ნუთუ მართლა შეიძლება დაარწმუნო ვინმე, რომ მაღალ ეშელონებში ციხეებში ვითარებაზე არაფერი იცოდნენ, თუ არ იცოდნენ, კიდევ უარესი

ნუთუ მართლა შეიძლება დაარწმუნო ვინმე, რომ მაღალ ეშელონებში ციხეებში ვითარებაზე არაფერი იცოდნენ, თუ არ იცოდნენ, კიდევ უარესი

გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაღებული კადრების შემდეგ ქვეყანაში წინსაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე; თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამჭირვალედ და მშვიდობიანად ჩატარებას, "ინტერპრესნიუსი" პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა წინასაარჩევნო პერიოდში მყოფ ისედაც პოლარიზებულ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაძაბა. ხელისუფლებამ ორი მინისტრი გაათავისუფლა და 10 ეჭვმიტანილი დააკავა, მაგრამ აშკარაა, რომ გადადგმული ნაბიჯებით საზოგადოების თვალში შელახული იმიჯის აღდგენას ვერ ახერხებს. მმართველი გუნდის ღიად მხარდამჭერთა რაოდენობა შესამჩნევად იკლებს. სტუდენტები მშვიდობიან აქციებს განაგრძობენ. თქვენ როგორ შეაფასებდით საპყრობილეში გადაღებული კადრების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას?
- ამ ფაქტებმა ხელისუფლების ავტორიტეტს უდიდესი დარტყმა მიაყენეს. 10 დღის წინ მისი რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო, ეხლა, ჩემი აზრით, მინიმუმამდეა დასული. რაც შეეხება ოფიციალურ რეაქციას, ჩემზე ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ციხეებში მომხდარი უბედურებების ოპოზიციაზე გადაბრალების მცდელობები კონტრარგუმენტით - "აქამდე რატომ არ გვანახეთ?!" ნუთუ მართლა შეიძლება დაარწმუნო ვინმე, რომ მაღალ ეშელონებში ციხეებში არსებული ვითარების შესახებ არაფერი იცოდნენ? თუ არ იცოდნენ, კიდევ უარესი! ვერც იმ ბრალდებაში ვხედავ დიდ ზნეობრივ არგუმენტს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ოპოზიციამ ამ კადრების გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო ეტაპისთვის შემოინახა. ამის პარალელურად კი აანონსებენ ოპოზიციის წინააღმდეგ რაღაც მასალების გამომზეურებას. ამ ლოგიკით, იქნებ ეს მასალებიც ადრე ეჩვენებინათ ჩვენთვის, რას ელოდებიან?


- გახმაურებულ ფაქტებზე დასავლეთის რეაქცია კრიტიკული იყო, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მომხდარზე დასავლეთი ხელისუფლების ხედვას უფრო იზიარებს, ვიდრე - ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის და ოპოზიციის. დასავლეთი ყურადღებას ამახვილებს მომხდარზე ხელისუფლების მხრიდან მყისიერ რეაქციაზე. თქვენ როგორ შეაფასებდით გავრცელებულ კადრებზე დასავლეთისა და იგივე აშშ-ის რეაქციას?
- დასავლეთის მედიის პირველი რეაქცია იყო ფაქტების ოპერატიული კონსტატაცია. შეფასებებსა და ანალიტიკურ მასალებს დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მათაც მალე ვიხილავთ.

- ცნობილი ამერიკელი პუბლიცისტი, პოლიტიკური რომანების ავტორისა და "ვაშინგტონ პოსტის" ანალიტიკოსის, დავიდ იგნატიუსის აზრით, "რაც საქართველოში ხდება, არის გარეშე მოთამაშეთა ომი. რომელთაც უნდათ, საქართველო თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ". თქვენი აზრით, არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ვინმემ "ქართული ოცნება" იმ პოლიტიკურ ძალად მიიჩნიოს, რომელიც საქართველოს რუსული გავლენის მოქცევას ხელს უწყობს?
- მე ხელთ არ მაქვს არანაირი სოლიდური არგუმენტი, რაც მაფიქრებინებს, რომ "ქართული ოცნება" რუსეთის პროექტია. ხელისუფლების ვარაუდები კი, აბსოლუტურად არასაკმარისად მიმაჩნია. გარდა ამისა, პირადად ვიცნობ ბატონ ივანიშვილს, წლების მანძილზე მქონდა მოსკოვში მასთან ურთიერთობა და კარგად ვიცი, თუ როგორია მისი ხედვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ. აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიაზე, დავით უსუფაშვილზე და იმ სხვა ლიდერებზე, რომლებიც ჭეშმარიტად დასავლური ფასეულობების მქადაგებლნი იყვნენ და არიან. ასევე, არსებობს ქართული საზოგადოება, რომელიც, ჩემი აზრით, არ დაუშვებს თავისი აზრისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების იგნორირებას.
არჩევნებში "ქართული ოცნების" შესაძლო გამარჯვებას უთუოდ ექნება საგარეო პოლიტიკური იმპლიკაციები. ჩამოვთვლი რამდენიმეს: 1. არჩევნების გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ძლიერი გზავნილი იქნება ჩვენი სამეზობლოსათვის, რუსეთისა და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისათვის, სადაც დემოკრატიული პროცესები დიდი წინააღმდეგობებით მიმდინარეობს (ბალტიისპირეთის გარდა). ამ ქვეყნებში ჩვენი გამოცდილება აუცილებლად გააჩენს კითხვას: თუკი ქართველებმა ეს შესძლეს, ჩვენ რითი ვართ უარესი?

ამგვარად, ჩვენმა მაგალითმა შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ქვეყნებშიც დემოკრატიის გაძლიერებას; 2. "არაბულმა გაზაფხულმა" საწყის ეტაპზე კვლავ პირველ პლანზე წამოსწია რევოლუციური რომანტიზმი და დიქტატურიდან ერთბაშად სამოთხეში გადახტომის ილუზია. ისლამურ სამყაროში პოსტრევოლუციური რეალობა კი რთულია: დამძიმებული სოციალური და კრიმინალური ვითარება, მოშლილი ეკონომიკა, ინტერესთა ჯგუფებს შორის მწვავე დაპირისპირება და, ყოველივე ამის შედეგად – მოსახლეობის გულაცრუება.
საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება ალბათ დემოკრატიული ფასეულობებისა და გარდაქმნების საკმაოდ ძლიერ პროეცირებას მოახდენს ამ რეგიონზეც, რომელიც ჩვენგან შორს არ იმყოფება; 3. არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ჩვენი უძლიერესი არგუმენტი იქნება დასავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობებშიც; ეს იქნება არა მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ თვისებრივი გარღვევა, რადგან ერთია, როდესაც ოპოზიცია ფრიად წარმატებულად შედის პარლამენტში და მეორე, როდესაც იგი იმარჯვებს. ეს უკანასკნელი მთელი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის უტყუარი ნიშანია. ქვეყანა, რომელიც ძირეული ცვლილების შემდეგ კვლავ დასავლურ ორიენტაციას შეინარჩუნებს, უკვე სოლიდური ქვეყანაა და მისი ამბიცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა უფრო მისაღები ხდება; 4. ოპოზიციის წარმატება დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს საზოგადოებაში დასავლეთისა და, კერძოდ, აშშ-ის ავტორიტეტის გაძლიერებას; ამ რეპუტაციამ ჩვენში ნაწილობრივი ეროზია განიცადა იმის გამო, რომ მათ ცალსახად არსებული ხელისუფლების მხარდამჭერებად მოიაზრებენ. დასავლეთის ობიექტურობა და მიუკერძოებული პოზიცია მნიშვნელოვნად გამოასწორებს ამ ვითარებას; 5. ქრესტომატიული ჭეშმარიტებაა, რომ რთულ პარტნიორთან დიალოგის აღდგენა მაშინ სჯობს, როდესაც თავს ძლიერად გრძნობ და კარგ ფორმაში ხარ. თუკი ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან საუბარი (და ალბათ მოგვიწევს), ამის ხელშემწყობი ფაქტორიც უნდა იყოს ჩვენი დემოკრატიული გაძლიერება. დემოკრატია პატარა ქვეყნის ძლიერი იარაღია და ეს შეიძლება ჩვენი გარკვეული უპირატესობა იყოს ამ დიალოგში.
ამასთანავე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ დიალოგის აღდგენა უნდა მოხდეს დიდი და მრავალმხრივი ანალიზის შედეგად, ყოველგვარი აჩქარებისა და ილუზიების გარეშე; 6. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები ჩვენი შინაგანი პრობლემებია, თუმცა ამ კონფლიქტურ ვითარებებს, ბუნებრივია, აქვთ საერთაშორისო განზომილებაც. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ჩატარებული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებრიობამ არ აღიარა ლეგიტიმურად, თვით აფხაზებს აქვთ განცდა, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. ეს მათ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდა - "აფხაზებმა შესძლეს, ქართველებმა კი ვერა". უფრო მაღალი ხარისხისა და საყოველთაოდ აღიარებული არჩევნების შემდეგ ჩვენ ეს უპირატესობაც უნდა მოვიპოვოთ მათ თვალში: დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას დიდი მიმზიდველობა აქვს;
ყველა ჩამოთვლილი და სხვა დადებითი ფაქტორების წარმატებულად გამოყენება ახალი ხელისუფლების უნარზე, პროფესიონალიზმსა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული.

- ბატონო ზურაბ, 22 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში გამართული აქციით რეგიონებში მასშტაბური გასვლითი აქციები დაასრულა. აქციაში მონაწილეთა სიმრავლე მართლაც შთამბეჭდავი იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით სამეგრელოში "ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართულ აქციას?
- სულ მესმოდა იმის შესახებ, რომ "ქართულ ოცნებას" სამეგრელოში გაუჭირდებოდა. ამ აქციამ ეს ვარაუდი და ხედვა რადიკალურად შეცვალა.

- ზუგდიდში გამოსვლისას კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის საკმაოდ დეტალური გეგმა წარმოადგინა. "გამოვაცხადოთ გალის რაიონი მშვიდობის რაიონად. დავიწყოთ ქართველთა და აფხაზეთს შორის ნდობის აღდგენა გალის რაიონიდან." "ჩვენი გუნდი არასოდეს დაუშვებს გალში მცხოვრები მოსახლეობის აფხაზების წინააღმდეგ გამოყენებას". "ზუსტად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ქართველებისა და აფხაზების შესარიგებლად." "ჩვენ უნდა ვიფიქროთ საავტომობილი და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე". თქვენ როგორ შეაფასებდით აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გაჟღერებულ გეგმებს და რამდენად რეალურია მათი განხორციელება?
- ამ გეგმების განხორციელება რეალური იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას რუსეთთან, დავიწყებთ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან და კვლავ გვექნება დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა. ამ ოთხი ფაქტორის თანხვედრაა აუცილებელი.

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რათა 1-ელი ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ნორმალურ ატმოსფეროში ჩატარდეს. რა უნდა გააკეთოს ერთი მხრივ ხელისუფლება, მეორე მხრივ ოპოზიციურმა სუბიექტბმა და საზოგადოებამ იმისათვის, რომ არჩევნებმა მართლაც ექსცესებისა და ვითარების გართულების გარეშე ჩაიაროს?
- მინდა შეგახსენოთ - წლების მანძილზე ვსაუბრობდი იმის თაობაზე, რომ ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით უნდა განხორციელდეს, რადგან ნებისმიერი "რევოლუცია", თუ კატასტროფა არა მხოლოდ დიდი რეგრესი იქნება. ჩემს "განდიზმს" ყველა არ იზიარებდა და დღესაც არ იზიარებს. აღარ შევეკამათები მათ, მხოლოდ ვიტყვი, რომ მგონი ჩემი პოზიცია სწორი იყო და 2 ოქტომბერს ჩვენ შეიძლება მართლაც სხვა ქვეყანაში გავიღვიძოთ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებებზე და საერთოდ ძალადობაზე. პირადად ჩემი დიდი სურვილია, რომ მომავალ პარლამენტში კვლავ არ ვიხილოთ მონოპოლისტური პოლიტიკური ძალა და ჩვენ ყველანი ასეთ დაბალანსებულ რეალობაში მივჩვიოთ ცხოვრებას. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, უნდა ბოლომდე თავი შევიკავოთ ზედმეტი ემოციებისგან, არ დავუშვათ ექსცესები და პროვოკაციები. . . და ყურადღებით მოვუსმინოთ პატრიარქს!