სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოუწოდებს ცილისწამების წინააღმდეგ კანონი მიიღოს. მისი განცხადებით, პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ აქვს მორალური ინიციატივა, რომელიმე „თემა აწიოს" და მზადაა ცილისწამების შესახებ კანონის შემოღებაზე ფართო დისკუსია დაიწყოს.
მისი ამ განცადებას მეორე დღესვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამბობს, რომ „პრობლერმა სახეზეა" და „თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძებელი, უნდა მივიღოთ".
უფლებადამცველების განცხადებით, ცილისწამების სისხლის სამართლებრივად დასჯა მათთვის უპირობოდ ნიშნავს უკან გადადგმულ ნაბიჯს და ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს.
იურისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სურს „კუდიანებზე ნადირობა" დაიწყოს და თუ ვინმე მათ საწინააღმდეგო პოსტს დაწერს „ფეისბუქში", ან მოსაზრებას გამოთქვამს, უნდათ იმათ ამოუკერონ პირი, ეს კი მათ არ გამოუვათ".
საახალწლო მილოცვის შემდეგ, პარასკევს, სალომე ზურაბიშვილი საჯაროდ მეორედ გამოჩნდა და ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე შესავალ სიტყვაში კვლავ ისაუბრა ცილისწამების შესახებ კანონის შემოღების აუცილებლობაზე.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტექსტი ჯერ მზად არ აქვთ, მაგრამ არის მზაობა, რომ ეს გახდეს ფართო დისკუსიის საგანი, რადგან საჭიროა ბალანსის დაცვა ადამიანის ღირსებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.
„პრეზიდენტებს, ახალი კონსტიტუციის თანახმად, არ გააჩნიათ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება, მორალური ინიციატივა, რომელიმე თემა აწიოს და ამ თემაზე მიმართოს კანონმდებელს, მთავრობას, საზოგადოებას.
„ცილისწამება - ეს არის თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. კარგად მესმის, რომ აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილია დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს," - განაცხადა ზურაბიშვილმა
მისი თქმით, ბოლო ამის მაგალითი იყო საფრანგეთი, რომელმაც მიიღო კანონი ცილისწამების შესახებ, კერძოდ საარჩევნო პერიოდში და საკონსტიტუციომაც დაადასტურა, რომ ეს არ ეწინააღმდეგებოდა სიტყვის თავისუფლებას.
ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის არასამთავრობოებთან, საზოგადოებასთან ამ თემაზე დისკუსია დაიწყოს და შემდეგ ეს გამოიყენოს საკანონმდებლო ორგანოსთან, როდესაც ამ საკითხის განხილვა იქნება.
პრეზიდენტი განსაკუთრებით „ფეისბუქზე" ამახვილებს ყურადღებას.
„მედიას აქვს თავისი წესები და აქ უფრო დაცულია ადამიანი. როცა ჩვენ საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ არის ანონიმური, ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული და ძალიან ბევრი პროცესები მიმდინარეობს, მე მგონი საჭიროა, რომ ამ კუთხით ვიფიქროთ," - თქვა ზურაბიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დიდი პრობლემაა არა მარტო ცილისწამება, არამედ შეურაცხყოფა და ბილწსიტყვაობა, რაც ისმის ყოველდღიურად როგორც სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ", - პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ცილისწამების პრობლემაზე პირველად სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას ილაპარაკა.
„უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგან", - განაცხადა ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას.
შემდეგ ცილისწამების პრობლემაზე ისაუბრა პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში, სადაც თქვა, რომ „სიტყვის თავისუფლებით ხშირად ბოროტად სარგებლობენ" და „დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს".
ამ „მნიშვნელოვანი საკითხზე საუბრისათვის" პატრიარქს მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და და თქვა, რომ „სიტყვით ძალადობა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ზომების მიღება".
ცნობისთვის, საქართველოში 2004 წლიდან ცილისწამება აღარ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, მას შემდეგ რაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" ახალი კანონი მიიღეს.
დღეს მოქმედი კანონი ამბობს, რომ ცილისწამება, ეს არის მცდარი ფაქტის გავრცელება სხვა ადამიანზე, ის ლახავს მის პატივს ან ღირსებას და ეს არის სამოქალაქო დავის საგანი. თუმცა, ცილისწამებისთვის ადამიანები ციხეში არ მიდიან.
დღეს ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს კომპენსაცია, თუმცა ამ დავის დროს თავად მომჩივანმა უნდა ამტკიცოს, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
გაამკაცრებენ თუ არა კანონს?
იურისტი ლია მუხაშავრიას მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლება ცილისწამებაზე კანონპროექტს აუცილებლად მიიღებს. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა დაუშვებელია და თუკი მსგავსი კანონის მიღება მოხდება, უფლებადამცველები ამ კანონით დაზარალებული პირების სახელით ევროსასამართლოში წავლენ და ხელისუფლებას უკან დახევა აუცილებლად მოუწევს.
„მესმის, რომ ვიღაცებმა მძიმე თავდასხმების პერიოდი გამოიარეს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში და მაინცდამაინც არ ესიამოვნათ სიძულვილის ენით გამოხატული შეტევები, რაც ობიექტურად არსებობდა, მაგრამ მათ ამის გამო თმენის ვალდებულება არ უნდა გაუქრეთ და არ უნდა შემოიტანონ საკანონმდებლო წინადადებები ცილისწამების გამო დასჯის აღდგენის მოთხოვნით.
„თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსიდან ეს მუხლი ევროპის საბჭოს მოთხოვნით ამოიღეს, იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სწორედ იმას, რომ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებიც საჯარო პირებს წარმოადგენენ, ან მათთან გათანაბრებულები არიან, გააჩნიათ თმენის ვალდებულება. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი. ადამიანებმა თავისუფლად უნდა გამოხატონ აზრი, გაავრცელონ იდეები და ასე შემდეგ," - აცხადებს მუხაშავრია.
მისი თქმით, ჩვენი პოლიტიკოსების განათლებისა და შინაგანი კულტურის გათვალისწინებით სულ არ გაუკვირდება, რომ სს კოდექსში ცილისწამების მუხლი სულ მალე გააცოცხლონ.
„ვინც ამაზე ნერვიულობს, მათ ვეტყოდი, რომ ამგვარი კანონის ამოქმედების შემდეგ დაზარალებული პირების სახელით ევროსასამართლოში წავალთ და ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს. მე მინდა პრეზიდენტს ვთხოვო, ნუ იქნება ასეთ ნეგატიური ინიციატივის წამომწყები, რადგან ეს მისი ბიოგრაფიაში ძალიან ნეგატიურად აისახება.
„ჩემი ვარაუდით, მათ როგორც წარმოუდგენიათ, ეს იქნება „კუდიანებზე ნადირობა", თუ ვინმე მათ საწინააღმდეგო პოსტს დაწერს „ფეისბუქში", ან მოსაზრებას გამოთქვამს, უნდათ, იმათ ამოუკერონ პირი, ეს კი მათ არ გამოუვათ," - აცხადებს მუხაშავრია.