პატიმრების წამებისთვის დაკავებული პირები ე.წ. მატროსოვის ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან?!

პატიმრების წამებისთვის დაკავებული პირები ე.წ. მატროსოვის ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან?!

ციხეებში პატიმართა წამების სკანდალთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების №9 დაწესებულება ქალაქის პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი ხიზანიშვილს ჩააბარეს. ეს ის ხიზანიშვილია, რომლის სახელიც 2006 წელს კორტებთან ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციას უკავშირდება.

ხიზანიშვილი ახალ სამსახურში გასულ კვირას გამოცხადდა და ციხის თანამშრომლებთან ერთად პატიმრებსაც გაეცნო.

სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში, იგივე "მატროსოვის ციხეში", რომლის ძირითადი ნაწილი ნახევრადღია ზონაა, სასჯელს ძალოვანი უწყების თანამშრომლები და სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები იხდიან. სწორედ აქ მიიყვანეს პატიმართა წამების გამო დაპატიმრებული სასჯელაღსრულების დაწესებულების 10 თანამშრომელიც, რომლებიც როგორც სარწმუნო წყარო იტყობინება, თავისუფლების აღკვეთის ადგილას საკუთარი ავეჯით და კომფორტისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ინვენტარით შევიდნენ.

რაც შეეხება ”მატროსოვის ციხის” ახალი დირექტორის, გიორგი ხიზანიშვილის კორტების გახმაურებულ სპეცოპერაციასთან კავშირს, სამართალდამცავთა მიერ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა "ამბები.გეს" ამ საქმეში ხიზანიშვილის მონაწილეობა დაუდასტურა და როგორც განაცხადა, "ის სპეცოპერაციის ერთ-ერთი უშუალო შემსრულებელი იყო".

"ხიზანიშვილის თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაახლოებით ორი წლის წინ დაინიშნა, რაც მაშინვე გავაპროტესტე. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ხიზანიშვილი უშუალოდ მონაწილეობდა ჩემი შვილის მკვლელობაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის ჩემი შვილის მკვლელია, რომელიც მერე თავადვე იძიებდა ამ საქმეს!" - აცხადებს ვაზაგაშვილი.

ცნობისთვის, გიორგი ხიზანიშვილმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტი რამდენიმე თვის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაიას მისვლის შემდეგ დატოვა. როგორც ცნობილია, ძალოვან უწყებაში ახალაიას მისვლას წამყვან პოსტებზე ტოტალური ცვლილებები მოჰყვა. ეს ცვლილება ხიზანიშვილსაც შეეხო.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან: დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე; გლდანის მერვე საპყრობილის დირექტორი დავით ხუჭუა; დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი; საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე; მერვე საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელია; მერვე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია; კონტროლის ინსპექტორი მანუჩარ ლომთაძე; ოპერატიული მორიგე გელა ცომაია; კონტროლიორი ლევან ფხალაძე; უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა.