„იმ დროში დავბრუნდით, როდესაც პოლიცია განკარგავდა ციხეს“

„იმ დროში დავბრუნდით, როდესაც პოლიცია განკარგავდა ციხეს“

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიით იყრის კენჭს ან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატია, ხელს აწერს ყველა უზნეობაზე, უწესობაზე, ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელ ფაქტებეზე, თანამონაწილე და თანაზიარია ამ საშინელი ქმედებებისა და ამიტომაც პასუხიმგებლობას ვერ გაექცევიან“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი:

ითქვა, რომ ვაკის მაჟორიტარობის კანიდატი გიორგი  კარბელაშვილი აპირებდა კენჭისყრაზე უარის თქმას.

- ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, თუკი ხელისუფლებაში მყოფ რომელიმე პირს პრეტენზია აქვს ზნეობასა და წესიერებაზე და ამბობდნენ ამ ხნის განმავლობაში სხვა არჩევანი არ გვქონდაო, დადგა დრო, საკუთარი ზნეობრივი არჩევანი ანახონ მთელ საზოგადოებას. მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ ნახა ეს სრულიად ამაზრზენი და შემაძრწუნებელი ვიდეომასალა, ყველამ დაინახა ხელისუფლების რეალური სახე, თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა და ბოლომდე არ იყო რამეში დარწმუნებული. მაინტერესებს საარჩევნო შეხვედრებს რომ ატარებენ, რას ეუბნებიან ამომრჩეველს - ვის დაუჭირეთ მხარიო, იმ ხალხს, ვინც ასეთი სისტემის შექმნას და არსებობას უწყობდა ხელს და ახალისებდა? თუ, თვითონ რაღაც განსაკუთრებულ ზნობრივ არჩევანს სთავაზობენ საზოგადებას, რომელიც ნაციონალური მოძრაობისაგან განსხვავებულია? კარბელაშვილისთვის და ყველასთვის, ვისაც ზნეობაზე პრენეტზია აქვს, დღეს არის საზოგადოებისათვის ზნეობრივი არჩევანის ჩვენების მომენტი. მათი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევიან, მაგრამ თუ მომავალში რამეზე პრეტენზია აქვთ, ეს არჩევანი დღეს უნდა გააკეთონ.

ჩვენ ვნახეთ რაც უთხრა გია ბარამიძემ თავის ამომრჩეველს თავები მაღლა ასწიეთ, ანუ ამაყები იყავით იმით, რომ ჩვენ გვაძლევთ ხმასო.

- გია ბარამიძეზე არც ვლაპარაკობ. როდესაც ამას ვამბობ, გია ბარამიძეს, მიშა მაჭავარიანსა და ვანო მერაბიშვილისანაირ ადამიანებს არ ვგულისხმობ. მათთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. გია ბარამიძე ხელმძღვანელობდა სვანეთში იმ ოპერაციას, როდესაც უდანაშაულო ადამიანები დახოცეს ჰაერიდან და მერე სვანებს საფლავები ამოუთხარეს. გია ბარამიძეს და მისნაირებს თავად აქვთ ხელი სისხლში გასვრილი, თვითონ არიან ამ ყველაფრის შემოქმედი და მონაწილე. მე ვლაპარაკობ მათზე, ვისაც პირადად მონაწილეობა არ მიუღიათ ასეთ საქმეებში.

ხელისუფლების წარმომადგენლები თვითონ გამოხატავენ შეშფოთებას და გაბრაზებას გავრცელებული კადრების გამო. იმის გამო, რაც არ სცოდინიათ. პრეზიდენტმა განაცხადა, უზნეოა ის ადამიანი, ვინ ეს ფაქტები იცოდა და მალავდაო.

- სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა. მთავრი მისი ნათქვამი კი არაა, არამედ ის, თუ რას ამბობენ ფაქტები. დათო ბაქრაძე, მისი აზრით, შთამბეჭდავი სიტყვებით გამოდის, ზნეობაზე გვიკითხავს ტექსტებს და ამბობს - შეძრწუნებული ვარო, მაგრამ ამას არ მიიღებს საზოგადოება მისგან და არცერთი დეპუტატისაგან, რადგან წლების განმავლობაში ამაზე პარლამენტში მუდმივად იყო საუბარი. საერთაშორისო ორგანიზაციები ამის შესახებ საუბრობდნენ და ნაცვლად იმისა, რომ რაიმე რეაგირება მოეხდინათ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეექმნათ ან რაიმე სხვა ფორმით დაინტერესებულიყვნენ რა ხდებოდა საპატიმროებში, სახალხო დამცველის ანგარიშს ცნობად იღებდნენ.

ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების სამსახურის ხელმძღვანელობის დროს, სოზარ სუბარის მოხსენებებში მუდმივად იყო ამაზე საუბარი, მაგრამ მაშინ, არ გვახსოვს არცერთი აღშფოთება ბაქრაძის, ან რომელიმე დეპუტატის მხრიდან. ამიტომაც, როდესაც სააკაშვილი ამბობს ცრემლები მახრჩობსო, არ მიიღებს ამას საზოგადოება. არ მიიღებს ამას საზოგადოება იმ ადამიანებისაგან, რომელთაც არა მარტო იცოდნენ ყველაფრი, არამედ თვითონ იყვნენ ამ სისტემის შემოქმედნი, როდესაც ამბობდნენ, რომ ბაჩო ახალაია იყო თურმე ყველაზე მაგარი სასჯელაღსრულების მინისტრი და მის დროს დიდი რეფორმები მოხდა. ამას ამბობდა ხალხი, რომელმაც იცოდა, რომ ბაჩო ახალაიამ ციხის ბუნტის დროს პატიმრების დახოცვის ბრძანება გასცა. სარკმელიდან, რომელიც ყველა საკნის კარს აქვს, ავტომატებს ჰყოფდნენ და ისე ხოცავდნენ პატიმრებს ციხის ბუნტის დროს. ეს ყველაფერი მათ კარგად იცოდნენ, მაგრამ ბაჩო ახალაის წლების განმავლობაში მაინც ხელებგადატყავებულები უკრავდნენ ტაშს. არაფერს ვამბობ მის ძმაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ჯალათებზე. არ გამოვა ლაპარაკი - არ ვიცოდითო.

როდესაც ამბობენ - ყველა დამნაშავე დაისჯებაო, ეს რას ნიშნავს? იმათ დასჯიან, ვინც კადრებში ჩანს? მოდით, ამოვიღოთ მაშინ ყველა ციხის, ყველა დერეფნის ვიდეომასალა ამ 8 წლის განვალობაში და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რა ხდება სხვა ციხის დერეფნებსა და  საკნებში, რა არის ასახული იმ ვიდეოკამერებზე. ციხის ადმინისტრაციის ვალდებულება ის კი არ არის, პატიმარი კარცერში ჩასვას იმის გამო, რომ პაემნზე მისულ ცოლს ახლოს თუ მიეკრება... მათი ვალდებულებაა, დასაჯონ ადმინისტრაციის თანამშრომლები, როდესაც ისინი ადამიანებს აწამებენ, შეურაცხყოფენ ან ღირსებას ულახავენ და როდესაც ამას არ აკეთებ, მაშინ შენც ამ სისტემის ნაწილი ხარ, მიუხედავად იმისა, პირადად ვინმე გიცემია თუ არა.

დღეს იმ 10 კაცის დასჯა აუცილებელია, მაგრამ საერთოდ არაფერს ნიშნავს არც მხოლოდ მათი დასჯა და არც ორი მინისტრის თანამდებობიდან წასვლა.  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვინც იცოდა და ხელს უწყობდა იმას, რომ ამ სისტემას სრული დატვირთვით ემუშავა ქართულ ციხეებში. სააკაშვილის ნიანგის ცრემლების ყრა საქართველოში არავისზე აღარ ახდენს შთაბეჭდილებას. ყველა ადამიანი, ვინც გაბრაზებულია და ქუჩაშია გამოსული, ბოლომდე აცნობიერებს დანაშაულის სიმძიმეს. შესაბამისად პასუხიმგებლობის მოთხოვნაც იქნება ადეკვატური. ძალიან ცოტა დარჩა ამ ხელისუფლებას - ერთი კვირა. ამიტომ, პასუხისმგებლობა დასჯისთვის ვინც ამ 8 წლის განმავლობაში ამ სისასტიკეს ნერგავდა ქართულ სახელმწიფოში, ჩვენ უნდა მოგვთხოვონ იმათი. პირობას ვდებთ, რომ ყველა აგებს სისხლის სამართლის წესით პასუხს, ვინც ამ სისტემის შემოქმედი იყო.

ციხეში პატრულის შეყვანა და გიორგი ტუღუშის დანიშვნა სასჯელასრულების მინისტრად დროებით მაინც თუ გამოასწორებს ვითარებას ციხეში?

- ციხეში პატრულის შეყვანა სრული აბსურდია. წლების განმავლობაში ვიბრძოდით, რომ პოლიცია და ციხე ერთმანეთისაგან დაგვეშორებინა და ახლა უკან დავრუნდით. სააკაშვილი იმდენს ლაპარაკობს უკან აღარ დავრუნდებითო, რომ სისტემურადაც კი დააბრუნა ქვეყანა უკან, თარგამაძის დროში, როდესაც პოლიცია იყო ციხეზე პასუხისმგებელი და განკარგავდა ციხეს.

ძალიან ვწუხვარ, რომ გიორგი ტუღუშმა ცხრადღიანი მინისტრობის შეთავაზება მიიღო. ლაპარაკი იმაზე, რომ რომელიმე ახლადანიშნული მინისტრის რაიმე სერიზოულ რეფორმებს განახორცილებს, ძალიან არასერიოზულია. 9 დღეში შედეგები არ იდება და რეფორმები არ ტარდება. ერთ კვირაში ამ ქვეყანას ახალი ხელისუფლება და ახალი მთავრობა ეყოლება და ამ პრობლემას ის მოაგვარებს.