პოეტი რეზო ამაშუკელი ფოთის ეპისკოპოსს, მეუფე გრიგოლს, ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილს ღია წერილით მიმართავს. გახსოვთ ალბათ, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 13 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხობისა და ფოთის მთავარეპისკოპოსმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და მღვდელმა თევდორემ ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში, აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის (Tspress.ge) რედაქტორს ელისო ჯანაშიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფლიპ კამერა დაუმტვრიეს.
მეუფე გრიგოლს რეზო ამაშუკელი ანაფორაში გაკვეხებულ ნაცისტების ოფიცერს უწოდებს და შემდეგი სიტყვებით მიმართავს:
„როცა უწმინდესსა და უნეტარესს პატრიარქს მიადექით შენ და შენნაირი ქვესკნელის მოციქულები და უტიფრად მოითხოვეთ გადადექიო, მაშინ დაგირეკე და დაგამხე ყველაფერი. გატრუნული მისმენდი. მისმენდი იმიტომ, რომ კარგად იცოდი, უკან დამხევი არ ვიყავი და ისიც კარგად იცოდი, რომ ცამდე მართალი ვიყავი და ადრე თუ გვიან პასუხს გაგებინებდა უფალი, რომლის მიმდევარიც, როგორც უკვე ქვეყანამ დაინახა, არასდროს ყოფილხარ. გარედან რომ ვერაფერი უქნეს დედაეკლესიას, ახლა შიგნიდან ანგრევენ ეს მანქურთები, შენი და შენისთანების წყალობით.
სანამ დროა, შენით მიბრძანდი სადალაქოში, გაიკრიჭე და წაღმა უკუღმა გაიპარსე ეგ სხვის დასანახად მოშვებული წვერი. მერე ნეკა თითზე ფრჩხილი გაიზარდე და ერთი ოქროს კბილიც ჩაისვი, მოგიხდება, ვირის აბანოში ნამყოფს. შენი, გარმელიას და მარგალიტოვის წყევლის არ მეშინია. ჭკვიანად იყავი, თორემ წყევლა იმნაირი ვიცი, ანაფორები აგიბრიალდება ტანზე, ისე რომ მონანიებასაც ვეღარ მოასწრებ“,– წერს რეზო ამაშუკელი.