"სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებას საარჩევნო უბნებზე გადაღების აკრძალვის ნება არ მისცა. ორდღიანი კამათის შემდეგ ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება შეუზღუდავი დროით იქნება შესაძლებელი. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება კანონით არის ნებადართული. სათანადო ცვლილება ორგანულ კანონში "საარჩევნო კოდექსში" მას შემდეგ შევიდა, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უბნებზე ვიდეოთვალის დამონტაჟება აიკრძალა. ამის არგუმენტი ის იყო, რომ ადამიანები კამერის არსებობის შემთხვევაში თავისუფალ არჩევანს ვერ აკეთებენ. თუმცა, იმის გამო, რომ უბნებზე არსებული მდგომარეობის ასახვა შესაძლებელი ყოფილიყო, ხელისუფლებამ კანონში ჩაწერა, რომ უბანზე ფოტო და ვიდეო გადაღებები ნებადართულია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ხელისუფლებას საარჩევნო უბნებზე გადაღების აკრძალვა გადააფიქრებინეს / ხარატიშვილი: "არჩევნების დღეს ფოტო და ვიდეო გადაღების საკითხზე მთავარი კონსენსუსი მიღწეულია"
"ეს ცვლილება 2011 წელს შევიდა და ეს პირველ რიგში, იმისთვის არის საჭირო, რომ დარღვევების არსებობის შემთხვევაში მოხდეს მისი დაფიქსირება, რათა სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის მტკიცებულება არსებობდეს. "2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულის ერთ-ერთი უბნიდან ავტომატიანმა ადამიანებმა იარაღის მუქარით გამომაგდეს. ამის შესახებ მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენე ცესკო, მაგრამ მათ ვერანაირი რეაგირება ვერ მოახდინეს იმიტომ, რომ ამის მტკიცებულებები, ვიდეო ან ფოტოკადრები არ მქონდა", - ამბობს კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" წარმომადგენელი, მაგდა პოპიაშვილი. კანონში ახალი ჩანაწერი კი იმის გარანტიას იძლევა, რომ ასეთ შემთხვევებზე სათანადო რეაგირების მოხდენა იქნება შესაძლებელი. მაგრამ კვირას, შუადღისას ცესკომ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ უბნებზე გადაღების უფლება აეკრძალა მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება კანონით არის გარანტირებული. ამის გაკეთება კი იმით უნდოდათ, რომ დადგენილებით განმარტავდნენ, რა შეიძლება ჩაითვალოს არჩევნების პროცესის ხელის შეშლად და მათ შორის მოხვდებოდა გადაღებების უფლებაც", - აღნიშნავს გამოცემა.
"ცესკოს მხრიდან არგუმენტად ის დასახელდა, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეო კამერების ყოფნა ამომრჩეველმა შესაძლოა ზეწოლად განიხილოს, რაც საარჩევნო პროცესს და ამომრჩეველთა აქტივობას ხელს შეუშლის. სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შედეგად ეს საკითხი კვირას აღარ განიხილეს და ცესკოს სხდომა, რომელსაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ორშაბათისთვის გადაიდო. მანამდე კი ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მათ ცესკოს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირეს. შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე ცდილობდა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაერწმუნებინა იმაში, რომ ამით საზოგადოების ინტერესებს იცავდა და გამჭვირვალობის პროცესს არანაირი საფრთხე არ შეექმნებოდა", - განაგრძობს გამოცემა
"ვხედავ რეალურ საშიშროებას, რომ მუდმივი გადაღება საარჩევნო უბანზე მნიშვნელოვნად დააშინებს ამომრჩეველს და აქტივობას შეამცირებს. გარდა ამისა, ამ პუნქტის ამოღებაზე რეკომენდაცია თავის დროზე ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებში ჩაიწერა. გარდა ამისა, გეთანხმებით, რომ დაუშვებელია სრულიად აიკრძალოს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება, თუმცა მე არ ვარ მინისტრი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, დადგენილების მიღების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ, რადგან მოგეხსენებათ კომისია 13 კაცისგან შედგება და გადაწყვეტილებებიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღება", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა. ამასთან, ხარატიშვილი იმასაც ამბობდა, რომ, "თუ გადაღება არ იქნება, ეს მონიტორინგის წართმევის უფლებას არ ნიშნავს", - დასძენს გამოცემა.
"მომავალ არჩევენებზე წინა არჩევნებთან შედარებით ორჯერ მეტი დამკვირვებელია აკრედიტებული. გარდა ამისა, შეგახსენებთ საარჩევნო ადმინისტრაციას აკისრია პასუხისმგებლობა არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიპოვოთ კომპრომისი და შემიძლია გითხრათ, რომ დადგენილება იქნება, თუმცა ვეცდებით მივიღოთ კომპრომისული ვარიანტი. რაც შეეხება პარლამენტთან მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას, ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ არასამთავრობოებსა და კანონმდებლებს შორის მიღწეული შეთანხმება, მით უმეტეს საუბარი არ არის საარჩევნო კოდექსში არსებული ჩანაწერის გაუქმებაზე და კონკრეტულ აკრძალვაზე, უბრალოდ გვინდა ერთი ჩამოყალიბებული სახე მივცეთ ხელისშეშლის შესაძლო ფაქტებს", - განაცხადა ხარატიშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი ცესკო უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს", - წერს სტატიის ავტორი.
"როგორც შეხვედრაზე საია-ის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების უფლება საარჩევნო კოდექსში პარლამენტმა, სამოქალაქო სექტორის ძალისხმევით, ვიდეოთვალის გაუქმების საკომპენსაციოდ ჩადო. მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსის ჩანაწერით გათვალისწინებულ საკითხებზე აკრძალვის დაწესებით ცესკო საკუთარი მანდატის ფარგლებიდან გადის და მედიას თუ დამკვირვებლებს კანონით მინიჭებულ უფლებას უზღუდავს. "თუ მედიის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესს ხელს უშლიან და დისკომფორტს ქმნიან, კომისიის თავმჯდომარეს მათი გაძევება ისედაც შეუძლია. შესაბამისად, ნორმატიული აქტებით ამ საკითხის დამატებითი რეგულირება საჭირო არ არის. ცესკო რეალურად ამით შესაძლო დარღვევების დაფიქსირებას კრძალავს. თუ ჩანაწერი არ გვექნება, შესაძლო დარღვევის ფაქტს ვერ დავამტკიცებთ. ამ დადგენილების მიღება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისთვის სერიოზული დარტყმა იქნება და ის დიდ საზოგადოებრივ პროტესტს გამოიწვევს", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რას ემსახურება აღნიშნული ცვლილების შემოღება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ვინ არის მისი კონკრეტული ინიციატორი, თუმცა ამ კითხვებზე ცესკოს თავმჯდომარისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"რეზონანსის" მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში კი ამბობს, რომ ხელისუფლებას ამით სურდა "არჩევნები ბნელ ოთახში", რაც, მისივე თქმით, დემოკრატიულ პრინციპებთან კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდის. "ჟურნალისტები ხულიგნები და ბანდიტები არ არიან. რა, ჟურნალისტები ჩაშლიან საარჩევნო პროცესს? ჟურნალისტები მივარდებიან საარჩევნო ყუთებთან და ხელს შეუშლიან ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებაში? მედია ყოველთვის აკვირდებოდა ამ პროცესს და ახლა რატომ არ უნდა დააკვირდეს" - ამბობს ტუღუში და დასძენს, რომ, "თუ ცესკო-მ, ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის არა მარტო მედიის, არამედ საზოგადოების წინააღმდეგაც გადადგმული ნაბიჯი, რადგან მაყურებელს უზღუდავენ ინფორმაციის მიღების საშუალებას. მაგრამ სამოქალაქო სექტორის აქტიურობის შედეგად რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ ცესკომ გადაღების აკრძალვა გადაიფიქრა. როგორც ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაზე პრინციპული საკითხი, რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია, შეთანხმებულია და ვიდეო გადაღება შეუზღუდავი დროით იქნება შესაძლებელი", - დასძენს სტატიის ავტორი.