„ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ჩანს არანაირად, ან შეიძლება ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. მაქსიმალურად შესაძლებელია ნახოს თუ ვინ იმარჯვებს და იმაზე დადოს მერე ფსონი," - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ბესელია-კობახიძის შორის არსებულ დაპირისპირებაზე გააკეთა.
მისი თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირადი ინტერესები სახელმწიფოს ინტერესების ჩააბა. საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებზე. მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, ბესელიას განცხადებით, სწორედ ეს საკითხი გახდა. თუმცა, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ბესელიამ მოსამართლეების საქმე მმართველი გუნდის შიდა დაპირისპირებების გადასაფარად გამოიყენა.
პაატა ზაქარეიშვილი: ბესელიამ მოსამართლეების თემა კარგად გამოიყენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან ძალიან ეფექტურად, კარგად გათვალა სიტუაცია. მიხვდა, რომ კობახიძე ვერ თვლიდა ასე კარგად. ის ახალგაზრდაა და ვერ ხვდება სად არის წყალქვეშა დინებები.
ბესელიამ ძალიან კარგად გამოიყენა მოსამართლეებს თემა და ისე წარმოაჩინა, რომ პრობლემა შიგნით, „ქართულ ოცნებაში" კი არაა, რაც საზოგადოებას არ აინტერესებს, არამედ პრობლემა არის სასამართლო, ანუ ქვეყნის პრობლემაზე დაობს. ბესელიამ შიდაპარტიული პრობლემა ძალიან კარგად გადაახურდავა, გადაადნო საერთო სახელმწიფო პრობლემად და მართავს ის ამ პროცესებს. ვერც „ქართული ოცნების" და ვერც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვერ ერევიან.
„რეზონანსი": შესაძლებელია თუ არა, რომ ეკა ბესელიას სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ?
პ.ზ.: აშკარად ხედავენ, რომ ბესელია სპელკულირებს თუ გულწრფელია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იგი იცავს მოსახლეობის ინტერესებს და ძალიან მომგებიან პოზიციაშია. ყველა, ვინც გრძნობს „ქართულ ოცნებაში" დაჩაგრულად თავს, ან შესაძლოა „ქართული ონებიდან" გასტუმრების შემდეგი კანდიდატი იყოს, ისინი ხედავენ, რომ სასამართლოს თემას თუ შემოაჯდებიან, კარგად გაცურავენ „ქართული ოცნების" ამ დინებაში. ამიტომ ყოჩაღ ბესელიას, რომ ძალიან კარგად შეკრა ეს კონცეფცია, თავისი პირადი ინტერესები ჩააბა სახელმწიფოს ინტერესებს.
„რ": ბესელია-კობახიძის შორის არებულ ბრძოლაში, ვის მხარესაა ბიძინა ივანიშვილი?
პ.ზ.: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ჩანს არანაირად, ან შეიძლება ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. მაქსიმალურად შესაძლებელია ნახოს, თუ ვინ იმარჯვებს და იმაზე დადოს მერე ფსონი, ვინ უფრო ძლიერია. ამიტომ ის შეეცდება მაქსიმალურად გაწელოს დრო, რათა ნახოს ვის მხარესაა სიმართლე, ვის მხარესაა პოპულარობა.
„რ": თქვენი აზრით, ვინ შეიძლება გაიმარჯვოს ამ დაპირისპირებაში?
პ.ზ.: საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარულია სააკაშვილის დროინდელი მოსამართლეების უკან დაბრუნება. მემგონი, შეიძლება საბოლო ჯამში „ქართულ ოცნებაში" ახალგაზრდულმა ფრთამ გაიმარჯვოს სხვა თემებში, მაგრამ ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ ეპიზოდში შეიძლება ბესელიას პოზიციები იყოს უფრო სანდო, მყარი და დამაჯერებელი საზოგადოების თვალში და ამას ალბათ ანგარიშს გაუწევს ბიძინა ივანიშვილი.