სოხუმში შფოთავენ, ცხინვალში ჩუმად არიან

სოხუმში შფოთავენ, ცხინვალში ჩუმად არიან

ფსოუზე და როკის გვირაბთან შევიცარიელი მებაჟეების გამოჩენამდე თვენახევარი დარჩა

სოხუმში დიდი შფოთვა და განხილვაა გაჩაღებული, რატომ უნდა მიაწოდოს რუსეთმა საქართველოს ინფორმაცია იმ ტვირთების შესახებ, რაც რუსეთიდან "დამოუკიდებელ სახელმწიფო - აფხაზეთში" შედის და აფხაზეთიდან რუსეთში გადის.

როგორც აფხაზური მედია წერს, საბაჟო მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს დადებული ხელშეკრულება 1-ლი მარტიდან პრაქტიკაში უნდა ამოქმედდეს და შვეიცარიელმა მებაჟეებმა უნდა გააკონტროლონ ტვირთების ბრუნვა მათ "რესპუბლიკაში", რაც მათთვის ბევრ კითხვას აჩენს, მაგალითად იმას, თუ როგორ მოხდება რუსეთიდან აფხაზეთის "საზღვრის" გავლით შემოტანილი ან მათგან რუსეთში გატანილი ტვირთების აღრიცხვა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკვე 10 წელია აფხაზეთს ოფიციალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

ასევე სოხუმში აღშფოთებას არ მალავენ იმის გამოც, რომ რუსეთ-საქართველოს ამ შეთანხმებაში აფხაზეთის როლი არანაირი სახით არ არის დაფიქსირებული და სრულად იგნორირებულია.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმება 2011 წლის ნოემბერში გაფორმდა და ამ დოკუმენტმა მაშინვე გამოიწვია ნერვიული რეაქცია აფხაზეთში.

საგულისხმოა ის, რომ ამ დოკუმენტის გაფორმება გახდა აუცილებელი პირობა რუსეთისთვის, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებაზე საქართველოდან თანხმობა მიეღო.

მსო-ში ახალი წევრის მიღებას ყველა არსებული წევრის თანხმობა სჭირდება და მაშინ საქართველომ მოითხოვა, რომ რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ ნეიტრალურ მხარეს უნდა აღერიცხა ოლუპირებულ ტერიტორიებზე შემავალი და გამავალი ტვირთები. შეთანხმების თანახმად ნეიტრალური მხარე შვეიცარიული კომპანია "თწსშუეუ პუტუკფდუ ვუ თგკმუშდდფტსუ თფ 8თპთ9" ("ეს-ჯი-ეს") უნდა ყოფილიყო.

რუსეთის დიდი წინააღმდეგობის და პროცესის ამდენწლიანი გაჭიანურების მიუხედავად, შეთანხმება როგორც იქნა ფინალში გავიდა. საქართველომ "ეს-ჯი-ესთან" 2017 წლის დეკემბერში გააფორმა ხელშეკრულება, რუსეთმა - 2018 წლის მაისში. 2018 წლის მაისში კარასინ-აბაშიძის ფორმატში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი "საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმისა და საქონლის ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ" შეთანხმების განხორციელების მიზნით. 2018 წლის ივნისში რუსეთმა შვეიცარიულ კომპანიას გადაურიცხა ფული სამუშაოების შესასრულებლად, ხოლო ნოემბერში - საქართველომ.

თუ კიდევ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შვეიცარიელი მებაჟეები მარტიდან დაიწყებენ კონტროლს სამ დერეფანზე: ერთია აფხაზეთის მონაკვეთი და მებაჟეები დადგებიან ფსოუსა და ენგურის ხიდებთან, მეორეა ცხინვალის რეგიონის მიმართულება და მებაჟეები დადგებიან როკის გვირაბთან და გორში, ხოლო მესამე მონაკვეთია ლარსის გამშვები პუნქტი.

აქედან პირველი ორი დერეფანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც თბილისისთვის უცნობია რა ტვირთები ბრუნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო რეჟიმებს სწორედ ის აშფოთებთ, რომ მარტიდან საქართველოს ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე წვდომა ექნება.

აფხაზური მედია წერს, რომ პრაქტიკაში როგორ უნდა მოხდეს ამ საბაჟო დერეფნებზე ტვირთები მონიტორინგ, მათთვის გაურკვეველია. წერენ, რომ, ხელშეკრულების თანახმად, მებაჟეები უნდა დადგნენ ადლერში და ზუგდიდში და როგორც რუსული, ისე ქართული მხარეები ვალდებულები არიან შვეიცარიელებს მიაწოდონ ინფორმაცია ყველა ტვირთის შესახებ, თუმცა 1990-იანი წლებიდან ეს მარშრუტი მთლიანად დაბლოკილია და შეუძლებელია აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაადგილება მოხდეს.

აფხაზური მედია შფოთავს იმაზეც, რომ კონკრეტულად რა შეთანხმება გაფორმდა შვეიცარიულ კომპანიასთან, დეტალები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. 2011 წლის ხელშეკრულება კი ძალიან ზოგადი და ფორმალური დოკუმენტია და სრულად არ არის ნათელი, კონკრეტულად თუ როგორ მოხდება რუსეთის მიერ აფხაზეთის გავლით შემოტანილი ტვირთების აღრიცხვა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკვე 10 წელია აფხაზეთს ოფიციალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

აფხაზური მედიის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობა მათში უკმაყოფილებას იწვევს, რადგანაც ამ ღონისძიებისას აფხაზეთის როლი არანაირი სახით არ არის დაფიქსირებული ხელმოწერილ დოკუმენტში.

აფხაზური მედია ასევე უკმაყოფილოა იმითაც, რომ ჯერჯერობით ამ თემაზე "აფხაზეთის სახელმწიფო ინსტიტუტების" მხრიდან რაიმე ოფიციალური განცხადება არ ყოფილა.

სოხუმში დიდი მოლოდინია, რა იქნება მარტიდან და როგორ მოხდება ტვირთის მონიტორინგი "რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე".

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძის თქმით, აფხაზეთში ამ თემას აღშფოთება რომ მოჰყვებოდა, ეს მოსალოდნელიც იყო.

"ცხინვალში არიან გასუსულები, ერთი-ორი კაცი თუ წამოიკნავლებს, თორემ სოხუმში რომ ოპოზიცია და საზოგადების წარმომადგენლები აღშფოთდებოდნენ, ეს სავარაუდო იყო. საქმე ისაა, რომ 2011 წელს მიღებულ დოკუმენტი კომპრომისული იყო, რადგან საქართველოს რომ რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება მიეცა, თბილისმა გარკვეული ბონუსი მოითხოვა და ეს ბონუსი არის ეს ხელშეკრულება.

"ჩვენთვის დივიდენდია ის, რომ ამით სეპარატისტული რეგიონების ლეგიტიმურობის ხარისხი განულება ხდება. თუმცა ეს ხელშეკრულება არც ერთ მხარეს არ მოსწონს, არც ქართული და არც რუსული მხარე ბოლომდე კმაყოფილი არ არის, მაგრამ ყველაზე მეტად უკმაყოფილოა სოხუმი.

"რადგან აფხაზეთი საერთაშორისო სამართლით სეპარატისტული რეგიონია, ხელშეკრულებაში აფხაზეთი მოხსენიებული ვერანაირად ვერ იქნებოდა. დოკუმენტში ბევრი უსიამოვნო შემადგენელია ჩვენთვისაც, მაგრამ ის, რომ სეპარატისტები საერთოდ არ არიან მოხსენიებული, ეს კიდევ ერთხელ წევს დაბლა მათ ლეგიტიმურობას. ეს გადასარევად ესმით სოხუმში და ამიტომაც არიან აღშფოთებულები და ეს აღშფოთება მოსკოვის მიმართ უნდა ჰქონდეთ.

"გარდა ამისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიძლება გაიაროს ტვირთებმა, რომლიდანაც არც ტრანზიტის თანხას მიიღებენ და არც ამ ტვირთის რაობის გამორკვევის უფლება აქვთ. დღეს ასეთი ტვირთები არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა რუსეთიდან აფხაზეთში შევიდეს არასამხედრო დანიშნულების სტატუსით ტვირთები და მიდის რუსეთის ბაზაზე, აფხაზებს ამის შემოწმების უფლებაც არ აქვთ," - ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, მაგალითად ჩვენთვის ერთგვარი ლაქაა ის, რომ დოკუმენტში გაწერილი არ არის ყველა სახის ტრანსპორტის მონიტორინგი, საუბარია მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით შეტანილი ტვირთების აღრიცხვაზე და თუ ცხინვალის შემთხვევაში სხვა ტრანსპორტი არ ფიგურირებს, აფხაზეთის შემთხვევაში ასე არ არის და რუსეთიდან რკინიგზაც დადის, გემებიც და ფრენებიცაა.

"ასევე ჩვენთვის ლაქაა, რომ შვეიცარიულ კომპანიას თავად ტვირთების შემოწმების უფლება არ აქვს, მხოლოდ საბუთების და შესაძლებელია გაყალბებულ საბუთებიც მიაწოდონ. საბოლოო ჯამში ეს გაყალბება გამოჩნდება და გამყალბებელს დაადანაშაულებენ საერთაშორისო სივრცეში დოკუმენტების გაყალბებაში, მაგრამ მაინც შეეძლებათ გამოძრომა და თუ რუსებს აფხაზებისთვის რაღაცის მიწოდება სურთ, მოახერხებენ საზღვაო გზით და მატარებელიც დადის სოჭი-სოხუმი," - აღნიშნავს არეშიძე.