კავკასიური სოჭის გირჩების საქართველოდან ევროპაში გატანა სარფიან ბიზნესად იქცა. ევროპელები ახალ წელს ქართული წარმომავლობის ნაძვებით ხვდებიან. ყოველ წელს ევროპაში საშობაოდ 75 მილიონამდე ქართული ნაძვი იყიდება და ამით საქართველო მილიონობით თანხას კარგავს, რადგან საქართველოდან გატანილი გირჩები გაცილებით იაფია, ვიდრე ქართული გირჩებით აღმოცენებული, ევროპაში გაზრდილი ნაძვის ხეები.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოდან 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ტყის ხეების, ყავილებისა და დანარჩენი მცენარეების სათესად გასული თესლის ღირებულებამ 335 000 ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როცა საშობაო ნაძვების ექსპორტზე გატანა საქართველოსაც დიდ მოგებას მისცემდა და ამ სარფიანი ბიზნესით მხოლოდ ევროპელები არ გამდიდრდებოდნენ.
ამბროლაურის რაიონის მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საქმიანობად ნაძვის გირჩების შეგროვება იქცა. როგორც Fair Trees ორგანიზაციაში აცხადებენ, გირჩების შეგროვებისას ამბროლაურელები უზრუნველყოფილნი არიან უსაფრთხოების ქამრებით, ჩაფხუტებით, ცოცვისთვის საჭირო მოწყობილობებით.
ამბროლაურში, სოფელ ზედა თლუღში იზრდება კავკასიური სოჭი, იგივე ნორდმანი, რომლის გირჩის თესლის ექსპორტი ევროპაში უკვე 30 წელია მიმდინარეობს. საქართველოდან გატანილი გირჩი დანიაში სანერგე მეურნეობაში, ან სათბურში ხვდება, სადაც იზრდება და მიეწოდება ჰოლანდიას, ბელგიას, შვეიცარიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ირლანდიას, გერმანიას. ამბროლაურიდან გატანილი ნაძვის გირჩის თესლები საუკეთესო და ლამაზ საშობაო ნაძვის ხეებს იძლევა, ეს არ არის მუქი მწვანე ნაძვი, არ ცვივა წიწვები, რაც კომფორტულია სახლის პირობებისთვის და, რაც მთავარია, ამბროლაურის ნაძვი უძლებს ევროპის ჰავას.
რატომ ვერ ვახერხებთ საშობაო ნაძვების საქართველოშივე გამოყვანას?
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტყის ფართობების რაოდენობის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში, ჩვენი მთლიანი ფართობის 40%-ზე მეტი ტყეებითაა დაფარული. ამდენად, საშობაო ნაძვების უცხოეთში გატანის პერსპექტივა გვაქვს.
„სოჭისა და ნაძვის თესლებს ძირთადად რაჭასა და სვანეთში აგროვებენ და ყიდიან. ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფომ 390 ათასი ევროს მოგება ნახა. თქვენ წარმოიდგინეთ, გაცილებით დიდი მოგება ნახეს უცხოელებმა. ეს გირჩები ევროპის სახელმწიფოებმა იყიდეს, მათ გამოიყვანეს ნერგები და საახალწლოდ ყიდიან ამ ნერგებს, რითაც უკვე მილიარდ ევროზე მეტი მოგება ნახეს. განა ჩვენ არ შეგვიძლია, თვითონვე გამოვიყვანოთ ნერგები, თვითონვე გავყიდოთ ევროპაში? ამას იმიტომ ვერ ვაკეთებთ, რომ წინათ სანერგე და სატყეო მეურნეობები საქართველოში დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიციური მეტყევეებითა და სპეციალისტებით. მაგალითად, ბორჯომის რაიონში იყო ორი სატყეო მეურნეობა-ბორჯომისა და ბაკურიანის, მაგრამ გააუქმეს, 150 კაცზე მეტი მუშაობდა, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც ტარდებოდა, ყველა ტყეში იყო ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი, შესაბამისი გზები. გაუქმების შემდეგ კი მათ უფროსებად და სპეციალისტებად პოლიციელები დანიშნეს, მეტყევეები უგულებელყვეს, ამიტომაც გაჩნდა ტყის ხანძრები და აღარც სანერგე მეურნეობებია“, - აცხადებს ანზორ მესხიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში იმდენი გირჩი იყრება, ნეტავ, ყველა მათგანი გამოვიყენოთ. ჩვენი უბედურება ის არის, რომ მთელი რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის გატყევება მიმდინარეობს, 700 სოფელი დაცარიელდა, 800 სოფელში 10 კომლამდე ცხოვრობს ასაკოვანი ხალხი. ადრე მიწები რომ იხვნებოდა, დღეს აღარ იხვნება, აღარ ითესება და ამის გამო მიმდინარეობს გატყიანება. პარადოქსია, მაგრამ დღეს ჩვენ საძოვრები არ გვყოფნის და ამ დროს საძოვრების გატყიანება მიმდინარეობს.
„საქართველოს ნერგების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნანობაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წინასაახალწლოდ განსაკუთრებული მოთხოვნაა კავკასიურ სოჭზე, ასევე, იტალიურ ნაძვზე, ანუ ვერცხლისფერ ნაძვზე, რომელიც დაახლოებით 2 მეტრის სიგრძისაა. იტალიური ნაძვის ფასი 900-დან 3500 ლარამდეა. იტალიური ვერცხლისფერი ნაძვი ექსკლუზიური ჯიშია და ქართულ გარემოსთან მისი ადაპტირება მარტივია.
„ცხადია, საქართველოში გირჩების გამოყვანა შეიძლება. თავისუფლად შეგვიძლია ქართული წარმომავლობის გირჩებიდან საქართველოში გამოვზარდოთ წიწვოვანის ნერგები. ჩვენს სანერგე მეურნეობაში ვრგავთ ხოლმე გირჩებს. უბრალოდ, წიწვოვანი ნელა იზრდება და დიდი დრო სჭირდება, რომ მოზრდილი გახდეს. უშუალოდ ჩვენს კომპანიას გააჩნია სანერგე მეურნეობა სუფსასა და ყვარელში, სადაც ადგილობრივადაც გამოგვყავს წიწვოვანი სახეობები და მათი ფასი უფრო ნაკლებია, თუმცა ისინი სიმაღლით 2-მეტრიანი ნაძვები არ არის. ნაძვის ქართული ჯიშის პატარა ნერგის ფასი 10 ლარიდან იწყება, არის ცოტა მოზრდილიც, 35 ლარი ღირს, უბრალოდ, ამ ეტაპიზე აღარ გვაქვს, გაიყიდა. ისინი დროებითი კონტეინერით იყიდება. ასე რომ, ხანგრძლივად შეიძლება გამოიყენოს მყიდველმა, კონტეინერში გაზაფხულამდე გაძლებს, მაგრამ უკეთესია, თუ გადარგავთ“, - აცხადებს სალომე ნანობაშვილი.