ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ 2018 წლის პოლიტიკურ მოვლენებს აჯამებს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა საკამოდ მძიმე პოლიტიკურ პროცესებში აღმოჩნდა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა და გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ გვაჩვენა, რომ 2019 წელი კიდევ უფრდო მძიმე იქნება.
ის ივანიშვილს მოუწოდებს, რომ ახალიწლის შემდეგ პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად ჩაერთოს და რიგი პრობლემების გადაწყვეტა დაიწყოს. ანალიტიკოსი მას ურჩევს, რომ პრემიერად დაბრუნდეს და სისტემური ძალთა ბალანსის აღდგენა დაიწყოს. მისი განცახდებით, „ოცნებაში“ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყანაში არსებული ქაოსი კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს.
„რეზონანსი“: 2018 წლის პოლიტიკური მოვლენები რომ შევაფასოთ, როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნებიდან და მთელი წლის მოვლენებიდან ოპოზიციამ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ რა გაკვეთილი გამოიტანა?
გია ხუხაშვილი: სამწუხაროდ, გაკვეთილებსა და შეცდომებზე სწავლის მაინც და მაინც დიდი სურვილი არ გვაქვს. მუდმივად სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ. რაც შეეხება 2018 წელს, უფრო ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს, ვიდრე დადებითად. სოციალური რისკები გაიზარდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბდა. ასევე, წინა არჩევნებთან შედარებით, ამ არჩევნების დემოკრატიის ხარისხმა დაიწია.
ყველაფერი სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა დააგვირგვინა, რაც 2019 წლისკენ გადაინაცვლებს და საბოლოო ჯამში, შესაძლოა პოლიტიკური პროცესებიც კი განსაზღვროს. ამიტომაც, მოკლედ რომ შევაჯამოთ, საკმაოდ მძიმე წელი იყო და არცთუ ნაკლებადმძიმე წელი გველის.
„რ“: ბოლო დროს განვითარებული პროცესების მიხედვით, შესაძლოა, რომ დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყოს. საუბარია იმაზეც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადააყენონ. რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, თქვენი პოლიტიკური პროგნოზი როგორია?
გ.ხ.: ყველგან, ყველა სფეროში სრული ქაოსია. არჩევნების პერიოდის შემდეგ მსგავსი ფსიქოზი დამახასიათებელია ხოლმე. ახლა ყველგან გაურკვევლობა და დაბნეულობაა. ეს ყველაფერი მოსობრივ ისტერიაშია უკვე გადასული. საზოგადოება გაიხლიჩა და კიდევ უფრო დაქუცმაცდა. მოხდა ხალხის სეგმენტებად დაშლა. მათ შორის ეს პროცესი ყველა ინსტიტუციას მოედო. პარლამენტში შიდა დაპირისპირება დაიწყო, ეკლესიაში ვხედავთ რა სახის განცხადებები კეთდება.
ადამიანები ოჯახებშიც კი პოლიტიკურ ნიადაგზე ერთმანეთს გადაეკიდნენ. საზოგადოება მთლიანად დაქუცმაცდა და დაიშალა. საქართველო ამ ნგრევის პროცესში ბაბილონის გოდორს დაემსგავსა. ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ტრაგიკულია, მაგრამ როდესაც ასეთი პროცესები იწყება, ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ ამ ქაოსიდან რაღაც კარგი მივიღოთ.
ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ შემდეგ წელს ყველა როგორ დავიწყებთ. ახლა ვართ გარდამავალ ეტაპზე, საიდანაც სხვადასხვა სცენარის განვითარების მოლოდინში უნდა ვიყოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ბევრი ადამიანის თავი დაგორდეს.
„რ“:მოსამართლეების თემამ რა პრობლემამდე შეიძლება ქვეყანა და ხელისუფლება მიიყვანოს?
გ.ხ.: მურუსიძე ერთი არ არის, ეს არის პრობლემის დავიწროვება. ეს ადამიანი მანკიერების სიმბოლოდ იქცა და ეპიცენტრში ამიტომ აღმოჩნდა. ბოროტების სათავე ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოა, სადაც 11 მურუსიძე ზის. ეს ადამიანები მზად არიან, რომ ხელი ნებისმიერ რაღაცას მოაწერონ. ეს არის მთავარი პრობლემა.
ჩვენ თუ სასამართლოში რაღაცის გაკეთება გვინდა, მურუსიძეს კი არ უნდა ვეჭიდაოთ, იუსტიციის საბჭო უნდა დავითხოვოთ. ეს ხალხი დგას და გვიმტკიცებენ მურუსიძეს დანაშაული აქვს თუ არა ჩადენილი. ამ კითხვაზე ლაპარაკსაც აზრი არ აქვს.
მოსამართლის რეპუტაცია ყველაფრის განმსაზღვრელია. როდესაც ადამიანს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა დანაშაული ჩადენილი, მისი რეპუტაცია ნულის ტოლფასია და ის მაინც მოსამართლის მანტიას ეპოტინება, აქ არის მთელი პრობლემა. თუ საზოგადოებისგან მას ეს მანტია არ ერგება, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ.
რა თქმა უნდა, ხელისუფლება გონს თუ დროზე არ მოეგო, მას ეს პრობლემა სრულიად გადაიყოლებს. აქ რადიკალური სისტემური გადაწყვეტილებებია მისაღები. მურუსიძე თუ არა, მასზე უარეს მოგვიყვანენ.
„რ“: ეკლესიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე მინდა გკითხოთ. მეუფეს პეტრეს და მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები... გარდა ამისა, მეუფე იაკობმა პირდაპირ პოლიტიკური განცახდებები გააკეთა და თქვა, რომ გახარია პრემიერი ვერ გახდება და ის რუსეთის კაცია. რასთან გავქვს საქმე? რაიმე ახალ საკნდალს უნდა ველოდოთ?
გ.ხ.: საერთოდ, ჯანსაღი სისტემის პირობებში, საერო და სასულიერო ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად გამიჯნული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არ არის კარგი მოსასმენი, როდესაც სასულიერო პირები სრულიად აშკარად, საერო და სახელისუფლებო კომპეტენციაში გადადიან. ისევე, როგორც არ არის სასურველი, როდესაც პირიქით ხდება.
იგივე მეუფე იაკობმაც აღნიშნა, რომ ვიღაც ბიზნესმენები ეკლესიის ცხოვრებაში ერევიან. მეუფე იაკობს მგონია, რომ სიტყვა გაექცა და გახარიასთან დაკავშირებით რაღაც ღრმა არ უგულისხმია. აქ ჟურნალისტთან ურთიერთობის გამოუცდელობამ იმუშავა. მან იმაზე მეტი თქვა, ვიდრე უნდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ძალიან ნანობს.
„რ“: 2019 წელი ოპოზიციისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც ძალიან მძიმე იქნება, რადგანაც საპარალმენტო არჩევნები მოდის და პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო დინამიური იქნება. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით და როგორ უნდა გამოჩნდეს უკვე ახალი წლიდან ივანიშვილი და რა რადიკალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რათა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს?
გ.ხ.: ივანიშვილი, რომ არ გამოჩნდეს შანსი არა აქვს. ის ახლა დილემის წინაშე დგას. გამოჩნდება თუ არა, პასუხისმგებლობას საზოგადოება მაინც მას დააკისრებს. აქედან გამომდინარე არგამოჩენას რა აზრი აქვს?!
ის აქტიური უნდა იყოს, რადგანაც საქმე ძალიან ცუდად არის. მას პოლიტიკურად საქმე ძალიან მძიმედ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ნდობისა და ავტორიტეტის დასაბრუნებლად ისაა, რომ მან ისნტიტუციონალური წესრიგი უნდა აღადგინოს. ამისთვის ის პრემიერი უნდა გახდეს.
ეს მას გარკვეულ შანს მისცემს, რომ ის კითხვები, რაც ხელისუფლების და მისი მისამართით ისმის, პასუხგაცემული იქნას. ფაქტობრივად, ჩვენ მისგან სისტემურ პასუხებს ველით - რას შვრება ის ხელისუფლებასთან მიმართებაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლოსთან მიმართებაში.
რაც შეეხება კონკრეტულად მურუსიძის უდანაშაულებას, მოკლე მეხსიერება არავის აქვს. ამიტომ ვურჩევ ივანიშვილს, რომ ახალი წლიდან ძალიან აქტიურად და სწრაფად პოლიტიკურ პროცესებში ჩაებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა და ყველაფერი დაზიანდება.