრულდა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით, როცა რუსებმა სამხედრო ბაზები გაიყვანეს. სხვათა შორის, სააკაშვილმა დსთ-ს სამიტზე შესთავაზა პუტინს ანტიტერორისტული ცენტრების გახსნა. ეს სალომეს ინიციატივა არ ყოფილა. ახლა აბრალებენ სალომეს, თითქოს ანტიტერორისტული ცენტრები უნდოდა ბათუმსა და სხვაგანო. პირიქით, სააკაშვილი დაჰპირდა პუტინს, რომ ბათუმში, ახალქალაქში გახსნიდა ანტიტერორისტულ ცენტრებს და მერე გადააგდო პუტინი. სალომე ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სააკაშვილი ჩაერთო ამ საქმეში და სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის მეშვეობით მიუტანა მესიჯი პუტინს, რომ მზად იყო ეს ცენტრი გაეხსნა ბათუმსა და ახალქალაქში ისევე, როგორც სააკაშვილი მზად იყო, გაეყიდა საქართველოს გაზსადენების სისტემა კახა ბენდუქიძის მეშვეობით.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, პუტინთან მოლაპარაკების რესურსს ვერ ხედავთ?

- არ მესახება, რომ მოლაპარაკება შესაძლებელი იყოს. სიტუაცია იმ დონემდეა მისული, ვეჭვობ, პუტინმა მოახდინოს ცხინვალისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის ცნობის უკან წაღება და თავისი ბაზების გაყვანა. ეს ფანტასტიკაა.

საერთაშორისო ზეწოლაც უკვე აღარ მუშაობს ტრამპის ფაქტორის გამო?

- აღარ მუშაობს, მეორეც, ჩვენ რის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთთან, სხვა რაზე უნდა ვესაუბროთ პუტინს, თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ? ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტეთ რუსეთთან იმის გამო, რომ რუსეთმა აღიარა ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოვთხოვოთ რუსეთს, ჯერ თავისი აღიარება წაიღოს უკან და მერე ჩვენ აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას. თუმცა სანამ პუტინი არსებობს, ამ აღიარებას უკან არ წაიღებს. უკვე იკვეთება ტენდენციები, რომ პუტინი ცდილობს ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის წარმოებას საქართველოში.

გაზაფხულზე ელით რთულ პროცესებს?

- არათუ გაზაფხულიდან, მე უკვე იანვრიდან ველი რთულ პროცესებს. პირველი კვარტალი უკვე გართულებული იქნება.

მოურავი კიდევ კარგი რომ მაისაია მხოლოდ ე.წ ექსპერტია.
5 წლის უკან
Maverick მოურავო, 100%-ით ამართლებს ე.წ. ექსპერტიას წოდებას
5 წლის უკან