რა ბერკეტი აქვს მოსკოვს, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ აღიარონ და რა პოზიციას დაიჭერს საქართველო - ეს არის თემა, რომელიც 6 იანვრის შემდეგ მთავარი კითხვაა მართლმადიდებელ სამყაროში.თეოლოგების თქმით, უკრაინის საკითხზე რა პოზიციას დააფიქსირებს საქართველოს საპატრიარქო, ეს იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, საქართველოს ეკლესია მართლაც დამოუკიდებელია, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება.
თეოლოგებს მოლოდინი აქვთ, რომ საპატრიარქო შეეცდება რაც შეიძლება დროში გაწელოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა და როგორც კი რუსეთის მხარეს რამდენიმე ეკლესია აღმოჩნდება, საქართველოც მათ გვერდით დადგება და უარს იტყვის უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
„საქართველოს ეკლესია სერიოზული არჩევანის წინაშეა. ისინი ხვდებიან, რომ უკრაინის ავტოკეფალია ისტორიულად სამართლიანი მოვლენაა, იმიტომ რომ, ზუსტად იგივე მდგომარეობაში იყო საქართველო ეკლესია 1917 წელს და ხვდებიან, რომ მართებულია უკრაინის ავტოკეფალია აღიარონ, თუმცა რუსეთის ეშინიათ და ცდილობენ მაქსიმალურად გაწელონ დრო და დააკვირდნენ - რას მოიმოქმედებენ სხვა ეკლესიები.
"ველოდები, რომ როგორც კი ეს ეიფორია გადაივლის, ნელ-ნელა შემოგვაპარებენ პრორუსულ პოზიციას, თუ ცალსახდ არა, შეფარვით მაინც და ავტოკეფალიას არ აღიარებენ.
"მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე საჯაროდ აცხადებენ, რომ უკრაინა იმსახურებს ავტოკეფალურ ეკლესიას, თუმცა თავად პატრიარქი, მეუფე გერასიმე, მეუფე ნიკოლოზი ამ საკითხს ასე არ უყურებენ, მეუფე სპორიდონი კი გმობს ამ პროცესს და ამას მწვალებლობად მიიჩნევს.
"საპატრიარქოდან დღევანდელი განცხადებები, რომ ტომოსი არ წაგვიკითხავს და პოზიციას ამიტომ ვერ დავაფიქსირებთ, არასერიოზულია. უფრო დაბალანსებული პასუხი შეიძლებოდა, თუნდაც ის, რომ სხვა საპატრიარქოების პასუხს ველოდებით,"- აცხადებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.
თეოლოგის თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არ აღიარების მომხრეები საქართველოში ერთგვარ არგუმენტად ხშირად იშველიებენ იმას, რომ თუკი საქართველო აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთის ეპარქიას ავტოკეფალურ ეკლესიად აღიარებს და ეს დიდი დილემაა, თუმცა გამრეკელაშვილის მტკიცებით, ეს არგუმენტი რეალობასთან ახლოს არ დგას და არც რუსეთის მხრიდან არის ამ მიმართულებით წნეხი.
„ნაკლებად რეალისტურია, თუმცა დასაშვები არის. არარეალისტურია, იმიტომ რომ, აფხაზეთის ეპარქია რუსეთის ეკლესიის ნაწილი არასდროს ყოფილა და ისტორიული თვალსაზრისით არანაირი შემხებლობა ამ ორგანიზმთან არასდროს ჰქონია.
"რუსეთის ეკლესიამ ასე მოწმენდილ ცაზე აფხაზეთის ეპარქიას ავტოკეფალია ან ავტონომია რომ მიანიჭოს, ეს არარეალურია. თეორიული წანამძღვარისთვისაც კი არ ეყოფათ ისტორიული დასაბუთება. კონსტანტინოპოლი უფრო მოიძიებდა საამისო არგუმენტს, ვიდრე რუსეთი, რუსეთი ამ ტერიტორიაზე საერთოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა. რომც დავუშვათ, რომ რუსეთმა აღიაროს აფხაზეთის ეპარქია ავტონომიურად, ეს იქნება ფაქტიურად იმ რეალობის აღიარება, რაც ჩვენ აფხაზეთში სახეზე გვაქვს, რადგან აფხაზეთი ისედაც რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშაა, მაგრამ ეს „აღიარება" იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის აქტი, თუ არა. არ იქნება.
"ეს შიში არარეალისტურია. ჩვენი ეკლესიის თავშეკავების გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, რომ სამღვდელოების დიდ ნაწილს რუსეთში აქვს განათლება მიღებული და მათი თვითრეალიზაციის სივრცე რუსეთია.
"რუსეთი აფხაზეთის საკითხით არ აშინებს ჩვენს ეკლესიას. უბრალოდ ჩვენს სამღვდელოებას ეშინია, რომ ის ურთიერთობები, რომელიც მათ ეძვირფასებათ, რომ ის ვოიაჟები პეტერბურგსა და მოსკოვში, შეწყდება და რომ პატრიარქი გაბრაზდება, ამიტომაც იმიზეზებენ აფხაზეთის ეპარქიის თემას",- მიიჩნევს გამრეკელაშვილი.
უკრაინაში რუსეთის ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი 6 იანვარს ოფიციალურად დასრულდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ახლადარჩეულ მიტროპოლიტ ეპიფანეს საზეიმოდ გადასცა ტომოსი, რის მიხედვითაც უკრაინის ეკლესია დამოუკიდებელი გახდა და მე-15 ადგილი დაიკავა მართლმადიდებელი დამოუკიდებელი ეკლესიების რიგში - დიფტიხში.
მართლმადიდებელ ოჯახში ახლადშემატებული უკრაინის ეკლესიის გარდა 14 ეკლესიაა. მათ შორის კონსტანტინოპოლმა მიანიჭა ავტოკეფალია უკრაინას. ამ პროცესს კი სასტიკად ეწინააღმდეგება რუსეთი. დარჩენილი 12 ეკლესიიდან ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, უცნობია. ჯერჯერობით, პირველი აღმოჩნდა ელადის ეკლესია, რომელმაც უკრაინის საკითხი განსახილველად ეპისკოპოსთა საბჭოს გადასცა და მოლოდინია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თებერვალში გამოცხადდება და საბერძნეთი ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს.
მირიან გამრეკელაშვილის თქმით, რუსეთისთვის უკრაინის ეკლესიურად დაკარგვა დიდი იდეოლოგიური და კულტუროლოგიური დარტყმაა და არყევს მოსკოვის იდეას, რომ ის არის მესამე რომის ტიტულის მატარებელი, მართლმადიდებელი ქვეყნების ჰეგემონი, ამიტომაც მოსკოვი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მომხრეების შემოკრებაზე დიდ ძალისხმევას არ დაიშურებს - რუსეთს დიდი ფინანსური და პოლიტიკური წნეხის რესურსები აქვს.
„რუსეთის მოკავშირეებად ძირითადად ითვლებიან: სერბეთის, ბულგარეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის, პოლონეთის, ანტიოქიის (სირიის) და საქართველოს ეკლესიები. ჩეხეთ-სლოვაკეთი, ისე როგორც პოლონეთი პატარა ეკლესიებია და ამ ეკლესიებს მოსკოვიდან წარგზავნილი კადრები მართავენ.
"ანტიოქიის ეკლესიაც მთლიანადაა დამოკიდებული ასადის რეჟიმზე და ამ პოლიტიკური დამოკიდებულებს გამო ის რუსეთის ორბიტაზე რჩება. ალექსანდრიის ეკლესია არ არის რუსულ ორბიტაზე, თუმცა ტომოსის გადაცემამდე ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ძალიან კრიტიკული პოზიცია დაიჭირა, მიუხედავად იმისა, რომ განახლებების ძალიან დიდი მომხრეა.
"უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური გავლენებისა თუ გათვლების გამო. მაგალითად, რუსეთის ეკლესიას იერუსალიმისა და ალექსანდრიის ეკლესიების ტერიტორიებზე ძალიან დიდი ფინანსური აქტივი გააჩნია, იქნება ეს შემოწირულობები, იქ დაარსებული მონასტრები თუ ამ მონასტრებისათვის საჩუქრები, ასევე დიდია წმინდა ადგილების მოსალოცად ჩასული მდიდარი რუსების ნაკადი, რაც ამ ეკლესიების დამატებითი შემოსავლის წყაროა.
"მოსკოვიდან ფინანსური ბერკეტი მართლაც ძალიან ძლიერია, ზაფხულში საბერძნეთიდან გამოაძევეს რუსი დიპლომატები, მაღალი სამღვდელოების მოსყიდვის ბრალდებით და ამითაც აშკარაა, რა ბერკეტებს იყენებს მოსკოვი.
„რუსეთი წავა ყველაფერზე, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს იმ ეკლესიების რაოდენობა, ვინც არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას. რამდენად მიაღწევს, ამას დრო გვიჩვენებს.
"საბოლოო ანგარიშით რომ შევხედოთ, უნდა ველოდოთ, რომ მართლმადიდებლობის გახლეჩა მოხდება, თუ საეკლესიო დონეზე ძალიან მკაცრად არა, კულტურულ დონეზე მაინც და რუსეთი ეცდება თან პატარა ეკლესიებიც, პირველ რიგში საქართველოც ეკლესიაც წაიყოლოს,"- აცხადებს მირიანაშვილი.