ბესელიამ პოზიციური ბრძოლა მოიგო, თუმცა გულხელდაკრეფილი არც კობახიძის ფლანგი იჯდება - ანალიტიკოსები
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე კი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებებს წარუდგენენ, თუ როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების ხელახალი წარდგენა. მათი აზრით, ეს გადაწყვეტილება საბჭომ აუცილებლად ერთხმად და ღია საჯარო გასაუბრების ფონზე უნდა მიიღონ.
„ქართულ ოცნებაში“ კი პოლიტიკური თამაშების სერია გრძელდება და ეკა ბესელიამ დაანონსებული განცხადება გააკეთა. თუმცა მოლოდინი,რომ ის ბიძინა ივანიშვილს დაარტყამდა, არ გაამართლა. მან კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მოსამართლეების სიის დამტკიცება მოხდება ის პრტიას ამის შემდეგ დატოვებს.
ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ პრობლემის მთავარ სათავეს კვლავ იუსტიციის საბჭოში ხედავენ და ფიქრობენ, რომ სიის შეცვლას მნიშვნელობა არა აქვს და ახლა ე.წ. თინეიჯერების ჯგუფი ყველაფერს იზამს რათა სიის გასვლა ნებისმიერი ფორმით მოხდეს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბევრი რამ ახლა თვითონ შერჩევის კრიტერიუმზე იქნება დამოკიდებული და მასში მოსახლეობის განწყობა იქნება თუ არა გათვალისწინებული. ისინი არც იმასგამორიცხავენ, რომ ე.წ. კობახიძის ჯგუფი ამის შემდეგ ივანიშვილმა თავიდანაც კი მოიშოროს.
"ადვოკატის ეთიკა არ მაძლევდა იმის უფლებას, საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც ვიცავდი, მათ შორის, ვიცავდი ივანიშვილსაც - ბესელია,"- ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ეკა ბესელიას თქმით, ის არ დაპირისპირებია იმ ადამიანებს, ვისაც იცავდა, თუმცა ასევე განმარტავს, რომ განსხვავებული პოზიცია ბიძინა ივანიშვილთანაც კი არა ერთხელ დაუფიქსირებია.
კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბრიფინგზე მოსამართლეთა 10-კაციან სიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია, რადგან სიის განხილვა შეჩერდა და კრიტერიუმებზე დაიწყება მსჯელობა.
„ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის, ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის პროფესიული ეთიკაც არასდროს არ მაძლევდა იმის უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი და მათ შორის, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ადვოკატი.
მე არ მიმაჩნია, რომ ღია და საჯარო დებატები თუ ღია კონფლიქტები და დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ფორმა და ის მაღალი პოლიტიკური კულტურა ან ის ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსს ან რომელიმე პოლიტიკურ პროცესს რაიმეს შემატებს, მაგრამ არასოდეს არ მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთანაც, როდესაც ეს პოზიცია მქონდა და მათ შორის, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძის ჯგუფმა მოსამართლეების სია რაღაც ფორმით შეცვალოს. მისი აზრით, როგორც ჩანს ე.წ. თინეიჯერების ჯგუფი ცდილობს, რომ სხვა მიმართულებით იმოქმედონ. მისი აზრით, ამ ჯგუფს რაც გაუვა იმას გააკეთებენ, მათ სადამდეც გასდით ფეხებს იქამდე აბაკუნებენ.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მათი ქმედებები იმაზე იქნება დამოკიდებული საზოგადოების მზაობა და რეაქცია როგორი იქნება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა პროცესში ვართ და ყველა თავის ფლანგზე იბრძვის.
„რაც შეეხება დავით მათიკაშვილის იურდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას, სიმართლე გითხრათ, არც მცხელა და არც მცივა. საერთოდ, პარლამენტში მიმდინარე პატარა ადამიანების გადაადგილება, ტილაობა და კაბინეტების შეცვლა არ მგონია, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იყოს.
“ფაქტია, „ოცნებაში“ ნგრევის პროცესი მიდის და პარლამენტი არანაირი ძალის ცენტრი არ არის. ის უბრალოდ რაღაცეების გამპრავებელია. ამ სურვილებს ვინ მოემსახურება, მათიკაშვილი თუ სხვა, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ.
“ივანიშვილი მაინც მგონია, რომ ყველანაირად შეეცდება ამ სიიდან დინსტანცირება მოახდინოს. რაც შეეხება სიის გასვლას, არ მგონია მნიშვნელოვანი იყოს. აქ მთავარი იუსტიციის საბჭოა, რომელსაც პოლიტიკურ ვერტიკალში მუშაობის ალგორითმი აქვს. თუ იუსტიციის საბჭოს ფორმირება არ მოხდა და მეთოკიშვილმა პოლიტიკურ დაკვეთებზე იმუშავა, რა აზრის აქვს სიის გასვლა-არ გასვლას. არ იქნება ჩინჩალაძე, იქნება ქიბროწაშვილი. მთავარი შერჩევის ალგორითმის შეცვალა და მთავარი უბედურების სათავე იუსტიციის საბჭოა“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“
ანალიტიკოსი ეკა ბესელიას განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ უცნაურია, როდესაც ადამიანი მოლოდინებს ქმნი, ეს უნდა გაამართლო და ბესელიამ თუ კი ხმაურიანი განცხადებების გაკეთებასგან თავი შეიკავა, ეს პოლიტიკურიად გამართლებული არ არის.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ბესელია ცდილობს, რომ კიდევ გარკვეული სახის მანევრები ჩაატაროს და გარკვეული თამაშის წესებს იცავს. თუმცა, ანალიტიკოსი ამბობს, რომ როდესაც რაღაც მოლოდინს ქმნი, ის უნდა შესრულო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პოლიტიკოს არ შეშვენის და ეს პოლიტიკა აღარ არის.
ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით ახლა მთავარია, რომ სახე შეცვლილი და ფერუმარულ წასმული არ შემოგვაპარონ. ლაგაზიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული სიაში ნაკლებად ცნობილი მოსამართლეების სახელები და გვარები ჩაწერონ, თუმცა ჩინჩალაძე-მურუსიძის მსგავსად ისინიც მორჩილებით გამორჩეული ადამიანები იყვნენ.
ანალიტიკოსის თქმით, პოზიციონირების თვალსაზრისით, ეკა ბესელიამ ეს ბრძოლა მოიგო და არა აქვს მნიშვნელობა ამას პოლიტიკური ქულების დასაწერად აკეთებდა თუ არა. თუმცა პოლიტოლოგი არც იმას გამორიცხავს, რომ ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება ამით არ ამოიწუროს და მათ ბრძოლას გაგრძელება ექნება.
მისი აზრით, ივანიშვილი კვლავ სიტუაციის განვითარებას დაელოდება და არც ის არის გამორიცხული, რომ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეობას ჩამოაშორონ და სადმე სხვა „სასუსნაო“ მისცენ.
„ეკა ბესელიასგან ბიძინა ივანიშვილზე რაიმე რადიკალურ განცხადებებს და დარტყმას არც ველოდი. „ოცნება“ რამდენ სეგმენტადაც არ უნდა დაიშალოს. პარტიაში ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პოლიტიკაში დამოუკიდებლად მოღვაწეობაზე პრეტენზიას განაცხადებს.
“პოზიციის რანგში მაინც ყველა შეეცდება, რომ ივანიშვილზე სწორება ჰქონდეთ. ამიტომაც, ვითარება უკიდურესად თუ არ გამწვავდა და და პოლიტიკოსებმა თუ არ დაინახეს, რომ ივანიშვილთან აღარანაირი მისასვლელი გზა არა აქვთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მასთან ყველა აზებს ჩაჭრიან.
“ბესელიასგან უფრო ველოდი, რომ კობახიძის გუნდის ფლანგზე რაღაც კომპრომატებს ამოყრიდა, მაგრამ ესეც არ გააკეთა. ამის მიზეზი კი ის მგონია, რომ ბესელიამ ჩათვალა შუალედური მიზანი მიღწეულია, სია იმ სახით აღარ გავა და პოზიციურ გამარჯვებას მიაღწია. ასევე სამომავლო ბრძოლაში გარკვეული კოზრები დაიტოვა“,-აცხადებს ლაგაზიძე „რეზონანსთან“.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ ბესელია პოლიტიკოსია და ყველა საკითხს პოლიტიკურ პრიზმაში ხედავს. ამიტომაც, იმის ძებნა, რომ ეკა ბესელიას რა მოტივი ამოძრავებდა, როცა მოსამართლეების ამ სიას დაუპირისპირდა, არასწორია. ლაგაზიძე ამბობს, რომ ახლა ყველა ადამიანი, ვინც ამ სიას აპროტესტებს, საზოგადოების მოკავშირეები არიან და იმის გარჩევა ვის რა მოტივი ამოძრავებს სწორი არ არის.
მისი აზრით, როცა მოსამართლეების თემა გადაგორდება, ამის დროც მოვა. ანალიტიკოსი არ ფიქრობს, რომ იუსტიციის საბჭომ და მისმა ლობისტებმა მოსამართლეების სია ასე მარტივად დათმეს, ამიტომ, პროცესებისთვის თვალის დევნება აქტიურად უნდა მოხდეს. მისი აზრით, ამ ჯგუფებს შორის შერკინების მოწმე კიდევ გავხდებით.
„იუსტიციის საბჭო ეცდება, რომ მეორე სია ასევე მორჩილი, ლოიალური მოსამართლეებით დააკომპლექტოს, ოღონდ ეს ნაკლებად ხმაურიანი მოსამართლეების სახელები და გვარები იქნება. ისინი რომელ მოსამართლეებსაც წარადგენენ მათგან მაქსიმალური მორჩილების გარანტიებს მიიღებენ. აქეთა მხარე აუცილებლად ფხიზელი უნდა იყოს და ამ პოზიციურმა გამარჯვებამ არ უნდა მოადუნოს.
“რაც შეეხება ივანიშვილს, გააჩნია პროცესები როგორ განვითარდება. ერთი რამ რაც ცხადად მოხდა, ეს არის ის, რომ მას კულისებიდან გამოსვლა მოუწია და პროცესებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობა გახდა.
“გვახსოვს, რომ ის მსგავს პრობლემებს ზურგს უკან ამოფარებული ბევრად ადვილად მართავდა. ახლა კი მას გუნდში სიტუაცია უფრო რთულად აქვს და აღმოჩნდა, რომ არის პრინციპული საკითხები, რაზეც გუნდში ერთსულოვნება ვერ იქნება“,-აცხადებს ლაგაზიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ისეთი ტოქსიკური პოლიტიკური ფიგურა როგორიც კობახიძეა, ყველა ხელისუფლების დროს თავიდან იშორებდნენ. შესაბამისად მისი სამშვიდობოზე გასტუმრება გამორიცხული არ არის, რადგანაც წელიწადნახევარი კობახიძის ფიგურით იმიჯის ტრანსფორმირება „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება.