ბაკურ ბაკურაძე:

ბაკურ ბაკურაძე: "ქვეყანა დაბოღმილი სადისტებით არის სავსე"

"უცხოეთისთვის თვალის ასახვევად სააკაშვილმა მოხსნა მინისტრი კალმახელიძე და ახალაიამ გადადგომაზე განცხადება დაწერა. ჩვენი ევროპელი მეგობრების ორდღიანი შოკისა და აღშფოთების რეჟიმიდან გადავედით იმაზე, რომ თურმე ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ეს საკადრო ცვლილებები საკმარისია. თუ ვნახავთ 26 მაისის შემდგომ დასკვნებს, აღწერილობა არის ყველაფრის, ოღონდ სახელი არ ჰქვია - 26 მაისთან დაკავშირებით გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ადამიანის უფლებების საკითხებში კატასტროფული განცხადება გააკეთა, მაგრამ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არ სურთ ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი. თავზე ხელის სმის პოლიტიკამ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე.", - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობის" პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ბაკურ ბაკურაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბაკურ ბაკურაძე: "ქვეყანა დაბოღმილი სადისტებით არის სავსე" / "სააკაშვილი ახალ ბაჩოს გამოაცხობს".

"არის მსოფლიო ინტერესები და არის სახელმწიფო ინტერესები - სახელმწიფოს ინტერესი უნდა დაიცვას ხალხმა. იგივეს, რაც ხდებოდა ციხეებში, რუსთაველზე ხედავდა მთელი ჩვენი ელიტური საზოგადოება, და არ ადგნენ და არ გამოვიდნენ ქუჩაში ამის გასაპროტესტებლად. ახლა მეცინება, მიამიტურად როცა აცხადებენ, რომ აღშფოთებულები არიან. ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ახალაიების კლანი წავა თუ მოვა. საერთოდ რომ გაქრნენ ქვეყნიდან ბაჩო, დათა და როლანდ ახალაიები, სააკაშვილი უცებ ახალ ბაჩოს გამოაცხობს. ამიტომ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი სისტემურია - ზღულაძე ნაკლები ცივსისხლიანია ან კალმახელიძე იყო ნაკლებად ცივსისხლიანი? როცა ძალადობრივი სისტემა მუშაობს, ქვეყანაში ყველთვის მიძებნებიან ნაძირალები, რომლებიც დაკვეთებს შეასრულებენ - დაბოღმილი სადისტებით სავსეა ქვეყანა... სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ სააკაშვილის მეთაურობით. მანკიერი რეჟიმი უნდა მოშორდეს ქვეყანას, სხვაგვარად არაფერი შეიცვლება", -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბაკურ ბაკურაძე.

"სააკაშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიღო დარტყმა, მაგრამ, ამავე დრო სააკაშვილმა კარგად იცის როგორ უნდა შეფუთოს ეს სკანდალი, რომ დასავლეთს დაანახვოს, როგორც სწორ ნაბიჯებს დგამს, მეორე მხრივ კი ქართველები კიდევ უფრო დააშინოს. დააკვირდით, რა ხდება გარეთ - "დაერივნენ "ქართული ოცნების" წევრებს და სამ დღეში 20 ადამიანი დაიჭირეს. მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, ერთი კვირაა დარჩენილი - არეულობა ძალიან აწყობს სააკაშვილს. მიხარია, რომ სტუდენტობა გამოფხიზლდა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ტუღუშს რამეს შეცვლის თავი აქვს ამ სისტემაში?" - პასუხობს:

"გადასარევი ფორმულირება გააკეთა ლალი მოროშკინამ - გიორგი ტუღუში იყო სუსტი სახალხო დამცველი, რომელიც გადაიქცა ლეღვის ფოთლადო... მე უფრო მეშინია იმის, რა იქნება 1 ოქტომბერს ღამით, უბნების დახურვის შემდეგ. ეჭვი ეპარება იმას, რომ სააკაშვილი გაყალბებას შეეცდება? რაც უფრო ბრაზდება სააკაშვილი, მით უფრო ძლიერდება ძალადობაში, უფრო სადისტი ხდება და საშინელებებს ჩადის. ბატონი ბიძინა ამბობს, პირველშივე გაფორმდება ჩვენი გამარჯვებაო - დაველოდოთ მოვლენებს - მინდა იმედი ვიქონიო, რომ ასე იქნება"