როგორც "2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, რომელიც ეკა ბესელიას და დავით საგანელიძის კადრია, ფოთის საკრებულოში მაღალი რეიტინგით არ სარგებლობს და საკრებულოს წევრებში, მათ შორის "ქართული ოცნების" დეპუტატების დიდ უმრავლესობაში, მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "2020NEWS“ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას დაუკავშირდა. სააგენტოს კითხვებმა კაკულია გააღიზიანა: "თქვენს წყაროში მოიკითხეთ ეს საკითხები. მსგავისი კითხვებით აღარ მომართოთ“, - განუცხადა "2020NEWS“-ს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ.
გადააყენებენ თუ არა ირაკლი კაკულიას საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციიდან, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
მანამდე კი აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც ეკა ბესელია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ფოთის იმდროინდელ მერს დავით სარსანიას დაუპირისპიდა. მაშინ ეს სკანდალური დაპირსპირება ეკა ბესელიას გამარჯვებით დასრულდა და სარსანია თანამდებობიდან გადააყენეს. მის ნაცვლად კი - მერის მოვალეობის შემსრულებლად, სწორედ ირაკლი კაკულია დანიშნეს. როგორც მაშინ ფოთში აცხადებდნენ - მაშინდელი საპარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის და ეკა ბესელიას ლობირებით. შესაბამისად, კაკულია 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე, ფოთის მერის მოვალეობას ასრულებდა. 2017 წლის არჩევნებში კი იგი, როგორც "ქართული ოცნების“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ფოთის საკრებულოს წევრი გახდა და შემდეგ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ მისი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. "ეს არჩევნები იყო სამარცხვინო ფურცელი ფოთის ისტორიაში. საკრებულოს უმრავლესობაში მოსული ადამიანები მასში მონაწილეები არიან“, - განაცხადა იმ დროს ფოთის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.
"როგორც „2020NEWS“ ფოთიდან ინფორმირებული წყარო ატყობინებს, თითქმის ყველა ტენდერი, რომელიც ფოთში ტარდება, ირაკლი კაკულიასა და მოწერელია-მელიას კლანს უკავშრდება. ფოთელების მტკიცებით, ტენდერებში მხოლოდ მათთან დაკავშირებული კომპანიები იმარჯვებენ.
იმავე წყაროს ცნობით, ირაკლი კაკულიას ცოლი კლასელების მეშვეობით შედის კულტურული ღონისძიებებისა და კვების ტენდერებში. "ეს ფოთელებისთვის ღიად და დეკლარირებულად ახსნილი ფაქტია. ყველა ასე "შოულობს" და მე გამონკლისი ვიყოო? - არაერთხელ განუცხადებია საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეს" - აცხადებს ინფორმირებული წყარო.
ბესელიას მფარველობაში მყოფ კაკულიას ჰყავს თავისი ფინანსური მფარველი კლანი, რომლებიც სააკაშვილის პირობებში მიჩქმალულნი იყვნენ, რადგან მათზე არაერთი საქმე იყო აღძრული. რომან მელია, გურამ დოლბაია და უკვე აწ გარდაცვლილი ირაკლი მოწერელია, როგორც ამბობენ, იყვნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც კაკულიას "ოცნებაში“ ჩასმაზე დიდი ძალისხმევა დახარჯეს.
"დღეს გურამ დოლბაიას - შევარდნაძისდროინდელ ტრანსპორტის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ყველა ბიზნესი ფოთში აქვს. ამჟამად ირაკლი კაკულია და გურამ დოლბაია ქალაქ ფოთის ცენტრში სამედიცინო დანიშნულების ობიექტს აშენებენ და ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. რომან მელია კი ჩართულია ნაპირსამაგრი სამუშაოების ტენდერებში, რომელშიც რამდენჯერმე "დაიკარგა" თანხები და რომლის ტენდერი დღემდე იდუმალებით მოცული ფინანსური დანაშაულობების წყაროა", - აცხადებს "2020NEWS“-თან საუბარში ინფორმირებული წყარო.
სააგენტოს რესპოდენტი იხსენებს, როგორ მოაგროვეს ფოთელი მილიონერები ერთ სუფრაზე 2013 წელს ბესელიამ მხარდასაჭერად. ეს ის მილიონერებია, რომელთა უმეტესობა 2012 წელს "ნაციონალების“ შემომწირველები და დამფინანსებლები იყვნენ. მეტიც - მათ შორის ერთი "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო. ეს ადამიანები ირაკლი კაკულიასთან დაახლოებულ პირებადაც ითვლებიან.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კაკულია ერთხელ უკვე იყო ფოთის საკრებულოს წევრი - 2002-2006 წლებში, როგორც "ახალი მემარჯვენეების" წევრი. 2013 წლიდან კი ირაკლი კაკულია "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა ფოთში.