ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტები, ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ - პირველად 25 და მეორედ 29 დეკემბერს. მანამდე ლუკაშენკოს საკმაოდ მკვეთრი პოზიციები ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით. 24 დეკემბერს მან განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ძველებური ურთერთობა ვერ გაგრძელდება. თუმცა, 29 დეკემბერს პუტინთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ მხოლოდ იხუმრა.
ბოლო თვეებში რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობების დაძაბვის, ორი ქვეყნის პირველი პირების დეკემბრის შეხვედრებისა და ამ შეხვედრების შემდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე პოლიტიკურ ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთმა ბელორუსის „გადაყლაპვა" დაიწყო და ეს პროცესი მომავალ 2019 წელს უფრო მასშტაბური გახდება.
აღსანიშნავია, რომ 29 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ, რომელიც კრემლში გაიმართა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იხუმრა როდესაც თქვა, რომ მობეზრდათ ერთმანეთთან ურთიერთობა.
ვლადიმირ პუტინის თქმით კი დამშვიდობებისას მან ლუკაშენკოს ჰოკეის თამაშიც შესთავაზა, მაგრამ ბელორუსის ლიდერმა უარი უთხრა და მალევე დაბრუნდა მინსკში, რადგან საახალწლოდ მომზადება უნდა გაეგრძელებინა:
„შევთავაზე, მაგრამ მან (ლუკაშენკომ) მითხრა, რომ სახლში უნდა იყოს, რადგან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და ბევრი საქმე აქვს. მაგრამ შევთანხმდით, რომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ჰოკეითაც ვითამაშებთ და თხილამურებითაც ვისრიალებთ", - თქვა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთსა და ბელორუსს შორის კონფლიქტი დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც ფედერაციამ განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტებს ბელორუსს დაბალ ფასად აღარ გადასცემდა და დამატებით გადასახადს მოსთხოვდა.
ამ საგადასახადო მანევრის გამო, ლუკაშენკოს განცხადებით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ბელორუსმა დაახლოებით 4.5 მლრდ დოლარი დაკარგა. წინასწარი გამოთვლებით კი, თუ სიტუაცია არ შეიცვლება 2024 წლამდე ბელორუსი კიდევ 10.5 მლრდ დოლარს დაკარგავს.
ბელორუსი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ლუკაშენკოს მმართველობისას ჩამოყალიბებული ქვეყნის ეკონომიკური მოდელის რღვევის დაწყებას მოასწავებს. პროცესები ისე ვითარდება, რომ გარდაუვლად გულისხმობს ბელორუსის კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებას რუსეთთან, მისი ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ კიდევ უფრო მეტ დამოკიდებულებას მოსკოვის კეთილ ნებაზე, რაც საბოლოოდ რუსეთს ბელორუსზე სრული ეკონომიკური და შესაბამისად, პოლიტიკური კონტროლის დამყარების საშუალებას მისცემს.
გარკვეული თვალსაზრისით ამაზე მინიშნებები დეკემბრის შეხვედრების შემდეგ ორივე ქვეყნის პრეზიდენტების პრესსამსახურების მიერ გავრცელებულ პრესრელიზებშიც იყო. მათში ნახსენები იყო რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეთანხმება და ნათქვამი იყო, რომ პუტინი-ლუკაშენკოს საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ სამოკავშIრეო შეთანხმების შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას შეეხებოდა.
24 დეკემბერს ბელორუსიის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი მათ კონპენსაციის გადახდას დაჰპირდა საგადასახადო მანევრებისგან მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად. თუმცა, ამის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრესსამსახურში იმავე დღეს განაცხადეს, რომ მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა და მხოლოდ და მხოლოდ მსჯელობა იყო დაგეგმილი ამ საკითხთან დაკავშირებით.
25 დეკემბერს დახურულკარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ არც ალექსანდრე ლუკაშენკომ და არც ვლადიმირ პუტინმა არ გააკეთეს განცხადება, თუმცა 4 დღის შემდეგ, 29 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ღიმილით განაცხადა, რომ ახალ წლამდე შეხვედრის ერთგვარ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რასაც ლუკაშენკომაც დაუჭირა მხარი.
ამავე შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთ-ბელორუსის მოლაპარაკებები გაგრძელდება და კიდევ ერთი შეხვედრა იანვარში, შობის შემდეგ შედგება.