ეკა ბესელია აღმოჩნდა კატალიზატორი მმართველ გუნდში რღვევის პროცესების ინიცირების, რამაც ივანიშვილის დაუფარავი გულისწყრომა გამოიწვია, - განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ "2020NEWS“-თან პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას.
ლაგაზიძის თქმით, "ქართული ოცნების“ რღვევა გაგრძელდება და ეს პროცესი ქვეყნისთვის კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს.
"ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ცალსახად იგრძნობა გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა ერთიანი გუნდურობის და გუნდის შენარჩუნება, რამაც ივანიშვილი ბესელიაზე გაანაწყენა. გასულ წელს, როდესაც ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში თქვა, რომ გუნდში ვბრუნდები წინააღმდეგობების მოსაგვარებლადო. ახლაც ამბობს, რომ ბესელიას გადაყენების საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში იდგა, სწორედ იმიტომ, რომ გუნდურობის წინააღმდეგ მიდიოდაო - ასე იკითხება განცხადების შინაარსიდან. სწორედ ეკა ბესელია აღმოჩნდა კატალიზატორი გუნდში რღვევის პროცესების ინიცირების. ამან გამოიწვია ივანიშვილის დაუფარავი გულისწყრომა“.
ლაგაზიძე არ ეთანხმება ივანშვილს, რომ ბესელია გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა. მისი თქმით, ბესელია ასე კობახიძის გუნდის საპასუხოდ მოიქცა.
"პარლამენტის რეგლამენტში არ ვარ დეტალურად ჩახედული და ვერ გეტყვით, გედევან ფოფხაძის არჩევით ბესელიამ დააღვია თუ არა რეგლამენტი. თუმცა რეგლამენტი ერთია და გუნდურობის თემა მეორე. სიტუაცია უკვე იმდენად იყო გამწვავებული გუნდის შიგნით, უშუალოდ იურიდიულ კომიტეტთან არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ეკა ბესელიამ გადადგა ასეთი ნაბიჯი. მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო. კობახიძის გუნდის მხრიდან როგორი განწყობაც იყო მის მიმართ, ისეთივე შემხვედრი ნაბიჯი გადადგა ბესელიამაც.
ლაგაზიძის თქმით, "ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. კითხვაზე ბესელიას და ფოფხაძის შემდეგ ვის გარიყავს მმართველი გუნდი ლაგაზიძე პასუხობს:
„მე გამიჭირდება ფორმულირება, გუნდი გარიყავს, თუ ესენი წავლენს. დაახლოებით 7-8 კაცი პრინციპულად საუბრობს იმაზე, რომ თუ მოსამართლეების სია გავა, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობას დატოვებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები შეგუებულები არიან იმას, რომ უმრავლესობას ტოვებენ. ვფიქრობ, რომ დასწრებაზეა, ვინ მოასწრებს განცხადების გაკეთებას. დანარჩენი გუნდი გარიცხავს ამ ადამიანებს, თუ ეს ადამიანები გააკეთებენ განცხადებას წასვლის თაობაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ საკითხი მარტივადაა. რადგან წყალგამყოფი გახდა მოსამართლეთა სია, ასეთ შემთხვევაში რა გამოდის, ვინც მოსამართლეთა სიის წინააღმდეგ წავა ყველას უნდა დაატოვებინონ უმრავლესობა? - ეს სერიოზულ საფრთხეს და პრობლემებს შექმნის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უმრავლესობის დაშლა-არმოშლის პროცესი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადანაწილდება მოსამართლეთა ათკაციანი სიის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა.
რაც უფრო ბევრი იქნება სიის მოწინააღმდეგეების რაოდენობა, მით უფრო გაუჭირდება ვიღაცის გარიცხვაზე საუბარი მმართველ გუნდს.
ლაგაზიძე არ ეთანხმება ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომ ივანიშვილს მოსამართლეთა სიის დანიშვნა უკვე გადაწყვეტილი აქვს და ასე რომ არ იყოს, მათ კანდიდატურას არც წარადგენდნენ.
"ამ განცხადებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ - ცალსახაა, რომ ივანიშვილი არ არის ნეგატიურად განწყობილი იუსტიციის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის მიმათ და მისი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიმართ. ეს ამ განცხადებიდან პირდაპირ იკვეთება. მეორეს მხრივ - მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადებაში ასახულია გუნდის იმ წევრების განწყობა, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ მოსამართლეთა ათკაციანი სიის. მე ვერ გეტყვით, როგორი იქნებოდა მისი პოზიცია თუკი ამ ათკაციანი სიის გატანა მარტივად მოხერხდებოდა, მაგრამ ამ განცხადებიდან ჩანს მზაობა, რომ დისკუსია გაიმართოს. მე ვერ დავარქმევდი ამ განცხადებას მწვანის ანთებას მოსამართლეთა ათკაციანი სიის მიმართ. მაგრამ ამავდროულად, ძალიან ნათლად და ხაზგასმით არის არის განწყობა იუსტიციის საბჭოს მიმართ და ეს განწყობა ნეგატიური ნამდვილად არ არის.
ძნელი სათქმელია, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ სახით მოსმართლეთა სია ვერ გავა“, - აცხადებს ლაგაზიძე.