ტრამპმა დაუგო ხაფანგი პუტინს, თუ პუტინმა-ტრამპს? რამდენად ცხელი 2019 წელი ელის მსოფლიოს და დაიწყება თუ არა პოლიტიკური კრიზისი ამერიკაში?! ამის შესახებ For.ge ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
მსოფლიო პოლიტიკაში დონალდ ტრამპის გამოჩენამ ძირფესვიანად შეცვალა ამერიკის ჰეგემონობის იდეა. ამ ქარიზმატული ლიდერის ხელში თითქოს სხვანაირი წესრიგი ყალიბდება მსოფლიოში. ადრე ჩვენთან საუბარში ამბობდით, რომ მსოფლიოში 4 გავლენის ცენტრი, ანუ კვადროპოლარული სამყარო შეიქმნებოდა (ამერიკის, რუსეთის, ჩინეთის, ევროკავშირის გავლენის ცენტრებით), პლუს ამას დაემატა დაიში (ისლამური სახელმწიფო). ხომ არ თვლით, რომ დღეს დაიში განადგურებისკენ მიექანება?
- კვადროპოლარული სამყაროს შესახებ ჯერ კიდევ როდის ვამბობდი და ამ ინფორმაციამ პირველად For.ge-ზე გაიჟღერა. ახლა უფრო გაიშალა ეს თემა და უფრო აქტუალური გახდა. ტრამპი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, მე მგონი, თვითონვე გაიხლართა თავის გადაწყვეტილებებში. ამერიკაში უსერიოზულესი პოლიტიკური კრიზისია. ახალი ამბავია, რომ 800 ათასი ამერიკელი სახელმწიფო მოხელე, ფაქტობრივად, ჰაერში დარჩა. ისეთ დონეზე მივიდნენ, რომ პირველად ამერიკის მთელ ისტორიაში ამ ქვეყანაში ვერ მოხერხდა 2019 წლის ბიუჯეტის მიღება. ეს კატასტროფაა, თვით პრეზიდენტი ტრამპიც ვერ მიდის შვებულებაში და 800 ათასი ადამიანი რთულ მდგომარეობაშია, რადგან ისინი ვერ მიიღებენ დაფინანსებას. თანაც, გავითვალისწინოთ, რომ ამერიკის ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტი არ არის და ისე არ იმართება, როგორც ჩვენთან.
ამერიკას რა კონტექსტში შეიძლება გაუჭირდეს? - ეკონომიკურად, თუ მენტალურად? ამასთან, აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკა უპირატესობას ხომ არ თმობს რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამკუთხედის სასარგებლოდ?
- აქ ეკონომიკაზე არ არის საუბარი. უბრალოდ, ამერიკაში კანონი უფრო მაღლა ფასობს, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურული ნაბიჯი და გადაწყვეტილება. კანონი, ფაქტობრივად, აღმოჩნდა ცაიტნოტში, საკანონმდებლო ჩიხში აღმოჩნდა ამერიკა, რადგან დემოკრატები არ ამტკიცებენ ტრამპის მიერ შედგენილ ბიუჯეტს, რომელსაც არ ეთანხმებიან. არადა, სწორედ ქვედა პალატა, წარმომადგენლობითი პალატა არის ბიუჯეტზე პასუხისმგებელი, ხოლო სენატი უფრო საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უჭერს მხარს. ასეა გადანაწილებული მოვალეობები. ქვედა პალატა უფრო შიდა პოლიტიკურ პროცესთა განმსაზღვრელი საკანონმდებლო ინსტიტუტია, ზედა პალატა კი უფრო საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე აგებს პასუხს. თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ქვედა პალატა (სადაც დემოკრატებმა მოიპოვეს უმრავლესობა და ფაქტობრივად, ისინი ანტიტრამპისტულ პოლიტიკურ რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ) ბლოკავს ტრამპის ამ გადაწყვეტილებას. სიტუაცია ურთულეს მდგომარეობამდეა და ამ დროს ტრამპს სირიიდან გამოჰყავს ჯარები. ეს ნიშნავს, რომ არა მარტო ჯარები, დიპლომატიური წარმომადგენლებიც გამოჰყავს, მთლიანად გამოდის ტრამპი სირიიდან.
სწორედ თურქეთის გავლენის გამო დატოვა ტრამპმა სირია, რადგან წინა დღეს ერდოღანს ესაუბრა და ერდოღანთან მძიმე საუბრის შემდეგ მიიღო ამერიკის ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება. ტრამპი მართალიცაა ამ კუთხით, რადგან 2200 კაცი ფაქტობრივად გახდება ირანის, თურქეთის მძევალი და, რომ არ გაეყვანა ჯარი, თურქეთი შეიძლება შეჭრილიყო ქურთების მიერ კონტროლირებად სირიის ტერიტორიებზე და ამას შეიძლება მოჰყოლოდა ამერიკა-თურქეთის პირდაპირი ლოკალური ომი. ეს სადამდეც მიგვიყვანდა, ყველა კარგად ხვდება. ამიტომ თურქეთის ზეწოლას დაყვა ტრამპი და გაიყვანა საკუთარი კონტინგენტი, რომელიც ისედაც იყო ალყაშემორტყმული, ისედაც იყო მძევალი, რადგან ჩრდილოეთიდან ირანი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან თურქეთი, სამხრეთიდან-ასადის რეჟიმი და, პლუს კიდევ, სამხრეთიდან ისლამური სახალიფო-დაიშის სახით, ასევე, წვრილ-წვრილი ტერორისტული დაჯგუფებები. ანუ ოთხი მხრიდან ამერიკული კონტინგენტი ალყაში იყო მოქცეული, იორდანიას ვერ ეხმარებოდა, ისრაელს თავისი პრობლემები აქვს, საუდის არაბეთი ისეა ჩაბმული ყატართან კოალიციურ ომში და იემენის ომში, ამერიკა კი არა, საკუთარი თავიც აღარ ახსოვს.
ეს ნიშნავს, რომ ამერიკის მოკავშირეებიც შესუსტდნენ?
- ცხადია, ამერიკის მოკავშირეები შესუსტდნენ, ლიბანი აღარ არის ამერიკის მოკავშირე, იორდანიაც შესუსტდა მოკავშირის ვარიანტში. მით უმეტეს, თურქეთი აღარ არის ამერიკის მოკავშირე აღმოსავლეთში. ამერიკის მოკავშირეებად დარჩნენ ბაჰრეინი, ყატარი, რომელიც საუდის არაბეთმა დაადანაშაულა საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორობაში. ანუ თვითონ ამერიკის კოალიციაში, სპარსეთის ყურის კოალიციაში დიდი ბზარია. ამერიკას გამოეცალნენ სტრატეგიული მოკავშირეები აღმოსავლეთში. ამიტომ ტრამპმა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო. ამას ემატება ისიც, რომ დონალდ ტრამპი როდესაც ერაყში ჩავიდა, იქ ნური ალ მალიკიც კი არ მივიდა მასთან შესახვედრად. ფაქტობრივად, ერაყიც ეცლებათ ამერიკელებს ხელიდან. გამოდის, რომ ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეები (საუდის არაბეთი, ისრაელი და იორდანია) რჩებიან პირდაპირი დარტყმის ქვეშ, რადგან რუსეთის, თურქეთისა და ირანის ალიანსი გაძლიერდება, რუსული გავლენა კიდევ უფრო მოიმატებს აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურის მიმართულებითაც გადავა ეს გავლენა. მით უმეტეს, ირანის ფაქტორი, გაძლიერდება და ავღანეთში კიდევ რა მოხდება, ამის გაფიქრებაც არ მინდა, რადგან იქაც წარმოუდგენელი პროცესებია.
ისევ ამერიკულ ისტებლიშმენტს მივუბრუნდეთ, მთავარი პრობლემა, რატომაც დაუბლოკეს დემოკრატებმა ტრამპს ბიუჯეტი, ის არის, რომ ტრამპმა ჩადო 2 მილიარდი დოლარი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ჩინური კედლის აღმართვის საქმეში, დემოკრატებმა კი ეს უკვე ვეღარ მოითმინეს.
ტრამპის საპრეზიდენტო დაპირება იყო, რომ კედელი მექსიკელებს უნდა აეშენებინათ. ახლა კი ირკვევა, რომ მექსიკის საზღვარზე ფოლადის კედლის აშენებას, რომელმაც მექსიკიდან ნარკოტიკებისა და კრიმინალის გავრცელება უნდა შეაჩეროს, ამერიკის ბიუჯეტი უზრუნველყოფს. ესეც უკანდახევაა ტრამპის მხრიდან?
- აქ თვითონ უკვე კედლის არსებობაზეა საუბარი, რომელიც ყოველგვარი დემოკრატიული, თავისუფალი გადაადგილების წინააღმდეგ პირდაპირი დარტყმაა. ამით ტრამპი ასამარებს ე.წ. ნაფტას შეთანხმებას, ანუ კანადა-ამერიკა-მექსიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლითაც ამერიკა უფრო სარგებლობდა, ვიდრე ეს ორი ქვეყანა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი რეალური გახდება 2019 წელს?
- სხვათა შორის, არ მეგონა, თუ ტრამპის იმპიჩმენტი ასე მალე მოახლოვდებოდა, რადგან ტრამპის წინააღმდეგ ჩვენება მისცა სამმა ყოფილმა ჩინოსანმა. ეს არის ტრამპის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინი, ჯეფ სეშენი და მაიკლ კოენი, რომელიც მისი პირადი ადვოკატი იყო. მიულერის საგამოძიებო კომისიაც პროგრესული ტემპით მიიწევს წინ. ასე რომ, ტრამპის წინააღმდეგ შავი ღრუბლები იკვრება. თუ ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მის იმპიჩმენტს, ზედა პალატაში ეს საკითხი გაიჭედება, რადგან სენატს აკონტროლებენ რესპუბლიკელები, აქაც უკვე ამერიკელები ჩიხში შედიან და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი იწყება ამერიკაში. 2019 წელი იქნება ამერიკაში უსერიოზულესი პოლიტიკური კრიზისის წელი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკა 68 ქვეყანაში თავის ელჩებს ვერ ნიშნავს. საქართველოზე რა უნდა ვთქვათ, სადაც უკვე ერთი წელი გავიდა და ამერიკის ელჩი დანიშნული არ არის. ასეთი რამ არ მომხდარა 26 წლის განმავლობაში, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. როგორც წესი, ერთ თვეში ხდებოდა ამერიკის ელჩის დანიშვნა და, მაქსიმუმ, ერთ-ორ თვეში ეს საკითხი ყოველგვარი პრობლემის გარეშე წყდებოდა.
ამას ისევ ქართველებს გვაბრალებენ, თითქოს ამერიკის ელჩობის კანდიდატურა ბრიჯიტ ბრინკი არ არის მოსაწონი, რადგან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია და მის კანდიდატურას საქართველოს მთავრობა ბლოკავს.
- არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია. ჩვენ არავინ შეგვეკითხებოდა, „ნაციონალების“ კანდიდატი არის თუ არა რომელიმე ელჩი. ეს უფრო მითი მგონია. ჩემი აზრით, პროცესები ყოვნდება იმის გამო, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ოთხ ნაწილადაა გაყოფილი - ნეოკონსერვატორებად, ულტრანაციონალისტებად, ნაციონალისტებად და დემოკრატებად. ამ ოთხ ფენას შორის მიმდინარეობს დაპირისპირება, თუ ვინ გაქაჩავს საკუთარ წარმომადგენელს.
ამერიკელები მუდმივად ცვლილებებს ითხოვენ, ობამაც ამერიკელ ხალხს ცვლილებებს ჰპირდებოდა, დონალდ ტრამპიც რადიკალურ ცვლილებებს აღუთქვამდა, შემდეგი ლოზუნგით, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. როგორ ფიქრობთ, ამერიკელებს მაინც უმართლებთ საკუთარ ლიდერებში?
- სხვათა შორის, ობამა ძალიან კარგი პრეზიდენტი იყო, ის ძალიან მოქნილიც იყო. მე თუ მკითხავთ, ობამა გაცილებით სჯობდა ჯორჯ ბუშს უმცროსს, თავისი ინტელექტით, მიდგომებით, სწორი პოზიციით. ობამას დამსახურებაა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ასე ვერ იბოგინა. ობამას ადმინისტრაციის დამსახურებაა, რომ სააკაშვილის მხრიდან ჩაფიქრებული სახელმწიფო გადატრიალებისგან გადაარჩინა საქართველო, რაც მზადდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. სრულფასოვნად ვამბობ, რომ ეს იქნებოდა სამხედრო გადატრიალება, მიხეილ სააკაშვილი შეეცდებოდა, გამოეყვანა არმია, გაეუქმებინა არჩევნები, ამით გაეხანგრძლივებინა თავისი დიქტატურა. დამიჯერეთ, უმალვე დაიწყებოდა სისხლიანი დიქტატურა და ეს არ იქნებოდა რბილი, ავტორიტარული რეჟიმი, არამედ ეს იქნებოდა ავტოკრატიული მმართველობა, ახალაიები ჩაიგდებდნენ ძალაუფლებას ხელში. აქ იქნებოდა სააკაშვილების და ახალაიების მთელი მოდგმა. იმ პერიოდში სწორედ ობამას ადმინისტრაციამ შეაჩერა ეს ყველაფერი და ჩვენ ობამას ადმინისტრაციას ძეგლიც უნდა დავუდგათ. ჯორჯ ბუშ უმცროსის კი არა, მე მგონი, ობამას პროსპექტი უნდა იყოს აეროპორტის გზაზე.
როდესაც ამერიკელებმა ტრამპს მისცეს ხმა, მაშინვე არსებობდა მოლოდინი, რომ ეს ქარიზმატული ლიდერი გაუგებრობაში გახვევდა ამერიკას და რუსეთი დაწინაურდებოდა. თუმცა, იმავდროულად, ასეთი სცენარის განვითარებას ხელს უშლიდა ის ფაქტი, რომ სენატი არ მისცემდა ტრამპს გაუგებარი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას.
- ტრამპი რომ გახლდათ ექსტრავაგანტული პიროვნება და მარგინალი პოლიტიკოსი, ეს ცხადი იყო. ის იყო მარგინალი ბიზნესმენიც, კაცი ორჯერ გაკოტრდა და ორჯერვე მიაღწია მიზანს, თანაც ცოტა უფრო საეჭვო რეპუტაციის ბიზნესს მიჰყვებოდა, დავარქვათ ასე, არაბრენდულ ბიზნესს, კერძოდ, მის მსოფლიო კონკურსების ჩატარებას, სათამაშო ბიზნესს, ოტელების აშენებას და სხვა. მის პირობებში ჩინეთმა, რუსეთმა, ევროკავშირმაც უკვე თავისუფალი მოქმედების სტრატეგია დაიწყეს.
რამდენად ხელსაყრელია ასეთი ვითარება პუტინისთვის და ვინ უფრო მოხერხებულად ატყუებს ერთმანეთს-პუტინი თუ ტრამპი?
- პუტინისთვის ასეთი ვითარება ხელსაყრელია, თუმცა თავის ჭკუაში ტრამპმა დაუგო ხაფანგი პუტინს. ტრამპს რომ ვკითხოთ, ტრამპი იტყვის, რომ პუტინი გაება ხაფანგში, რადგან ამერიკა გამოდის აღმოსავლეთიდან, ხელებს იბანს და რუსეთს ეუბნება, თქვენ მიხედეთ აღმოსავლეთში დაძაბულ სიტუაციასო. ანუ ამერიკა რუსეთს ითრევს ჭაობში, ითრევს ახლო აღმოსავლურ დიდ ქვაბში, რომელიც შეიძლება აფეთქდეს. რამდენად იქნება ეს ნაღმზე რუსეთის წამოგება, ცალკე საუბრის თემაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამერიკელები თმობენ პოზიციას აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში.
ამერიკელებისგან გამოთავისუფლებულ ცარიელ სივრცეს ვინ შეავსებს? რუსეთი და თურქეთი?
- ტრამპს უკვე აღარ სჭირდება აღმოსავლეთის ნავთობი, მორჩა და გათავდა. ტრამპის ადმინისტრაციამ და მანამდე ობამას ადმინისტრაციამ მიაღწიეს იმას, რომ მათ უკვე შექმნეს ე.წ. ჭირხლის გაზი. ფიქალის გაზისა და ნავთობის მეშვეობით ამერიკა უკვე გახდა მსოფლიო უმსხვილესი ენერგომწარმოებელი და შეგვიძლია ასეთი ტერმინიც შემოვიტანოთ - ენერგოსუპერსახელმწიფო, ის გახდა ლიდერი ნავთობისა და გაზის წარმოებაში, ამიტომ ტრამპის გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ამერიკამ დაკარგა ყოველგვარი ინტერესი აღმოსავლეთის ნავთობსა და გაზზე. ამიტომაც იწყება ახალი ერა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში.
თუკი მსოფლიოში წესრიგის დამყარების საკუთარ მისიაზე უარს ამბობს ამერიკა, ვინ იქნება მსოფლიო ლიდერი?
- ვინ იქნება მსოფლიო ლიდერი? ამ შემთხვევაში, ამერიკას ექნება თავისი ადგილი და როლი მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში, რათა ამერიკას არავინ შეეხოს, ამერიკა იყოს ცალკე და თავისი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით ამერიკის მოსახლეობამ მიიღოს მეტი სარგებელი. ობამა გამუდმებით საგარეო პოლიტიკას აქცევდა ყურადღებას და თქვენ რომ წავხვიდეთ ამერიკის შიდა პროვინციულ შტატებში, იქ სიტუაცია არც ისე სახარბიელოა. შეიძლება, ამერიკის სანაპიროებზე კარგი ცხოვრებაა, მაგრამ ქვეყნის შიგნით მაინცდამაინც დალხენილად არ ცხოვრობენ, ამერიკაში გავატარე ერთი წელი, უფრო პროვინციაში ვცხოვრობდი, ვიდრე ელიტარულ აღმოსავლეთ-დასავლეთის სანაპიროებზე, ე.წ. ჰაი კლასის ადგილებში. ჩემთვის იმ ადგილებში ცხოვრება უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფეშენებლურ გარემოში ცხოვრება. ამიტომ მე კარგად მესმის, შიდა პროვინციულმა შტატებმა რატომაც დაუჭირეს მხარი დონალდ ტრამპს. მათთვის ტრამპი იყო გადარჩენის ერთადერთი საშუალება. მათ სულაც არ აინტერესებთ, ამერიკა რატომ აძლევს 50 მილიარდ დოლარს საქართველოს, უკრაინას, ან სხვა ქვეყანას, როცა თვითონ ამერიკის შიდა პროვინციების მოსახლეობაში სიდუხჭირეა, მათი შემოსავალი 1000-დან 2 ათას დოლარამდეა, რაც ამერიკული სტანდარტებით არ არის მაღალი და იქ ჩამკვდარია ცხოვრება. შესაბამისად, შიდა პროვინციები იცლება ახალგაზრდებისგან, შრომისუნარიანი მოსახლეობისგან, რომლებიც შედარებით მდიდარ ქალაქებში გადადიან. თანაც, გლობალიზაციაზე დამოკიდებულმა ამერიკულმა ეკონომიკამ, ფაქტობრივად, დაკარგა თავისი ეროვნული მწარმოებელი. ამერიკაში შევიდნენ იაპონელი, გერმანელი მწარმოებლები, ჩინელებმა ჩაიგდეს ხელში ამერიკული წარმოების ძირითადი სადავეები, გაჩნდა უმუშევრობა, სოციალური დისბალანსი. ტრამპმა ამიტომაც წამოაყენა ლოზუნგი, რომ აეღორძინებინათ ეროვნული ეკონომიკური და სამრეწველო პოტენციალი, რათა შიდა შტატებში ცხოვრების დონე აემაღლებინა.
ტრამპმა შიდა პროვინციებში მცხოვრები მოსახლეობის იმედები გაამართლა?
- დონალდ ტრამპმა მათი იმედები გაამართლა. ტრამპი იმიტომ არის კარგი ამერიკელთა ნაწილისთვის, რომ ასრულებს თავის დანაპირებს. ჩვენთან არ ესმით, რა არის ამერიკის პოლიტიკური არსი. ჩვენთან იციან, რომ ამერიკა მაგარი ქვეყანაა, მაგრამ ამერიკის პოლიტიკური სისტემა რაზე დგას, როგორ იმართება ეს ქვეყანა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის საქართველოში. ჩვენს მკითხველს უნდა წარმოვუდგინოთ ამერიკის პოლიტიკური სტრატოსფეროს შესახებ ელემენტარული ინფორმაცია მაინც, თუ როგორ ცხოვრობს ამერიკა. ტრამპის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა, რომ ტრამპი სწორუპოვრად ასრულებს ამერიკის ქვედა სოციალური ფენების დაკვეთას. ფაქტობრივად, იგი სოციალურ პოლიტიკას უქვემდებარებს ამერიკის საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის პრინციპებს. ამიტომ ჩემთვის ტრამპის პოლიტიკა არ არის ენიგმა და არ არის გასაკვირი, რომ ტრამპი ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას და მის მიერვე დასახული პროგრამის გზით მიდის.
დაბოლოს, რამდენად მძლავრია მსოფლიოში დაიშის ფაქტორი, იგი ისევ წამოყოფს თავს ახალი ენერგიით?
- დაიში გადავიდა ბრძოლის სხვა მეთოდებზე. დაიში არსად არ წასულა. დაიშს საკმაოდ სერიოზული დასაყრდენი ძალა აქვს სირიის სამხრეთში. კოალიციის მიუხედავად, ვერ მოხერხდა მისი ამოგდება ამ სისტემიდან. დაიში შეიძლება ცოტა შესუსტდა, მაგრამ ამერიკელების სირიიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ წამოყოფს თავს.