მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით გაცემაზე აუქციონის ვადა გახანგრძლივდა. მერიის ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აუქციონი 25 იანვარს დასრულდება. აუქციონს ისეთი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, რომ გამოცხადებულ კონკურსში პირობებიც კი შეიცვალა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მის ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების აუქციონი 19 დეკემბერს გამოაცხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან - 20-წლიან უფლებას მიიღებს.
„იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის განთავსების უფლების საფასურს, მას დამატებით განესაზღვრება 60-დღიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. თუ აღნიშნულ ვადაშიც განთავსების უფლების საფასური არ იქნა გადახდილი, უფლების გამცემი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ხელშეკრულებით დადგენილი წესით“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ნაუცბათევ აუქციონს არასამთავრობო სექტორის მხრიდან მკვეთრად ნეგატიური შეფასება მოჰყვა. ისინი ამ აუქციონში კორუფციულ რისკებს ხედავდნენ. აპროტესტებდნენ ვადებსაც, რამდენადაც დოკუმენტაციის პირველადი ვარიანტით განაცხადების გაკეთებისთვის კომპანიებს რეალურად მხოლოდ ერთკვირიანი პერიოდი ჰქონდათ.
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ბევრი ვალდებულება „აიკიდა“ და შემდგომ „გაიხლართა“, რის გამოც შეცდომას შეცდომას უმატებენ.
„ძალიან ღრმად შეტოპეს უკვე და იმდენი ვალდებულებები აიკიდეს, რომ აიხლართნენ, როგორც ეს პირველ და მეორე ტურში ვნახეთ. ხალხმა თვალი დაუხუჭა, რომ უარესი არ იქნებაო, მაგრამ უარესები მიაყარეს. ასეთი ტენდერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც არ მახსოვს, იმათ შეკერვა მაინც იცოდნენ ისტორიის და ასე ღიად არ ჩანდა დარღვევები“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
19 დეკემბერს გამოცხადებულ აუქციონში ამ დრომდე მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია. როგორც თბლისის ვიცე მერი განმარტავს, სწორედ ამის გამო მერიამ მიიღო გადაწყვეტილება აუქციონის ვადა 25 იანვრამდე გადაეწია.
„წავიკითხე უვიცი განცხადებები, თითქოს ამ აუქციონში ვინმეს რამე ინტერესი აქვს. ის პროდუქტი, რაც ჩვენ გამოვიტანეთ გასაყიდად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა და რა ღირებულებაც აქვს, იმ ღირებულებით გვაქვს გამოტანილი. იმის გამო, რომ ვაჭრობა არ შედგა, 2 დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება აუქციონის ვადა გაგვეგრძელებინა იანვრის ბოლომდე და ასევე პირველადი თანხის მოცულობა სამჯერ შემცირდა, რომ დაინტერესება მეტი იყოს და ვაჭრობა შედგეს. სამი მილიონის ნაცვლად „ბე“ იქნება ერთი მილიონი ლარი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მერიამ ახალ პირობებში კიდევ ერთი მოთხვონა შეცვალა. მიწისზედა და მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის, თბილისის მერიამ გამოცხადებული აუქციონის ვადის გაგრძელების გარდა, „ბე“-ს თანხა 3 მილიონი ლარიდან, 1 მილიონ ლარამდე შეამცირა. რაც შეეხება აუქციონის საწყის თანხას, 12 მილიონ ლარს, იგი არ იცვლება.
„ეს თანხა ვერ შეიცვლება, რადგან არის აუდირებული, ექსპერტიზის მიერ დათვლილი თანხა, რაც ღირს 20 წლის განმავლობაში რეკლამების განთავსება. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს 12 მილიონი ცოტა გაიზარდოს. წილში თუ შევიდოდით კომპანიასთან, მაშინ თანხას ვერ ავიღებდით.
აუქციონის მიზანი და იდეა არის, რომ სატრანსპორტო კომპანია ყოველწლიურად აქედან რაღაც შემოსავალს ღებულობს, რაც მომავალი 20 წლის განმავლობაში შეიძლება მიიღოს კომპანიამ შემოსავალი, ეს რომ ერთიანად მივიღოთ ერთიან ღირებულებაში. ყოველწლიურად მცირე შემოსავალია, მაგრამ ერთიანად მაღალი შემოსავალია.
თუ იანვრის ბოლომდეც არ გამოხატავს არც ერთი კომპანია ინტერესს, გავერკვევით და ვნახავთ, რა უნდა გავაკეთოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, მონაწილეობენ თუ არა აუქციონში უცხოური კომპანიები, ვინმემ „ბე“ გადაიხადა თუ არა. მხოლოდ ბოლო დღეს ვიღებთ ინფორმაციას აუქციონის შედეგზე“, - განაცხადა ხმალაძემ.