ციხეში მომხდარი წამების გამო გამოწვეული სკანდალი აზანზარებს საქართველოს

ციხეში მომხდარი წამების გამო გამოწვეული სკანდალი აზანზარებს საქართველოს

საქართველოს ორი საკვანძო მინისტრი ზუსტად არჩევნების წინ გადადგა, რამდენიმე დღიანი დემონსტრაციების შემდეგ, რომელიც პატიმრების უფლებების დაცვას მიეძღვნა. ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, ადამიანების შეურაცხყოფა პენიტენციალურ სისტემაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო უგულვებელყოფილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია გადადგა საზოგადოების პროტესტის შედეგად, რომელიც მისმა სასტიკმა მოპყრობამ გამოიწვია პატიმრებისადმი. მის გადადგომას სამშაბათ საღამოს წინ უძღოდა ხათუნა მაღლაკელიძის გადადგომა, მინისტრისა, რომელიც პენიტენციალურ სისტემაზე იყო პასუხისმგებელი. ეს გადადგომები დიდი დარტყმა იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობისთვის, რადგნაც საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 1 ოქტომბერსაა დანიშნული, სულ რამდენიმე დღე დარჩა.

რამდენიმე დღეა ქართველები დემონსტრაციებს მართავენ პატიმრების უფლებების დასაცავად თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოითხოვენ არა მარტო შინაგან საქმეთა მინისტრის, არამედ მისი წინამორბედის ვანო მერაბიშვილის გადადგომასაც, რომელიც ახლა პრემიერმინისტრია. თვითონ, სააკაშვილსაც კი მოუწოდებენ გადადგომისაკენ.

პროტესტი გამოიწვია ვიდეომ, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ სცემენ ციხის ზედამხედველები პატიმრებს. ნაჩვენებია ერთ-ერთი პატიმარზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა ცოცხის ტარითა და პოლიციელის ხელკეტით. ეს ვიდეო გადმოიცა ორი სატელევიზიო არხით – მეცხრე არხითა და მაესტროთი, რომლებიც ოპოზიციურად არიან მთავრობისადმი განწყობილი.

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი პატიმრებში

დემონსტრაციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ დამოუკიდებელ ინსპექციას მთელი ქვეყნის ციხეებში. საქართველოს ადამიანის უფლებების დამცველებს, ასევე სახალხო დამცველებს, არაერთხელ გამოუთქვამთ შეშფოთება შემაძრწუნებელი მდგომარეობის შესახებ ციხეებში, მაგრამ წლების განმავლობაში უფლებამოსილი პირები მათ მოხსენებებს უგულვებელყოფდნენ. ერთ-ერთ ფაქტორი, რომელსაც უფლებადამცველები ხშირად ახსენებდნენ, იყო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი პატიმრებში. ისინი ასევე მიუთითებდნენ გადაჭედილ საკნებსა და პატიმრების შეურაცხყოფაზე.

ნინო გობრონიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, ადასტურებს, რომ თვითნებური და ხშირად სასტიკი დასჯა უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში. “ჩვენ შევეცადეთ ხალხს სცოდნოდა, რომ პატიმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჩვენ ამ საკითხით პროკურატურას მივმართეთ, მაგრამ იქიდან შესაბამისი პასუხი არ მიგვიღია”, განაცხადა გობრონიძე.

ქართველი იურისტი გელა ნიკოლაიშვილი ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის”. ისიც ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი ციხეებში არსებული მდგომარეობისადმი. “ყოველდღიურად არის იმის მაგალითები, თუ როგორ ამცირებენ და არაჰუმანურად ეპყრობიან ციხის თანამშრომლები პატიმრებს”, ამბობს ის. ნიკოლაიშვილმა ასევე გააკრიტიკა იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, დამოუკიდებელი არასამთვარობო ორგანიზაციების მიერ ციხეზე მონიტორინგის გაუქმების შესახებ. მას შემდეგ, მხოლოდ ადამიანის უფლებათა სამთავრობო დამცველს აქვს უფლება შეამოწმოს ციხეები.

ომბუდსმენი პენიტენეციალური სისტემის რეფორმისთვის

პასუხისმგებელი მინისტრის გადადგომის შემდეგ, სააკაშვილმა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გახადა პასუხისმგებელი ციხეების ზედამხედველობაზე. პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ის მოახდენს სისტემის რეფორმირებას. “მე ვნიშნავ ამ სისტემის ყველაზე ძლიერ კრიტიკოსს, მასზე პასუხისმგებელ პირად”, განაცხადა მან. ხოლო სანამ ამას განახორციელებდა, მან შეიყვანა პოლიცია ციხის ზოგიერთი ზედამხედველის ჩასანაცვლებლად. პროკურატურა აცხადებს, რომ ციხის 11 თანამშრომელი უკვე დაკავებულია.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ქვეყნის მმართველმა ასევე მიმართა ხალხს და დასძინა, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ციხეებში ხაზი გადაუსვა მმართველის პარტიის ბოლო წლების წარმატებას უსაფრთხოების საკითხებში. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა საქართველოში მომხდარიყო. ამავე დროს, სააკაშვილმა გააფრთხილა სხვა პოლიტიკური პარტიები წამების სკანდალის მათ სასარგებლოდ გამოყენების გამო. მისი განცხადებით, არ იყო უბრალო დამთხვევა ის, რომ ეს არჩევნებამდე მხოლოდ 10 დღით ადრე გამომჟღავნდა.

წამების სკანდალმა შეიძლება არჩევნებზე მოახდინოს გავლენა

ამავდროულად, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, რომელსაც სააკაშვილის მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, მთავარ იდეოლოგად მიიჩნევენ, განაცხადა, რომ მთავრობამ მძიმე შეცდომა დაუშვა, რადგანაც უგულებელყო სახალხო დამცველის მოხსენებები დიდი ხნის განმავლობაში.

წამების გამო გამოწვეული სკანდალი სააკაშვილის პარტიას შეიძლება მოახლოებულ არჩევნებში საარჩევნო ხმებად დაუჯდეს. მმართველი პარტიის ყველაზე დიდი გამოწვევაა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნება”. ვისაც, მიმდინარე ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, თითქმის მუსიკასავით ჩაესმის ყურებში. ივანიშვილი სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე კრიტიკოსია. ის ამბობს, რომ საქართველოში ავტორიტეტული სისტემაა. თავის მხრივ შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე შეეცადა ბრალი დაედო ივანიშვილისთვის ახლახან გამოქვეყნებული პატიმრების წამების ვიდეოების გაყალბებაში.
foreignpress.ge