ტუღუში ისევე პასუხისმგებელია ციხეებში შექმნილ ვითარებაზე, როგორც ბაჩო ახალაია

ტუღუში ისევე პასუხისმგებელია ციხეებში შექმნილ ვითარებაზე, როგორც ბაჩო ახალაია

„ასეთი რამ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება. ბევრგან ეს საჯაროდაც არ გამოაქვთ. ვუპასუხეთ ისე, როგორც უპასუხებდა 21-ე საუკუნის მთავრობა - მთლიანად დავშალეთ სისტემა, რომელმაც მარცხი განიცადა. ახალი მინისტრები – ეკა ზღულაძე და გიორგი ტუღუში ახალ საქართველოს წარმოადგენენ. ჩემი მოვალეობაა, ბოლომდე აღმოვფხვრა წარსულის გადმონაშთები. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენგან ითხოვენ მოქალაქეები – საქართველო გათავისუფლებული ორგანიზებული დანაშაულისგან“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში ახალი იუსტიციის სახლის გახსნისას.

მან ასევე გააკრიტიკა ის ადამიანები, ვისაც პატიმრების ცემა-წამების ამსახველი ვიდეო-მასალა ჰქონდა, ინახავდა მას და მხოლოდ არჩევნების წინ პერიოდში გახადა საჯარო.

„ჩვენ ყველამ განვიცადეთ შოკი წინა დღეებში, მაგრამ შოკის განცდის შემდეგ არის თვალის გახელის და დაფიქრების დრო. ძალიან კარგად ვიცი, რომ რაც ამ დღეებში ხდება, არ არის იზოლირებული ფაქტები, რომელიც სხვათა შორის, თურმე არჩევნების წინ ამოვარდა და მრავალი თვე შენახული იყო. გიორგი ტუღუშისთვის რომ ეთქვა, რომელიც ნადირობდა ამ ფაქტებზე, სისხლს გაგვიშრობდა და ყველაფერს დაამთავრებდა, როცა პირველივე ვიდეო გადაიღეს მათ ფულით და შეკვეთით, ორგანიზებული კრიმინალისგან მიღებული ფულით, როგორც ახლა ირკვევა. გამოეგდოთ თუნდაც რომელიმე თავის ტელევიზიაში. პირველივე დღეს დაისჯებოდა და დამთავრდებოდა. მაგრამ ნურას უკაცრავად, აგრძელებდნენ, უკვეთავდნენ, ინახავდნენ არჩევნების პერიოდისთვის, რათა არჩევნების წინ ხალხს ეფიქრა არა იმაზე, რა შეიცვალა უკეთესობისკენ, არამედ შოკის ქვეშ გააკეთებინონ იმპულსური გადაწყვეტილება და საბოლოოდ ხელი გაუხსნან იმათ, ვისაც საქართველოს წარსულში დაბრუნება უნდათ. აი, ეს არის, დღეს რაც ხდება“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ორგანიზებული დანაშაული ცდილობს, საქართველო წარსულში დააბრუნოს და რომ ამ არჩევნებისთვის საერთაშორისო მაფია ემზადებოდა.

„ის, რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ, მათი გეგმების მხოლოდ მცირე ნაწილია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ ხალხს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რა შეთქმულებებია და რა მეთოდებით აპირებენ საქართველოს რელსებიდან გადაყვანას და ისევ ჩიხში შეყვანას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამდენად, სააკაშვილის მთელი გამოსვლის პათოსი იყო ის, რომ ციხეებში პატიმრების წამება და გაუპატიურება კონკრეტული პირების მიერ დაგეგმილი და დაკვეთილი იყო, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ახორციელებდნენ, როგორც ჩანს, ბოროტი ადამიანების ბოროტი ზრახვების უმწიკვლო მსხვერლნი არიან. თუმცა ბატონ პრეზიდენტს მისი და მისი გუნდის მიერ უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში ნათქვამი რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი განცხადება ავიწყდება. კერძოდ, როგორ კი ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა, იმავე საღამოს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში, მაშინ ჯერ კიდევ მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, რომ მისი უწყება რამდენიმე კვირის განმავლობაში საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა.

„შემაშფოთებელია ის, რომ ციხეში ადამიანის უფლებების დარღვევებს ჰქონდა ადგილი. პატიმრების წამების შეკვეთა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ მოხდა. ჩვენ არ მოვითმენთ სასჯელაღსრულების სისტემაში დარღვევებს. საქმეში მონაწილე ყველა ადამიანი მკაცრად დაისჯება. ჩემი ინიციატივით შექმნილი სპეციალური ჯგუფი სწავლობდა, ციხეებში რამდენად იყო დაცული ადამიანის უფლებები. ჩვენ თანამდებობიდან გავათავისუფლეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა. რამდენიმე თანამშრომელი დავაკავეთ, რამდენიმე ძებნაშია“, - განაცხადა კალმახელიძემ.

იგივე შინაარსის განცხადება მეორე დღეს, ანუ 19 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა, სადაც ასევე ნათქვამი იყო, რომ პატიმრების წამების ფაქტებზე გამოძიება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფირფიტა შეცვალეს და თქვეს, რომ მათთვის უცნობი იყო, ციხეებში ამგვარი ფაქტები თუ ხდებოდა. გლდანის ციხის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, ბაჩო ახალაიაც გადადგა, მის ადგილას სააკაშვილმა ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დანიშნა და მმართველმა გუნდმა ამით დაასრულა ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებთან ბრძოლა. სააკაშვილმა საქმე ისე წარმოაჩინა, თითქოს ასეთი ფაქტები მხოლოდ გლდანის ციხეში და მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული პირის მიერ იყო ჩადენილი და ისიც, ვიღაცის შეკვეთით.

თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ პატიმრების ცემა-წამება მხოლოდ გლდანის ციხეში არ ხდებოდა და ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. რა თქმა უნდა, მსგავსი მტკიცებულებები, ანუ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო-მასალა არც ერთ უფლებადამცველს არ ჰქონია, რადგან ამის მოპოვება უბრალოდ შეუძლებელი იყო ისეთი დახურული სისტემიდან, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებია. ასეთი ჩანაწერების გაკეთება მხოლოდ ხელისუფლების ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკების დავალებით თუ მოხდებოდა, თორემ ჩვეულებრივ მოკვდავს ამაზე, რა თქმა უნდა, ხელი არ მიუწვდებოდა. ასეთი კადრების ციხიდან გამოტანაზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია, თუკი ეს ისევ მმართველი გუნდის რომელიმე ძალიან წონიანი ფიგურის სურვილი არ იქნებოდა.

ახლა ორი სიტყვით ხელისუფლების მიერ ფართოდ გაპიარებულ ვერსიასაც შევეხოთ. მმართველი გუნდი ირწმუნება (და ეს თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ახსენა), რომ თითქოს, გლდანის ციხეში პატიმრების წამება და ამის ვიდეო-ფირზე ასახვა ამავე ციხის პატიმარ თამაზ თამაზაშვილის დაკვეთით ხდებოდა. ჯერ ერთი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რიგითი პატიმარი კი არა, ვერც ერთი უფლებადამცველი ციხეში ვერანაირ ჩამწერ საშუალებას ვერ შეიტანს, რადგან იქ შესვლის წინ მათ ისე საგულდაგულოდ ჩხრეკენ, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. მეორეც, სრულიად წარმოუდგენელია რომელიმე პატიმარმა, რა თანხაც არ უნდა შესთავაზოს მან ციხის ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელს, შეძლოს ამ ყველაფრის ორგანიზება. ამას უბრალოდ ვერც ერთი ბადრაგი თუ მორიგე ინსპექტორი თავის თავზე ვერ აიღებს. და ბოლოს, თუკი ხელისუფლების ვერსია სწორია და ეს ყველაფერი თამაზაშვილის დაკვეთით ხორციელდებოდა, მაშინ გამოდის, რომ ამ სისტემაში ისეთი უკონტროლობაა, რომ საერთოდ არ უნდა გვქონდეს პრეტენზია სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმებზე და რაღაც სასიკეთო ცვლილებებზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ვერსია მცდარია და ხელისუფლება უბრალოდ მანიპულირებს ამ ინფორმაციებით, თუმცა როგორც მოგახსენეთ, თავისივე გაკეთებულ განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ამ მხრივ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი. 21 სექტემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ ჩაერთო ადვოკატი ლოლა ტურსაშვილი, რომელიც გლდანის ციხეში მყოფი პატიმარ დავით ნაწიფაშვილის ინტერესებს იცავს. ადვოკატმა განაცხადა, რომ ნაწიფაშვილს თამაზ თამაზაშვილისა და მისი შვილის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს და ამასთან დაკავშირებით პატიმარი მზად არის გამოძიებას ჩვენებაც მისცეს.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ შეხვდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელმაც უთხრა, რომ ციხის მაღალჩინოსანმა, სახელად ვიქტორმა ჩვენება დაახლოებით 10 დღის წინ დააწერინა.

„დააწერინეს, თითქოს მან იცოდა, რომ თამაზ თამაზაშვილი და მისი ვაჟი იარაღით ვაჭრობდნენ“, - განაცხადა ლოლა ტურსაშვილმა. ადვოკატის ინფორმაციით, დავით ნაწიფაშვილი ყოფილი პოლიციელია, რომელიც უკვე ორი წელია, სასჯელს თაღლითობისთვის იხდის. ეს ინფორმაცია უნისონშია „ქართული ოცნების“ წევრის სოზარ სუბარის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება რაღაც პროვოკაციას ამზადებს, რისთვისაც ძმებმა ახალაიებმა თბილისში დაახლოებით ოცი ბინა შეიძინეს და იქ იარაღი შეაქვთ. საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება ეცდება გაავრცელოს ინფორმაცია, თითქოს რაღაც კონკრეტული ჯგუფი (სავარაუდოდ ეს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები იქნებიან) არჩევნების პერიოდში რაღაც პროვოკაციას გეგმავს და რა თქმა უნდა, ამ პროვოკაციის დამკვეთად რუსეთს მოგვივლენს.

ახლა კი რაც შეეხება ახალი საქართველოს სახეებს (როგორც პრეზიდენტმა ბრძანა) გიორგი ტუღუშსა და ეკა ზღულაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს, გთავაზობთ რამდენიმე უფლებადამცველის შეფასებებს ახალი მინისტრების დანიშვნასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, მართლაც ასე ხშირია თუ არა განვითარებულ ქვეყნებში შემთხვევები, როდესაც პატიმრებს ასე სასტიკად ექცევიან და ამის საჯაროდ გამოტანა არ ხდება, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთი განცხადება ქვეცნობიერიდან წამოცდენილ აღიარებად შეიძლება ჩავთვალოთ. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ამით დაადასტურა საზოგადოებაში არსებული მოსაზრება, რომ მან ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ საჯაროდ გამოტანას არ აპირებდა.

„შეიძლება მან არათუ იცოდა, არამედ სიამოვნებით უყურებდა კიდეც ამ ყველაფერს და თავისი პოლიტიკის წარმატების მაგალითად აღიქვამდა. მის განცხადების შინაარს რაც შეეხება, ერთი ტყუილი არის ის, რომ ასეთი ფაქტები უცხოეთშიც ხდება. არათუ მსგავსი ფაქტები არ ხდება, არამედ ამერიკაში, 70-იანი წლების დასაწყისში ერთი ფარული მოსმენის გამო (რასაც ჩვენთან სისტემატური ხასიათი აქვს), როდესაც ეს ინფორმაცია საჯარო გახდა, პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა. საუბარია არა რომელიმე მინისტრზე, არამედ პრეზიდენტზე. ასე რომ, ასეთი რაღაცეები არ ხდება, ხოლო თუ სადმე ხდება, ასეთ ფაქტებს თავად ხელისუფლება ხდის საჯაროდ, და საკუთარი თავიდან ამ სამარცხვინო ლაქის ჩამოსარეცხად, თავადვე ისჯის თავს. მეორე ტყუილი ეს არის, ხოლო მესამე კი ის არის, რომ თურმე ხელისუფლებამ თავად განასაჯაროვა ეს ინფორმაცია. მათ ერჩივნათ, რომ ეს არავის გაეგო და როდესაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ ძალიან გაბრაზებულია, ის სწორედ იმაზე იყო გაბრაზებული, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახდა“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

ადვოკატი ლალი აფციაურიც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პატიმრების წამების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებას არ გამოუტანია საზოგადოების სამსჯავროზე.

„მიშა სააკაშვილს ამ ინფორმაციის გასაჯაროვება რომ სდომებოდა, აქამდეც ძალიან კარგად იცოდა, რაც ხდებოდა ციხეებში. რვა წელია ამ ფაქტების შესახებ 24 საათიან რეჟიმში ვწერ გაზეთებში, ვსაუბრობ ტელეეთერით. დავიჯერო რვა წლის განმავლობაში ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა მაინც არ გამოიწვია მასში ინტერესი, რომ ეს აფციაური რომ გაჰკივის ასეთ რაღაცეებს, ერთხელ მაინც არ დაინტერესდა, სიმართლეს ვამბობდი თუ ტყუილს? თან ვაცხადებდი, თუ ტყუილს ვამბობ, მიჩივლეთ-მეთქი. ერთი კონკრეტული ფაქტი გადაემოწმებინა“, - აცხადებს ლალი აფციაური.

მისი განცხადებით, სხვა ქვეყნებშიც ხდება პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა, მაგრამ ასეთ შემთხვევებს ყოველთვის მოჰყვება მთელი მთავრობის გადადგომა და ხშირ შემთხვევაში მისი კონკრეტული წევრების დაჭერაც კი.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების მინისტრად ყოფილი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის დანიშვნას, უფლებადამცველები ამ ფაქტს ცალსახად უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, ციხეებში შექმნილ სიტუაციაზე დიდწილად სწორედ ტუღუშია პასუხისმგებელი, რადგან მან დროული და სათანადო რეაგირება არ მოახდინა.

გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს სირაქლებას პოზაში დგომაზე მიუთითებს, მაგრამ ქართველი ხალხი სირაქლემას პოზაში აღარ ჩადგება.

„ჯერ ერთი, თუ ბაჩო ახალაიას ამ სისტემაში მოსვლა და მისი ასეთი მახინჯი ფორმით ჩამოყალიბება უცხოელებმა დაგეგმეს, ეს სხვა თემაა. ეს მეთოდები სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიამ ჯერ კიდევ 2006 წელს დანერგა და ეს არის არა გამონაკლისი, არამედ წესი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი პატიმარი გლდანის ციხეში 21 სექტმბერს ვინახულე და მითხრა, რომ ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ იგი სასტიკად სცემეს. წინა შევხედრაზე, დაახლოებით სამი კვირის წინ მან მომიყვა, როგორ აწამებდნენ მას ციხეში და კონკრეტული გვარებიც დამისახელა. სხვათაშორის რამდენიმე მათგანი ამ ციხეში დღესაც მუშაობს. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვისმინეს და ციხიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ პატიმარი ისევ სასტიკად უცემიათ. ამის შესახებ მან 21 სექტმბერს შეხვედრისას მიამბო. ციხის თანამშრომლებს ცემის დროს მისთვის უთქვამთ, - რას გაგაქვს ინფორმაციები გარეთ, ვისი იმედი გაქვს, მაგ შენი ადვოკატის, არ იცი, რომ ეს სისტემა ხელშეუხებელიაო? ისინი მართალს ამბობდნენ, რადგან ეს მართლაც ხელშეუხებელი სისტემა იყო“, - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

მისი თქმით, ზღულაძისა და ტუღუშის პრეზიდენტის მიერ ახალ სახეებად წარმოჩენა უბრალოდ სასაცილოა. ნიკოლაიშვილი იხსენებს, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის საამაყო მინისტრი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მოგვიანებით თურმე ქვეყნის მოღალატე აღმოჩნდა. ადვოკატი აქვე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ დროს ნინო ბურჯანაძეს ფოლადის ლედის უწოდებდა, შემდეგ კი თურმე იგი რუსეთუმედ იქცა. ამის შემდეგ პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას ადიდებდა, რომელმაც თურმე კრიმინალური სამყარო დაამარცხა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად დასაჭერია.

„გახსოვთ, ალბათ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განათლების რეფორმის წარმატებაზე საუბრით ყურები გამოგვიჭედა, შემდეგ კი თქვა, ვინ იდიოტმა მოიფიქრა სკოლის დირექტორების ლოტოტრონით დანიშვნაო. ამ ყველაფერს კახა ლომაია შეეწირა. შემდეგ ძალიან წარმატებული ჩინოვნიკი მაია მიმინოშვილი იყო, რომელსაც პრეზიდენტმა ღირსების ორდენიც გადასცა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე გაზულუქებული და უსაქმური ქალი ყოფილა. ასე რომ, ყოველი ახალი სახის დანიშვნისას, ძველი უნდა გავიხსენოთ.

რაც შეეხება თამაზაშვილს, მოგეხსენებათ, ეს ადამიანი ამდენი წელი ტყვიას უშვერდა თავს და მსახურობდა პოლიციაში. ახლა ადამიანი რომ პოლიციაში მსახურობდა, შეიძლება რაღაც ცოდვებიც ჰქონდეს, მაგრამ თუკი იგი ამ ბოლო მოვლენებში დამნაშავეა, რატომ არ წაუყენეს ბრალდება? ხოლო თუ არ არის დამნაშავე, მაშინ დანაშაულს თავად სააკაშვილი სჩადის, რომელიც თამაზაშვილს ცილს სწამებს. ასევე ამბობდა იგი ვაჟა ლორთქიფანიძეზე კორუმპირებულიაო. თუკი ასეთი რამ იცის, რატომ არ იჭერს ლორთქიფანიძეს? ხოლო თუ არ იცის, მაშინ ცილს სწამებს ამ ადამიანს, რაც ასევე დანაშაულია“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ეს ამბები მხოლოდ ერთი დღე ეყო, მას ჰგონია, რომ საზოგადოება ამას შეეგუა და ყველაფერმა გადაიარა.

„რომელი ახალი სახეები არიან გიორგი ტუღუში და ეკა ზღულაძე? ტუღუშმა თავისი ომბუდსმენობის პერიოდში ხელისუფლებას თავისი ერთგულება დაანახა. მან მოახერხა, რომ ერთის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინა, ხოლო მეორეს მხრივ, რომ ხელისუფლებისთვის არ ეღალატა. სწორედ ამ დამსახურებისთვის დაინიშნა იგი მინისტრად. თუ ვინმე უნდა გადამგდარიყო ამ ფაქტებთან დაკავშირებით, პირველი სწორედ გიორგი ტუღუში იყო, რადგან ეს მის პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა და დასავლეთიც კიდევ ერთხელ კარგად დაინახავდა, რასაც წარმოადგენს ეს ხელისუფლება. გიორგი ტუღუში ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ციხეებში შესვლის და ამ ყველაფერზე რეაგირების მოხდენის საშუალება ჰქონდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. თვალის ასახვევად ქაღალდზე რაღაცეები წერა, მაგრამ რეალურად არაფერი მოიმოქმედა, რისი შედეგიც ყველამ ვნახეთ. ასე რომ, ტუღუში სწორედ ისეთი ადამიანია, როგორიც ამ ხელისუფლებას სჭირდება“, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

ადვოკატი ლალი აფციაური ხელისუფლებას მკვლელების, მძარცველების და ყველაფრის ჩამდენების ბანდად მოიხსენიებს.

„ვინც მათთან იმუშავებს, ისიც სწორედ მათნაირია. აქედან გამომდინარე, ტუღუში იქნება, ზღულაძე, თუ ვინმე სხვა, ეს ერთი სისტემიდან გამოსული ხალხია. ამიტომ არანაირი სისტემური ცვლილებები არ გატარდება. შეიძლება, ვიდრე ხალხი ქუჩაშია და პროტესტს გამოხატავს, ცოტა ხანი კარგად მოიქცნენ, მაგრამ როგორც კი პროტესტი ოდნავ შესუსტდება, ჩათვალეთ, რომ ამ გაუბედურებულ, ბორკილებდადებულ ადამიანებს გაორმაგებული ძალებით შეესევიან“, - აცხადებს ლალი აფციაური.

რაც შეეხება გიორგი ტუღუშს, ადვოკატი ამბობს, რომ ვერ დაასახელებს პატიმრების მიმართ უდიერად მოპყრობის ვერც ერთ ფაქტს, რომელიც სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის მიერ იყო აღმოჩენილი და სააშკარაოზე გამოტანილი.

„სახალხო დამცველის აპარატი მხოლოდ და მხოლოდ უკვე გახმაურებულ ფაქტებს ახმაურებდნენ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთ ფაქტები მათ თვითონ მოეძიებინათ. მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე ახდენდნენ რეაგირებას, როდესაც პატიმარი რაღაც გზებით მოახერხებდა თავის თავზე რაიმე ინფორმაციის ციხის გარეთ გამოტანას. მე თუ მკითხავთ დღეს, ამ ფაქტების შემდეგ, სახალხო დამცველი რაიმე თანამდებობას კი არ უნდა ელტვოდეს, არამედ გადადგომის შესახებ განცხადებას უნდა წერდეს, რადგან სწორედ მისი პასუხისმგებლობაა ამდენი ათასი პატიმრის გაუბედურება. მისი მუშაობის შეფასებიდან გამომდინარე, შეიძლება მისი ქმედებების შეფასება გაკეთდეს. ამიტომ მათი გუნდიდან გამოსული არც ერთი ადამიანის არ მჯერა“, - აღნიშნავს აფციაური.