აკაკის ცხენი, დიუმას სიგელი გიორგი შავგულიძის „გმირობა“  და ახალი წელი

აკაკის ცხენი, დიუმას სიგელი გიორგი შავგულიძის „გმირობა“  და ახალი წელი

გილოცავთ ახალ წელს. იმედია 2019 წელი ქართველებისთვის განსაკუთრებით ფეხბედნიერი აღმოჩნდება. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ თორმეტ თვეს თითოეული ჩვენთაგანი ნებისმიერ ჩაფიქრებულ სურვილსა თუ ოცნებას აუცილებლად აისრულებს.

დღევანდელი წერილის მთავარი თემა რასაკვირველია ახალი წელი იქნება და მკითხველთან ერთად ისტორიულ მოგზაურობაში გავეშურები.

დასაწყისში დიდ მწერალს, აკაკი წერეთელს გავიხსენებთ.

ახალი წლის წინა ღამეს მოურავმა უთხრა აკაკის - თქვენი ცხენი მოუპარავთ, მაგრამ იმედია ვიპოვითო.

- თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებთ, დაიკარგოს, - მიუგო აკაკიმ. - ეს ძველი წელიწადი მთლი თორმეტი თვე უბედური იყო ჩემთვის! ახლა ეტყობა, ჩემს ცხენზეა შემჯდარი და ისე მიდის. ნუ გამოუდგები. აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენიო.

აკაკი წერეთლის შემდეგ ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმას მიერ თბილისში გატარებულ დღეებს გაგაცნობთ.

1858 წლის დასასრულს დიუმა საქართველოში სამოგზაუროდ იმყოფებოდა და ახალ წელს ჩვენს ქვეყანაში შეხვდა.

თბილისში ჩამოსული მწერალი საფრაანგეთის კონსული ფინოს დახმარებით დაბინავდა მაშინდელ ერევნის მოედანზე, ივანე ზუბალაშვილის სახლში.

თბილისის საზოგადოებას მისთვის რამდენიმე სადილი გაუმართავს. „სამი მუშკეტერის“ ავტორს საკმაოდ ბევრი ღვინო დაულევია. ამის დამადასტურებლად წერილობითი მოწმობაც კი მიუციათ.

ივანე კერესელიძეს („ცისკრის“ მაშინდელ  რედაქტორს) მოწმობაში შემდეგი წარწერა გაუკეთებია: „ბატონმა ალექსანდრემ დიუმამ მოინახულა ჩვენი ღარიბი რედაქცია, სადაც მისთვის გამართულ სადილზე უფრო მეტი ღვინო დალია, ვიდრე ქართველებმა“.

დროის მანქანამ წინა საუკუნეში გადმოგვისროლა და ახალი წლის დღეებში ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ჩაგვიყვანა. ქართული მხატვრული ფილმი “დავით გურამიშვილის” რამდენიმე ეპიზოდი მაშინდელ ლენინგრადში გადაიღეს.

იანვრის დასაწყისი იქნებოდა და საშინლად ციოდა. შესვენებაზე მსახიობები მდინარე ნევის სანაპიროზე გავიდნენ. რუსმა მსახიობმა ტატიანა ოკუნევსკაიამ, რომელიც პეტრე პირველის ქალიშვილს, ელიზავეტას თამაშობდა და უზომოდ იყო შეყვარებული გიორგი შავგულიძეზე უცებ წამოიძახა - აი, ის იქნება ნამდვილი ვაჟკაცი, ვინც ამ მდინარეს გადაცურავსო. წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ გიორგი ნევაში აღმოჩნდა.

ატყდა საშინელი პანიკა, მაგრამ სულ ამაოდ, ქართველმა მსახიობმა მდინარე უშიშრად დალაშქრა. როდესაც ნაპირზე ამოვიდა, გაოცებულები უყურებდნენ ყველანი, ის კი, სიცივისაგან გათოშილი, კმაყოფილი სახით იღიმებოდა.

გიორგი შავგულიძის გმირობის გახსენების შემდეგ სიტყვას მსახიობ ჯემალ ღაღანიძეს გადავცემ.

“ყოველთვის ვცდილობდი შობა-ახალი წლის დღეები ოჯახში გამეტარებინა, მაგრამ ერთხელ, სწორედ იმ პერიოდში მოგვიხდა ინგლისში, ქალაქ ლესტერში ფესტივალზე წასვლა.

რუსთაველის თეატრიდან თორმეტკაციანი ჯგუფი წავედით, - ბატონ რამაზ ჩხიკვაძეს მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა ინგლისში, თან “მეფე ლირიდან” ნაწყვეტები გვქონდა ჩატანილი.

რამაზს ჯოხი დასჭირდა, იატაკის საწმენდის მსგავსი, რომელიც აქედან არ წავიღეთ, ვიფიქრეთ, იქ ექნებათ, თეატრშიო, მაგრამ მათ რეკვიზიტებში ასეთი ჯოხი არ აღმოჩნდა. მითხრეს, ქვევით, პირველ სართულზე ჩაბრძანდით, იქ ხუთ წუთში გაგიკეთებენ, რაც გჭირდებათო.

ჩავედი პირველ სართულზე, შევაღე ერთ-ერთი ოთახის კარი და დავინახე, რომ პატარა სააამქროში რამდენიმე ბავშვი ფუსფუსებდა. მოზარდები დიდ ნაძვის ხეს მოსართავად ამზადებდნენ. როცა ავუხსენი, რაც მინდოდა, მითხრეს, ახლა დაკავებულები ვართ, საათნახევარში ჩამობრძანდით და ჯოხს გამზადებულს დაგახვედრებთო.

დავბრუნდი ნომერში და გამახსენდა, რომ თან ჩურჩხელები მქონდა წაღებული. ავიღე ერთი ხუთი ჩურჩხელა და საათნახევრის შემდეგ ჩავედი ისევ პირველ სართულზე. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმის ახსნას, თუ რა საჭმელი იყო ეს, რატომ ჰქონდა ძაფი. ჩურჩხელებს პატარა ნაჭრებად ვჭრიდი როდესაც ამ მზადების ორგანიზატორი მომიახლოვდა და თუ შეიძლება არ დაჭრათო, - მთხოვა. რატომ, რაშია-მეთქი, საქმე? – ვკითხე. ტრადიცია გვაქვს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების სუვენირებს ნაძვის ხეზე ვკიდებთო, - ამიხსნა.

იქ აქვთ ასეთი ტექნოლოგია: ნებისმიერ ნივთს უფერო ლაქში აგდებენ, ეს ნივთი არც ფერს კარგავს, არც ფორმას და წლების განმავლობაში ახალივით ინახება. ასე რომ, ეს ჩემი კახური ჩურჩხელა მეორედ გაავლეს, თუმცა, ამჯერად უფერო ლაქში, დააწერეს ზედ “ჯორჯია, 1982 წელი” და საშობაო ნაძვის ხეზე ჩამოკიდეს – როცა ჩამოხვალთ, ეს სუვენირი ყოველთვის აქ დაგხვდებათო.

რუსებს ჩვენთვის ხეირი არასოდეს დაუყრიათ და გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ. მსახიობი იური ვასაძე ფილმის “ნეილონის ნაძვის ხე” გადაღების მიმდინარეობას დღემდე ემოციების გარეშე ვერ იხსენებს. თურმე მაშინ ისეთი ამბები დატრიალებულა, რომ მსახიობების ჯანმრთელობას დიდი საფრთხე დაემუქრა.

“მხატვრულ სურათს “ნეილონის ნაძვის ხე” ვიღებთ. სიუჟეტით ამბავი 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ამბავს (დეკემბერს) ვიღებთ მაისის თვეში. 6 მაისს ცხელა, ვიხოცებით სიცხით.

ნისლი იყო საჭირო და დაიქირავეს რუსების სამხედრო “გრუზავიკი”, ბოლი – ნისლისთვის.

რუსი რა ხეირს დაგაყრიდა - გაუშვეს ეს ბოლი და ოთხჯერ გამოიძახეს გადაღების დროს სასწრაფო. მე კინაღამ წერილი წავიღე, ასთმა მქონდა. ედიშერ მაღალაშვილი კი მოიწამლა ამ ბოლით და ორი თვე იწვა. რამდენიმე მსახიობი დღესაც ახველებს იმ მიზეზით”.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი  მსახიობ ზაზა კოლელაშვილს მივადექით რომელსაც საშინელი სიმთვრალე ჰქონია და ჯობს, რომ ამ დროს ახლოს არ გაეკაროთ. მისი კოლეგა თენგიზ გიორგაძე ერთ ისტორიას ყვებოდა:

”ჩემს ყმაწვილკაცობაში, სტუდენტობის წლებში მთვრალ ზაზა კოლელაშვილს ძალიან ეხერხებოდა “ბუნტოვშიკობა” და როგორც კი ვინმეს ხმის ტონი არ მოეწონებოდა, წასული იყო მისი საქმე. მაგრამ ერთი რაინდული ჩვევა ჰქონდა - მის გარდა თუ ვინმე დაიწყებდა გაჩმახებას, ზაზაზე კეთილი მრჩეველი და სიტუაციის დამრეგულირებელი არ მოიძებნებოდა.

ერთხელაც მეგობრებთან ახალ წელს ვხვდებოდით. ვიგრძენი, რომ ზაზას ნაღმი მზადდებოდა ასაფეთქებლად და დავიწყე ჩემს წინ მჯდომი ძმაკაცების გინება, ყველას ვემუქრებოდი და ვაშინებდი. ზაზამ დაივიწყა თავისი საქმე, გამიყვანა აივანზე დასამშვიდებლად და ისე მმოძღვრავდა, მეგონა ცნობილი პედაგოგი მაკარენკო გაცოცხლდა-მეთქი.

მითხრა, თუ გიყვარვარ, წვეთი აღარ დალიოო. არადა, ფხიზელი ვიყავი. მაინც კიდევ დიდხანს “ვიჩხუბე”, მხოლოდ იმიტომ, რომ ზაზას ჩემი მეთვალყურეობა არ შეეწყვიტა. ბოლოს მითხრა, ხო ვართ ძმები, ახლა სახლში წავიდეთ შენთან და დაიძინეო.

დავუჯერე და მოვარჯულებინე თავი მთვრალს ფხიზელმა”.