ვინ და რატომ დაუთრო ცხენი ვაჟა-ფშაველას ილია ჭავჭავაძესთან სტუმრობისას

ვინ და რატომ დაუთრო ცხენი ვაჟა-ფშაველას ილია ჭავჭავაძესთან სტუმრობისას

ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან ბევრი საინტერესო მომენტის გახსენებაა შესაძლებელი. ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგი ანა ბერიძე გვიამბობს, როგორ ნადირობდა, ოხუნჯობდა და როგორ იქცეოდა დიდი პოეტი ლხინში.

-ვაჟას ქეიფი და დროსტარება ძალიან უყვარდა, ისევე, როგორც ღვინო, თუმცა, ზომაც იცოდა – შეზარხოშდებოდა თუ არა, წვეთსაც აღარ აკარებდა პირს. ამაში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა მტკიცე ნებისყოფა. რასაც იტყოდა, ის უნდა აესრულებინა. თქვა, აღარ მოვწევ თამბაქოსო და, მას შემდეგ აღარც მოუწევია. ერთი ჩვეულება ჰქონდა ვაჟა-ფშაველას: ის არასდროს არ მიაჭახუნებდა ჭიქას ჭიქაზე, როგორც სადღეგრძელოების თქმისას არის ჩვენში მიღებული. ამბობდა, ეს ჩვეულება ჩვენი არ არისო. გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებიც არ უყვარდა. საჭმელებს შორის ვაჟა-ფშაველას ყველაზე მეტად ხინკალი ჰყვარებია და თვითონაც ხშირად ამზადებდა. მთაში გაზრდილს, არ უყვარდა ჩაის სმა და, კიდევ, ბალიშზე თავის დადება. ამბობდა, ცოდვაა ბალიშზე თავის დადება, – თავი დაიკარგება შიგო. ამიტომ, თვითონ მუთაქას ხმარობდა.

ილია ჭავჭავაძე ილიაობაზე ყველას თავისთან ეპატიჟებოდა ხოლმე. მას წესად ჰქონია, რომ მისი ოჯახიდან არავინ გამოსულიყო ფხიზელი. ვაჟამ კი, როგორც მოგახსენეთ, სმაში თავისი ზომა იცოდა. წასვლა რომ გადაუწყვეტია ფშაველს, ვინ არ მიუსვა მას ილიამ, მაგრამ ვერა და ვერ დაათვრეს. ბოლოს, ამდგარან და მისი ცხენი დაუთვრიათ. თურმე, მისულა ვაჟა თავის ბედაურთან და რას ხედავს: არყით აყროლებული ცხენი ფეხზე ვეღარ დგას. გაუცინია პოეტს და უთქვამს: მე რომ ვერ მომერიეთ, ცხენი დამითვრეთო? იმ ღამეს საგურამოში დარჩენილა და ქეიფი და დროსტარება გაუგრძელებია.

ამბობენ, ვაჟა-ფშაველას ძალიან ჰყვარებია ხუმრობა და ოხუნჯობა.

– ვაჟას ოხუნჯობასთან დაკავშირებით უამრავი გადმოცემა არსებობს. თბილისში ყოფნის პერიოდში, ვაჟა-ფშაველა საპარიკმახეროში შესულა, თმა და წვერი გაუპარსავს და დალაქისთვის შაური შეუძლევია. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს ეცოტავა გასამრჯელო და პოეტისთვის უთქვამს: შაურს რომ მაძლევ, სემიჩკა ხომ არ მომიყიდნია შენთვისო.

- შენ რომ იცოდე, რა თავი გაკრიჭე, მაგასაც არ გამომართმევდიო, – არ დაბნეულა ვაჟა.

თიანეთში ჩასული ვაჟასთვის შამანაურს უმასპინძლია, რომლის ცოლიც თურმე სულმოუთქმელად ელოდა დიდი პოეტის სტუმრობას და გაცნობას. როგორც კი ფშაველს დიასახლისისთვის ხელი ჩამოუთმევია, ქალს აღტაცება ვერ დაუმალავს: როგორ მენატრებოდა თქვენი გაცნობა და დღეს დიდად მოხარული და ბედნიერი ვარო. ჩემო რძალო, შენც ისე ხომ არ მოგივიდა ჩემს დანახვაზე, როგორც ერთ ხევსურს მეფე ერეკლეს გაცნობისასო?! თურმე, ერთ ხევსურს მეფე ერეკლე არ ენახა, მისი სახელით კი მოხიბლული იყო, ამიტომ, გადაწყვიტა, ხელმწიფე პირადად ენახა. ერთხელ მეფე ჟინვალში იმყოფებოდა, ჰოდა, მის სანახავად ხევსური საგულდაგულოდ ჩასულა. უკითხავს, მეფე ერეკლე რომელიაო? დაუნახვებიათ. თურმე, ხევსური ხან წინიდან შემოურბენს მას, ხანაც – უკნიდან. ეს მეფეს შეუნიშნავს და უკითხავს, რა იყო, ხევსურო, რას მსინჯავ, არ მოგწონვარო? ხევსურს თავი გაუქნევია და უპასუხია: მეფევ, შენს ნახვას შენი სახელი სჯობნებიაო. ვინ იცის, ჩემო რძალო, შენც ფიქრობდი, ვაჟას ვნახავ მდიდრულად, ევროპულად გამოწყობილს, მე კი უბრალო ფშაველი ვარ, იქნებ ჩემს ნახვასაც ჩემი სახელი სჯობნებოდაო, – გაუცინია ვაჟას.

ცნობილია, რომ ვაჟას კარგ მონადირეთა და მეთევზეთა შორისაც მოიხსენიებდნენ.

– ვაჟა, ბაჩანა და მიხა რაზიკაშვილები განთქმული მონადირეები ყოფილან. თუმცა, მათ შორისაც, ვაჟა გამორჩეული გახლდათ. ის იშვიათი მსროლელი იყო და ამის გამო ბევრჯერ ჯილდოც მიუღია. ნადირის დანახვაზე დინჯად, მოფიქრებულად უმიზნებდა თოფს. თოფი პოეტს ორნაირი ჰქონია: საფანტისა – ფრინველზე სანადიროდ და, ტყვიისა – ნადირებზე. გადმოცემის თანახმად, მეძებარი ძაღლებით ნადირობაც ვაჟას შემოუღია მთაში. განსაკუთრებით მხეცებზე ნადირობა ჰყვარებია, ალბათ, ამიტომაც, ტყვიის თოფს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა და არავის ათხოვებდა. ნადირთა შორის შვლის მოკვლას ერიდებოდა, ხოლო, თუ სხვის მოკლულს ნახავდა, ძალიან განიცდიდა.

„ერთხელ ვაჟა-ფშაველას, მისდა უნებურად, შველი მოუკლავს“, – იხსენებს მიხა რაზიკაშვილი, – „და, მისი საცოდაობისთვის რომ არ ეცქირნა, იძულებული შეიქნა, მეორედ ესროლა. ნუკრი არ უნახავს, არც უძებნია, ალბათ, იქ ახლო სადმე იდგა. მხოლოდ შვილის რძიანი ძუძუები მოწმობდნენ მის ყოლას. ამხანაგებს ვერ წარმოედგინათ, რაზე წუხდა ვაჟა, პირიქით, შურის თვალით შესცქეროდნენ და თვითონაც მზად იყვნენ, ეცადათ ბედი, თუკი ასე გამარჯვებულები დაბრუნდებოდნენ. მას შემდეგ ვაჟა ჩარგლის ტყეში შვლებზე სანადიროდ წასული აღარავის უნახავს“.

თევზაობაშიც უბადლო ყოფილა ვაჟა-ფშაველა. თევზაობდა ფშავის არაგვში, კაწალხეურაში, სადაც ბევრი კალმახი ბუდობდა. სათევზაოდ დადიოდა როგორც მარტო, ისე ამხანაგებთან ერთადაც.

რა მიზეზით დაუზიანდა ვაჟას ცალი თვალი?

– ერთ ზაფხულს ვაჟას ბიძას, მწარიას, ხარი დაუკლავს, რომელიც ციმბირის წყლულით, როგორც მაშინ ეძახდნენ – „ბედნიერით“ ყოფილა ავად. ვაჟა წასულა ბიძამისთან და ნახევარი ხარი წამოუღია. სანამ სახლში დაბრუნდებოდა, მწარიას მწვადები შეუწვავს და ზედ ფშაური არაყიც დაუყოლებიათ. სახლში მისულ ვაჟას იმ საღამოსვე აუჭრია რბილობი ხორცისთვის და ხინკალი მოუმზადებია, დანარჩენი კი ბასთურმად ქილაში ჩაუდევს. მეორე თუ მესამე დღეს კი სიცხე მისცა და თვალის ქუთუთოზე ქავილი დააწყებინა, შემდეგ ზედ მუწუკიც გამოსვლია. სხვათა შორის, ვაჟას დედას მაშინვე დაუსკვნია, რომ ეს მუწუკი „ბედნიერი“ იყო. ხორცი მაშინვე გამოიტანეს სახლიდან და მიწაში ჩაფლეს, რომ ძაღლებსაც არ ეჭამათ. ვაჟა ამ ამბის შემდეგ თვე-ნახევარი ლოგინიდან არ ამდგარა. პირველ ხანებში მას შინაურულად მკურნალობდა დედამისი, შემდეგ, როცა დაინახეს, რომ დღითიდღე ურთულდებოდა მდგომარეობა, იგი თბილისში წავიდა და მიხეილის საავადმყოფოში გაიკეთა ოპერაცია – მისთვის მკლავის სიღრმიდან ამოუჭრიათ ხორცი და თვალისთვის მიუკერებიათ.

წეღან ვაჟას ოხუნჯობაზე ვსაუბრობდით, ერთხელ მათურელს უთქვამს პოეტისთვისლუკავ, რად გინდა, დაჭყეტილი თვალით რომ დადიხარ, არა სჯობია, ექიმს გაასწორებინოო?

– მე რომ ჩემი დაჭყეტილი თვალით არ გიბრიალებდეთ, შენ და ჩემს ძმა სანდროს ვიღა შეგაშინებდათო? – ღიმილით უპასუხია ვაჟას.

– აბა ბიჭებო, ვინ არის თქვენს შორის ყველაზე ფეხმარდი და ყოჩაღი, აქვე, ახლომახლო, ერთ კურდღელს სძინავს და უნდა დავიჭიროთო, – უთქვამს ვაჟას ახმეტაში სტუმრობისას. სამი ყველაზე მარჯვე ახალგაზრდა წამომდგარა.

– მე წინ წავალ, თქვენ უკან გამომყევით და სხვა ნუღარავინ წამოხვალთ, თორემ, კურდღელი დაფრთხებაო, – გაუფრთხილებია მწერალს ყველანი. იგი წინ მიდიოდა, თან, დროდადრო, უკან იხედებოდა და უკან მომავალთ აფრთხილებდა, რომ ფეხის წვერებზე ევლოთ. ცოტა ხანში შეჩერებულა და ბიჭებისთვის მძინარა კურდღელი დაუნახვებია. ისინი ნელ-ნელა მიუახლოვდნენ და დაახტნენ კურდღელს. ბიჭებო, არ დაახრჩოთ, ნელა გამოიყვანეთო, – მიუძახებია ვაჟას სიცილით. როდესაც წამოდგნენ, ერთ-ერთ მათგანს ხელში მკვდარი კურდღელი სჭერია. როგორც იქნა, მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. თურმე, პოეტს კურდღელი ბაზარში ეყიდა და, სანამ მასპინძელთან მივიდოდა, გზად ვენახის თავში დაუმალავს – ეგება, ვინმე გავაბრიყვოო.

როგორ გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველა?

– ვაჟა-ფშაველა ღარიბულმა ცხოვრებამ მოტეხა. მას მალარია შეეყარა. პირველ ხანებში მის ჯანმრთელობას ვერას აკლებდა, მოგვიანებით კი მდგომარეობა გაურთულდა. ბოლო ხანებში ეს დაავადება პლევრიტში გადაიზარდა. პოეტი 1915 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა.