"საზოგადოება ახლა გაიგებს, რომ ვიდრე ეს კადრები გავრცელდებოდა, მანამდე თითქმის წელიწადნახევრით ადრე ეს ადამიანი "ასავალ-დასავალის" ცხელ ხაზს დაუკავშირდა და პატიმრების წამებისა და უფლებადარღვევების შესახებ მუდმივად და სტაბილურად, თუმცა ინკოგნიტოდ აწვდიდა ინფორმაციებს. "იმ პერიოდში მე, ზაზა დავითაიამ, ჯერ კიდევ არ ვიცოდი ვინ იყო ჩემი კეთილი მეგობარი, რომელიც ინფორმაციებით მამარაგებდა - უკანონო პატიმრობიდან 2011 წლის 4 მარტს გავთავისუფლდი, როცა რედაქტორმა პატიმრების დასახმარებლად ცხელი ხაზის დაარსება შემომთავაზა. სულ რამდენიმე თვის გამოსული ვიყავი, "ფეისბუქში" უცნობი პიროვნება დამიმეგობრდა, მას უცნაური სახელი "ანტივირუს კასპერსკი" ერქვა...", - წერს გაზეთი "ასავალ-დასავალი" სტატიაში სათაურით "ანტივირუსმა" მიშავირუსი დაამარცხა! / ვლადიმერ ბედუკაძე "ასავალ-დასავალის" ცხელ ხაზს წელიწადნახევრის მანძილზე აწვდიდა წამების ამსახველ ინფორმაციას!
"დამიმეგობრდა და მაშინვე დამიმესიჯა კიდეც - "შენი მეგობარი ვარ, რუსთავის მე-6 ციხიდან - იქ ხომ იჯექი წელიწადნახევარი, სანამ კოლონიაში გადაგიყვანდნენ. თანამშრომელი ვარ, პირადად გიცნობ, მაგრამ სახელს ვერ გეტყვი. პატივს გცემ, რადგან ვიცი, ღირსეულად, გაუტეხლად იჯექი ციხეში. შენს გარდა სხვა პოლიტპატიმერბსაც ვიცნობ, ბევრს. ახლა გლდანში ვმუშაობ, მაგრამ ეს ხელისუფლება და მიშას რეჟიმი მეზიზღება". საუბარში "კასპერსკიმ" მითხრა, რომ "ცხელმა ხაზმა" ძალიან დააინტერესა, ინფორმაცია ვთხოვე და თანხმობაც მივიღე. მას მერე წელიწადზე მეტი გავიდა. ეჭვი რომ არავის აეღო, "ფეისბუქზე" მეგორობა გავაუქმეთ და საკონტაქტოდ "სკაიპი" ავიირჩიეთ. შეცვლილი ხმით მესაუბრებოდა და არც სახით მეჩვენებოდა. უამრავ ინფორმაციას და ფოტოს მაწვდიდა. უნდა ვაღიარო, ბოლომდე არ ვენდობოდი - მისი ინკოგნიტოდ ყოფნა მზღუდავდა, რასაც ის სპეცსამსახურებიდან გაშიფვრის პრევენციით ამართლებდა. მხოლოდ იმის ვაქვეყნებდი, რომლის გადამოწმებას სხვა წყაროებით ვახერხებდი - საერთო ჯამში ინფორმაციის 2/3 გამოუქვეყნებელი მაქვს", - წერს სტატიის ავტორი.
"როგორც კი ვიდეოკადრების სკანდალი აგორდა, მაშინვე მივხვდი, მის უკან ჩემი მეგობარი იდგა. მისი სახელი და გვარი - ვლადიმერ ბედუკაძე სწორედ მაშინ გავიგონე და როცა ტელეეკრანზე ჩემი ძველი მეგობარი ვიხილე, მაშინვე გამახსენდა მისი სიკეთეები ახალდაპატიმრებულს რომ გამიწია... ლადო ბედუკაძეზე, როგორც ციხის თანამშრომელზე ცუდის მთქმელი პატიმარი მე არ მეგულება. ის გულისხმიერების და კაცობის მანათობელ ლამპრად დარჩა ყველა მსჯავრდებულისთვის იმ უკუნეთში, სააკაშვილის დილეგი რომ ჰქვია! ამჯერად, "სკაიპში" უკვე ცნობილ ლადოს დავიკავშირდი და ექსკლუზიურად ვესაუბრე", - დასძენს სტატიის ავტორი.
"მინდა გითხრა, "ფეისბუქზე" გვერდი სპეციალურად შენთან დასაკავშირებლად გავაკეთე, როცა გადავწყვიტე ჯალათი თანამშრომლების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა წამომეწყო. ოღონდ მაშინ ის სკანდალური ფირები არ მქონდა. სხვათა შორის, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ჩანდა პოლიტიკურ არენაზე და ახლა ამაოდ ცდილობენ ჩემი ბრძოლა მატერიალურ დაინტერესებას დაუკავშირონ. მე შენ პირადად გიცნობდი მე-6 საპყრობილიდან. უდანაშაულოდ დაჭერილ მთელ თქვენს გუნდს ვაკვირდებოდი და თქვენი შეუპოვრობის გამო აღფრთოვანებული ვიყავი. ვიცოდი, რომ არ მიღალატებდი, თუნდაც ჩემი სახელი გცოდნოდა - სახელს კი მარტო იმიტომ არ ვამბობდი, მოყურადეს არ გავეშიფრე. გარდა ამისდა, შენს უსაფრთხოებაზეც ვზრუნავდი. როცა ადმინისტრაცია მამხილებელ წერილებს კითხულობდა, ჯერ განცვიფრება და მერე მრისხანება იპყრობდა - აწყობდნენ შეკრებებს, ბჭობდნენ, ვის შეეძლო შენთვის ცნობების მოწოდება. მკაცრად აფრთხილებდნენ და ემუქრებოდნენ ყველა თანამშრომელს, რომ არ დაინდობდნენ, როცა ვინაობა გამჟღავნდებოდა. ცოტა არ იყოს, მიჭირდა თავის შეკავება, როცა ოლანძღებოდნენ, მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვლადიმერ ბედუკაძე.
"დავიბადე თბილისში 1976 წელს, დავამთავრე 118-ე სკოლა. შემდეგ პოლიციის აკადემია დავამთავრე - სხვათა შორის, სააკოვს ჩემი წითელი დიპლომიც გავუგზავნე. სააკოვს შევახსენებ, საგზაო პოლიციაში პოლიციის აკადემიამ გამიშვა და ტყუილად ნუ მაყვედრის იქ მუშაობას. იქ ერთი წელი უმწიკვლოდ ვიმუშავე და მერე პენიტენციარულ სისტემაში გადმოვინაცვლე, თუმცა რეფორმირებული ინსტიტუტის ნაცვლად ჯოჯოხეთი ვიხილე! 6 სხვადასხვა დაწესებულებაში ვიმუშავე, ხოლო გლდანის ციხეში 2008 წლიდან ვმუშაობდი. პარალელურად, ბოლო ორი წელი უნივერსიტეტში, სასჯელაღსრულების კურსში ლექციებს ვუკითხავდი სტუდენტებს და ეს განსაკუთრებით მიჭირდა, რადგან სტუდენტებს კანონებზე, ღირებულებებზე, პატიმრის უფლებებზე ვესაუბრებოდი და თვალწინ მჯავრდებულთა წამების ეპიზოდები მიტრიალებდა", - დასძენს რესპონდენტი.
"ვიცი, ბევრი ჯალათი ისევ მუშაობს სისტემაში. მაგალითად ადგილზე რჩება ჯალათი მალხაზ ღვინიაშვილი (ლისი), კვლავ დირექტორის მოადგილეა ალეკო ჯანჯღავა. მგონი, არც გოჩა ბუთლიაშვილი წასულა სისტემიდან. რაც შეეხება ჩემს უკან მერაბიშვილის დგომას - სრული სისულელეა. თუ მერაბიშვილმა დამიკვეთა კადრების გადაღება, თამაზაშვილი და ივანიშვილი რაღა შუაშია. მერაბიშვილის რეაბილიტაცია როგორ უნდა მოხდეს, როცა 108 ადამიანი ჰყავს ჩახოცილი თბილისის ქუჩებში. ღმერთმა დამიფაროს, მასთან რამე ურთიერთობა მქონდეს", - აცხადებს ვლადიმერ ბედუკაძე და შეკითხვას - "კიდევ უნდა ელოდოს საზოგადოება შენგან სიურპრიზებს?" - პასუხობს:
"ახლა მინდა როგორმე არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს და ეს რეჟიმი მშვიდობიანად მოვიშოროთ. კი მოხსნეს, მაგრამ მაგრამ მაინც ახალაია მართავს ყველაფერს და ჯერ ბრძოლა არ დამთავრებულა. არჩევნების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, სააკოვს საქართველოში აღარ დაედგომება. ამიტომ არჩევნებამდე აღარ დავძაბავ სიტუაციას. სათქმელი ძირითადად ითქვა, თუმცა მათ მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულზე მას მერე ვილაპარაკებ, რაც ქართველი საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს მისი ნების გამომხატველი ხელისუფლების არჩევას შეძლებს".