მმართველ გუნდში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. პარლამენტის კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ მწვავე ვითარება, სავარაუდოდ, "ქართული ოცნებიდან" დეპუტატების ნაწილის წასვლითა და ახალი ფრაქციის შექმნით დასრულდება. არც ის არის გამორიცხული, რომ საერთოდ უმრავლესობის დაშლის პროცესი დაიწყოს.
აყველაფერი კი საპარლამენტო უმრავლესობის უახლოეს სხდომაზე გადაწყდება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. სხდომის ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდე გაიმართება.
"ოცნებაში", ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიხედვით, ორი მწვავედ დაპირისპირებული ჯგუფი იკვეთება. არსებობს ე.წ. მესამე ჯგუფიც, სადაც ნეიტრალური დეპუტატები არიან, რომლებიც ჯერჯერობით პოზიციის ღიად გამოხატვისაგან თავს იკავებენ.
ასევე უცნობია პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც. როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, ისიც დამკვირვებლის როლშია და მკვეთრი პოზიციის გამოკვეთისაგან თავს იკავებს. თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პარტიას კვირის ბოლოს შეხვდება და, სავარაუდოდ, მისი პოზიციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
მანამდე კი პარტიაში სრული გაურკვევლობა და ქაოსია. დეპუტატების ნაწილი ღიად თუ ფარულად პარტიის დატოვებით იმუქრება. ე.წ. ირაკლი კობახიძის ჯგუფის მომხრეებმა კი კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" შეხვედრა გამართეს, სადაც ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი და მოსამართლეების სიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა დეპუტატები არ დაპატიჟეს. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამ სხდომაზე ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხიც დამდგარიყო, თუმცა ეს ინფორმაცია მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ უარყო.
გულხელდაკრეფილი არც ეკა ბესელიაა. გუშინ იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიით უკმაყოფილო დეპუტატებს შეხვდა. ამიტომ სულ უფრო აქტიური გახდა იმაზე საუბარი, რომ ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად ახალი ფრაქცია შექმნას.
ახალი ფრაქციის სავარაუდო წევრებად სახელდებიან გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, რუსლან პოღოსიანი და დავით ჭიჭინაძე, თუმცა ფრაქციის შესაქმნელად კიდევ ერთი დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას განცხადებით, კოლეგებთან გუშინ გამართული შეხვედრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხს ეხებოდა. ბესელიას თქმით, მისი და თავისი თანამოაზრეების შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე.
ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა მას პარტიიდან გარიცხვის მოლოდინი, ბესელია აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, მსჯელობის საგანი ისევ სასამართლო სისტემა იყოს.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე "რეზონანსთან" ეკა ბესელიასთან შეხვედრის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და მისმა თანამოაზრეებმა პარლამენტში იმ მოსამართლეების სია გაიტანონ, რომლებიც წინა რეჟიმის მთავარი შემქმნელები იყვნენ.
ჭიჭინაძე ამბობს, რომ ბესელიასთან მისი შეხვედრის მთავარი მიზანი ამ მოსამართლეებთან ბრძოლის მეთოდების განხილვა იყო. დეპუტატი აცხადებს, რომ ბესელიას არცთუ ცოტა თანამოაზრე ჰყავს, რომლებიც, თუ საჭირო გახდება, ღიადაც გამოჩნდებიან.
"მოსამართლეებთან დაკავშირებით ბესელიას აზრს ძალიან ბევრი დეპუტატი იზიარებს, მაგრამ, რიგი მიზეზების გამო, ისინი ჯერჯერობით ასე ღიად ხმას არ იღებენ, თუმცა არც გამოვრიცხავ, რომ პროცესების განვითარებასთან ერთად, ეს ადამიანები ღიადაც გამოჩნდნენ.
"ვისაც კი ამ ქვეყანაში ოდნავი სამართლიანობა მაინც უნდა, მათთვის ეს მოსამართლეები მიუღებლები არიან. ამ ქვეყანაში ყველას სიმშვიდე უნდა. თუ საზოგადოებაზე ამ მოსამართლებით ძალადობას დავიწყებთ, კარგად რომ არ დასრულდება, ეს "ოცნების" ძალიან ბევრმა დეპუტატმა მშვენივრად იცის.
"ქართული ოცნება" დაშლისათვის განწირული უკვე მაშინ იყო, როდესაც პარტიაში მდინარაძე, ზარდიაშვილი და კობახიძე შეიყვანეს. ამ ადამიანების ლუსტრაცია რაც უფრო მალე მოხდება და ამათ კომენტარებსაც ყურადღებას აღარ მივაქცევთ, სიტუაციიდან გამოსავალს მით უფრო მალე ვიპოვით. ამ ხალხს ყველა თავის კომენტარს წინ დავახვედრებთ და ყველა სიტყვაზე პასუხისმგებლობა მოუწევთ. ესენი ვინ არიან, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მოსამართლეებს თავზე ასვამენ?! თურმე მამუკა მდინარაძის გადასაწყვეტი ყოფილა, მოსამართლეებს გაიწვევენ თუ არა. მდინარაძემ იდარდოს, ხვალ როგორი დღე ექნება", - აცხადებს ჭიჭინაძე "რეზონანსთან".
სავარაუდოდ, ეკა ბესელიას კიდევ ერთი თანამოაზრეა დეპუტატი და უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი. ის "რეზონანსთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ თუკი მოსამართლეების სიის უკან გაწვევა არ მოხდება, "ოცნებას" დატოვებს. ჩვენს კითხვაზე, მის მსგავსად ფიქრობენ თუ არა სხვა დეპუტატებიც და ემუქრება თუ არა უმრავლესობას დაშლის საფრთხე, ნაცვლიშვილი გვპასუხობს, რომ სხვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და ის მხოლოდ პასუხს საკუთარ სიტყვებზე აგებს.
"ოცნებას" ორი მიზეზის გამო დავტოვებ: პირველი - თუ არ მოხდება მოსამართლეების სიის უკან გაწვევა და მეორე - თუ პარლამენტში ალტერნატიული საპენსიო რეფორმის განხილვისას მხადაჭერა არ იქნება. ეს ორი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, წავალ თუ არა პარტიიდან. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და მეც ამისდამიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას.
"წარმოდგენა არ მაქვს, კაჭრეთში რასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მე არ ვყოფილვარ მიწვეული ამ შეხვედრაზე. ასევე არ ვიცი, სხვა დეპუტატები აპირებენ თუ არა უმრავლესობის დატოვებას. მე ვამბობ იმას, რა გადაწყვეტილებასაც მე მივიღებ", - აცხადებს ნაცვლიშვილი "რეზონანსთან".
ამ დაპირისპირების ფონზე კი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტი უკვე ერთი კვირაა, დაკეტილია. თალაკვაძე არც თანაგუნდელებსა და არც ტელეკამერებთან არ ჩნდება. "კურიერის" ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს იძულებითი პოლიტიკური ტაიმ-აუტი აქვს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უმრავლესობის ლიდერი უბრალოდ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ ისვენებს. შესაბამისად უცნობია, გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მას რა პოზიცია აქვს.
მდინარაძე ასევე აცხადებს, რომ პარტიიდან ვინმეს გარიცხვაზე, დატოვებაზე ან რაიმე სანქციის დაწესებაზე საუბარი კაჭრეთში არ ყოფილა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ყველა საკითხს განიხილავენ.
"კონკრეტულად ვინმეს დატოვებაზე, გარიცხვაზე ან რაიმე სანქციაზე საუბარი გუნდში არ გვქონია. უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, მათ შორის ამ და სხვა საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა და ეს მოხდება საგაზაფხულო სესიამდე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"რეზონანსი" ამ თემაზე სასაუბროდ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირდა, ვისაც სწორედ მოსამართლეების სიის ლობირებაში ადანაშაულებენ. ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ის საქართველოში არ იმყოფება და მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პოზიციას საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააფიქსირებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი ამ შიდა დაპირისპირებაში ერთგვარ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მაგალითად, დეპუტატი რომან კაკულია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მისთვის საკმაოდ რთულია და ჯერჯერობით პოზიცია არ აქვს.
კაკულია ამ გადაწყვეტილების სირთულეს განმარტავს და ამბობს, რომ ეს სფერო მისი არ არის და სიტუაციას ასე დეტალურად არ იცნობს. ამიტომაც ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბებამდე სურს, რომ მოტივაციებს კარგად გაეცნოს და ორივე მხარის არგუმენტები მოისმინოს.
"რადგანაც კონსულტაციებისათვის ჯერ დრო მაქვს, საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებაზე არ ვიჩქარებ. არც ისე არ უნდა წარმოვაჩინოთ, რომ პარლამენტში ახლა ადამიანების ზნეობრივი სია კეთდება და აბა ვინ შეასწრებს იქ შესვლას. ყველა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამიტომაც მოვუწოდებ ზოგ დეპუტატს, რომ ზღვარს თავად ნუ ადგენენ და ზნეობრივ ქადაგებას თავი დაანებონ. დადგება იმის დროც, როცა ყველა თავის აზრს გამოთქვამს.
"ამ საკითხის ირგვლივ უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება. სიტუაციაში კარგად უნდა გავერკვიო, მხოლოდ ამ ორი ჯგუფის საუბრიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ", - აცხადებს კაკულია "რეზონანსთან".
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უმრავლესობაში, ღირებულებებიდან გამომდინარე, ადამიანები ერთმანეთს გაემიჯნონ, თუმცა კაკულია უმრავლესობის დაშლას გამორიცხავს.
კაკულია იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა, ბესელიამ ფრაქციაც შექმნას, მაგრამ ზოგადად პარტიის დაშლის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მმართველ გუნდში შექმნილი ვითარებით რთული დილემის წინაშე დგას. ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. მან ეკა ბესელიასაც და კობახიძესაც თავისი ადგილი სწრაფად უნდა მიუჩინოს, რადგანაც ორივე მათგანს ქვეყანა საერთოდაც არ ადარდებს, ყველაფერი კი მაინც მას დაბრალდება. მისივე თქმით, ივანიშვილისათვის ნეგატიური იქნება როგორც ე.წ. ახალგაზრდების მხარდაჭერა, ასევე ე.წ. ძველების.
"ეს ყველაფერი მხოლოდ პარლამენტში მიმდინარე მოვლენები არ არის. ეს ასევე პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესია. ის არის პარტიის თავმჯდომარე და მისი მხრიდან სრული დუმილი აუხსნელი იქნება. ის ახლა დილემის წინაშე დგას.
"ამ არჩევნებზე მოცემულობა შეიცვალა. მას გაუჩნდა ე.წ. ძველი გვარდიისა და კონსერვატიული ფრთის ვალი, რაც მისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და მის ხედვას აბსოლუტურად ანგრევს. მისი დილემა არის შემდეგი - გადაიხადოს ვალები, რაც საფრთხეს შეუქმნის მის მიერ აგებულ სისტემას, თუ დაუჯეროს ტინეიჯერებს ანუ ახალგაზრდებს და "გადააგდოს" თავისი მევალეები, რომლებმაც უზრუნველყვეს მეორე ტურში გამარჯვება.
"მას არც ერთი არ აწყობს, თუმცა სხვა გამოსავალიც არ აქვს და ასე ჩუმად დიდი ხანი ვერ იქნება. ის შეეცდება, რომ შუალედური გადაწყვეტილება იპოვოს, სხვა ფორმულა იპოვოს და ეს კრიზისი დროებით მაინც ჩაახშოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მიიღოს, ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება მისთვის", - განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილი ასევე ამბობს, რომ ახალგაზრდები "ეშმაკურად" იქცევიან. მისი აზრით, ისინი პარტიულ დისტანციაზე საუბრობენ, თუმცა რაღაცას აკეთებენ, ათანხმებენ ბიძინა ივანიშვილთან და დირექტივის სახით ცდილობენ, ეს ყველაფერი დანერგონ უმრავლესობაში. ამას ისინი გუნდურ თამაშს ეძახიან.
ხუხაშვილს მიაჩნია, რომ გუნდური თამაში სხვა რამეა, გუნდში შეთანხმებას გულისხმობს და არა - ვიწრო ჯგუფის შეთანხმებას ერთ კაცთან. ანალიტიკოსი ივანიშვილს კვლავ მოუწოდებს, რომ პრემიერად დაბრუნდეს და სიტუაცია ყველა მიმართულებით დაალაგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სადავეები ხელიდან საბოლოოდ გაექცევა.