პატიმართა წამების ამსახველ ვიდეო-მასალებში, სავარაუდოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბუცხრიკიძე ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ "ამბები.გე"-ს აცნობა.
კახა ბუცხრიკიძე სახელისუფლო პარტიის მხარდაჭერით თერჯოლის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. საუბარია სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებულ კადრებზე, რომელიც გავრცელებულ ვიდეოებს შორის, ციხეებში ადამიანის ღირსების შემლახავ ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ ეპიზოდს წარმოადგენს.
კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფილ პატიმარს სიგარეტის მოწევას სთავაზობს (ის ვიდეო-მასალაში არ ჩანს, თუმცა ხმა საკმაოდ გარკვევით ისმის) სწორედ კახა ბუცხრიკიძეა.
დღეს, ასევე, გაზეთმა "ალიამ" გამოაქვეყნა მასალა კახა ბუცხრიკიძის შესახებ. მასალას თან ერთვის ფოტო, რომლითაც, გაზეთის წყაროს ცნობით, დასტურდება, რომ ბუცხრიკიძე 2007 წელს ტელეკომპანია "იმედის" დარბევაში მონაწილეობდა. ამ დროისთვის ბუცხრიკიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
ცნობისთვის, ბუცხრიკიძე უშიშროების კადრია, რომელსაც 1997-2006 წლებში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, 2006-2008 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2008-2009 წლებში - სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2009-2010 წლებში თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. ბუხცრიკიძეს იცნობენ, როგორც ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელს და მისი მითითებების უსიტყოდ შემსრულებელს. ამბობენ იმასაც, რომ ციხის ბუნტის დარბევას ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.
კახა ბუცხრიკიძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, "ქაქუცა ჩოლოყაშვილის" მედალი, "გენერალი მაზნიაშვილის" მედალი და ღირსების ორდენი.