„რევოლუციების დიდი ალბათობაა - ხელისუფლებების შეცვლის დიდი მაჩვენებელი გვაქვს 2019-2020 წლებში“

„რევოლუციების დიდი ალბათობაა - ხელისუფლებების შეცვლის დიდი მაჩვენებელი გვაქვს 2019-2020 წლებში“

რას გვპირდება 2019 წელი, ჩინური ჰოროსკოპით ტახის წელი, ხოლო იაპონური ჰოროსკოპით ღორის წელი?! აღმოსავლეთში ტახი სიმდიდრის და ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ ტახის წელი ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანს მატერიალურ კეთილდღეობას ჰპირდება. ასტროლოგთა განმარტებით, ტახი არის ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის თორმეტსავე ციკლს გადის და ტახით სრულდება ეს ციკლი. ამდენად, დასრულდება რა 12-წლიანი ციკლი, კოსმოსი დაგვისვამს დიაგნოზს, თუ ვინ ვიყავით განვლილი 12 წლის განმავლობაში-კეთილშობილი, გულადი ტახები, თუ წუმპეში ამოსვრილი ღორები?

2019 წლის მოახლოებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მრავალგვარია, თურმე უნდა გავიწმინდოთ აურა, მივიღოთ მარილიანი აბაზანა, რათა გავთავისუფლდეთ 2018 წლის სირთულეებისგან, დავანთოთ სანთლები, დავიჭიროთ ხელში კრისტალები...

რეალურად, რაიმე ძალა აქვთ თუ არა მამლის, ძაღლის, ღორის და სხვა ცხოველთა წელიწადებს, თუ ეს არის კოსმიური სივრცის არასწორი გაგება ადამიანთა მხრიდან? ამის შესახებ For.ge-ს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ესაუბრა.

უნდა შევასრულოთ თუ არა ის რეკომენდაციები, რასაც კონკრეტული ასტროლოგები გვაძლევენ იმისთვის, რომ თურმე არ გავანაწყენოთ ღორის წელიწადი?

- ეს არის მავნე დაავადება და ამ დაავადებას ჰქვია ცალკეული „ასტროლოგის“ სახელი, რომელმაც შებღალა ასტროლოგიის რეპუტაცია და ასტროლოგია გადააქცია საქილიკო პროფესიად. მარილიანი აბაზანების მიღება და ბალნეოლოგიური რჩევები საიდან მოიტანეს? რომელ ტახზე, ღორზე, მაჩვსა და კატაზეა საუბარი? ზოგადად, ტახის წელიწადი ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, შემოდის 5 თებერვალს და გასტანს 24 იანვრამდე. მამლის წელი იქნება, თუ კატის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საშუალო სტატისტიკური მონაცემები რომ ავიღოთ, დაახლოებით მილიონობით ადამიანი იბადება ერთ პერიოდში და როგორ შეიძლება, ამ ადამიანებს ერთნაირი ფსიქოტიპი, ხასიათი ჰქონდეთ?! გამორიცხულია, ყველა მათგანი ერთნაირი იყოს. ასტროლოგია იმიტომ არის მეცნიერება, რომ ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ ადამიანს, თითოეულ ინდივიდს. ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური რუკა აქვს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მეორე ადამიანის რუკისგან. შესაძლოა, ბევრი რამ საერთოც იყოს ერთ დღეს დაბადებულ ადამიანებს შორის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არსებობს საათების სხვაობა, გრძედების, მერიდიანების სხვაობა, ასევე, ადგილს, ქალაქს თავისი მნიშვნელობა ენიჭება. ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც აქვს თავისი პირადი რუკა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, თუ როგორი მოვლენები შეიძლება განვითარდეს საქართველოში.

იუპიტერის ზეგავლენა ძალიან დიდი იქნება საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ მეხუთე სახლში ვიმყოფებით და ამ პერიოდში ხელოვნების, დასვენების, ტურიზმის, განათლების თემა წამოიწევს წინ. ძალიან მაღალი შობადობა იქნება საქართველოში და პროცენტულად ეს მაჩვენებელი მოიმატებს.

შობადობის მატებას რის საფუძველზე ამბობთ, გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი პროგნოზით, ბევრი მარტოხელა დაქორწინდება და ქორწილების არნახული წელი გველის?

 - საქართველოს პირადი რუკის მიხედვით, სწორედ მეხუთე სახლი განაგებს ბავშვების საკითხს, ასევე, გართობის, დასვენების თემებსაც. ამას ემატება ტურიზმი, განათლება და ამ სფეროებშიც საქართველოსთვის წარმატებული და პოზიტიური წელი იქნება. თუმცა, ასევე, მოსალოდნელია საკმაოდ დიდი დაპირისპირება, დიდი ქაოსი ეკლესიურ და რელიგიურ სფეროებში. პლანეტარული განლაგებები ისეთია, რომელიც ასეთ ტენდენციებს შემოიტანს. ამ მხრივ სერიოზული ცვლილებები გველის, ეს იქნება ისეთი ცვლილებები, რომლებიც არ გვინახავს და დაიწყება ეკლესიის წმენდა. დიდი ხანია, მზადდება ეს ყველაფერი, უბრალოდ, ახლა იქნება ისეთი პერიოდი, რომ ეს ყველაფერი გამომზიურდება.

რუის-ურბნისის მაგვარი პროცესებია მოსალოდნელი?

- რაღაც მსგავსი. დაპირისპირება მოხდება საეკლესიო პირებს შორის. ამის შესახებ რამდენიმე თვის წინაც აღვნიშნე, ეს პროცესი დაწყებულია და ეს ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

საეკლესიო პირებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება ხომ არ გახდება იმის განმაპირობებელი, რომ ქართველებს რწმენა შეერყევათ?

- ქართველებს, ახლა ზოგადად, რწმენა არც გააჩნიათ, ეს არ არის რწმენა, ქართველებმა დიდი ხანია დაკარგეს ღმერთი და დაკარგეს რეალური შეგრძნება ეკლესიის. ყველაფერი გადავიდა ფანატიზმში, ყოველ შემთხვევაში, რუსული ეკლესიის შემოსვლამ საქართველოში, რუსული ეკლესიის ზეგავლენამ ქართულ ეკლესიაზე ჩვენს მამამაპურ ძველ რწმენას დაღი დაასვა. ბოლშევიკების პერიოდში ეს ყველაფერი გამწვავდა და დეგრადაციის სახე მიიღო. თუმცა ახლა წესრიგი აღდგება და ქართველი ერი დაუბრუნდება რეალურ რწმენას.

2019 წელს მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას პროგნოზირებენ. როგორი იქნება ეს წელი ხელისუფლებისთვის, ბიძინასთვის, სალომესთვის? ან რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით?
-სატურნი ახლა ისეთ პოზიციაში მდებარეობს, რომელიც მოითხოვს სამართლიანობის დადგენას, სიმართლის აღდგენას, დისციპლინას, კანონმორჩილებას. თუ ქართველმა ხალხმა სამართალი არ ნახა და, თუ სამართლიანობა არ აღდგა, თუ ხალხის მდგომარეობა გახადეს უფრო კაბალური, გადასახადები კიდევ უფრო გაზარდეს, მაშინ ძალიან დიდი შანსია, ეს ხელისუფლება დროზე ადრე მოაცილონ. რევოლუციების დიდი ალბათობაა. მთავრობის, ხელისუფლებების შეცვლის დიდი მაჩვენებელი გვაქვს 2019-2020 წლებში.

ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, ისევნაციონალებიდაწინაურდნენ?

- „ნაციონალებს“ აქვთ შანსი, მაგრამ „ნაციონალების“ შემოსვლით ისევ იგივე განმეორდება, რაც გვახსოვს. ამიტომ ქართველმა ხალხმა არჩევანი ახალ ეროვნულ ძალაზე უნდა გააკეთოს. თავი უნდა დაანებონ ვითომც დემოკრატიით აპელირებას. აუცილებელია, ეროვნულმა ძალებმა აიღონ ინიციატივა ხელში და სათავეში ჩაუდგნენ ქვეყნის მართვას. რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას, საამისოდ რესურსები უნდა მოინახოს. საქართველოს რუკიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. ვინც ვითომც ებრძვის რუსეთს, სინამდვილეში, რუსეთის მხარესაა. ასევე, ვინც ვითომც ებრძვის რუსეთუმეებს, ისიც ყველაზე დიდი რუსეთუმეა. პირველები სწორედ ისინი ყიდიან საქართველოს. გინდაც „ნაციონალები“ ავიღოთ, მათ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს. თუკი რუსეთი ჩემი მტერია, მასზე არ გავყიდი სტრატეგიულ ობიექტებს.

ელემენტარულად, ქართველმა ხალხმა თვალი უნდა გაახილოს. ქართველი ხალხისთვის სერიოზული ცვლილებების პერიოდი დგება. მესამე ძალის პოტენციალი არსებობს, ოღონდ მთავარია, მესამე ძალამ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა საერთო ენა გამონახონ, რადგან ყველა დაშლილია და თავისას აწვება. „დაშალე და იბატონეს“ პრინციპით ამ ხალხზე ისეა ნამუშევარი, რომ რეალურად ოპოზიციურ ძალებს საერთო ენის გამონახვა არ შეუძლიათ. ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდული ძალები ნამდვილად არიან და მესამე ძალა აუცილებლად წამოყოფს თავს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობა“ დიდ წვლილს შეიტანს ამ ყველაფერში და დიდი შანსია, ახლანდელი ხელისუფლება გადააყირავონ.

როგორც ჩანს, თქვენ სერიოზულ რევოლუციურ პროცესებზე საუბრობთ, ეს მძიმე პერიოდი სადამდე გასტანს?

- ამ ორი წლის განმავლობაში ურთულესი პერიოდია მოსალოდნელი, არც ის არის გამორიცხული, პრეზიდენტიც გადააყენონ, მოუწყონ იმპიჩმენტი, ან რაღაც მსგავსი მოხდეს, რადგან მაღალია იმის შანსი, რომ ვინც სათავეშია, იმ სათავიდან მოიხსნას.

ბიძინა ივანიშვილისთვისაც რთული პერიოდი დგება?

- ბიძინამ შეიძლება პრემიერ-მინისტრი გადააყენოს, როგორც ეს მოხდა კვირიკაშვილთან მიმართებით. მაგრამ, თუ ამ ყველაფრის ფესვები არ მოჭერი, ყოველთვის ამოვა სხვა ტოტები, რომლებიც გააგრძელებენ მავნებელობას. ამიტომ, თუ ამ ხელისუფლებამ ხალხის საკეთილდღეოდ არ იმუშავა, გაძლევთ პირობას, აუცილებლად მოაცილებენ ამათ სუყველას.

და ბოლოს, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ამ წლის მთავარი ფავორიტები არიან მშვილდოსანი, ლომი და ვერძი?

- ვერ ვიტყვი, რომ ვერძი ფავორიტია, ვერძთან შედარებით ფავორიტია კურო და შეიძლება ქალწულიც იყოს ფავორიტი, ვერძიც ერთ-ერთ ფავორიტებს შორისაა და შესაძლოა, ამ წელიწადმა დადებითად იმოქმედოს მერწყულზე და შემდეგ უკვე სასწორზე. დანარჩენებისთვის ნეგატიური და ნეიტრალური პერიოდია.